პუტინის ახალი დოკუმენტი – ოპოზიცია საქართველოს საგარეო უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი

პუტინის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონზე ხელმოწერას თბილისში აფასებენ. ოპოზიცია ქვეყნის საგარეო უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

solva.ge

„რუსეთი მუდმივად ლახავს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აქ პრობლემა სხვა რამეშია, თუ რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამას. ჩვენ რამდენი ხანია საგარეო საქმეთა მინისტრს ვეძახით, რომ მოვიდეს უმცირესობასთან, გასცეს კითხვებს პასუხი,“-  განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობით მოსკოვთან თანამშრომლობს.

„ფაქტი იმდენად საგანგაშოა, ამდენადაც სამხედრო თანამშრომლობას ეხება საქმე. პუტინი ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც დაგეგმა, განიზრახა. ეს გამოსდის იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება არა თუ მხოლოდ პასიურია და ბუჩქებიდან აკვირდება ამ პროცესებს, არამედ თავისი უმოქმედობით მოსკოვთან თანამშრომლობს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ.

ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა დეოკუპაცია.

„ამ მიმართულებით როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს. ოპოზიციის კრიტიკა ყოველთვის იქნება კრიტიკა, რაც არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება რატიფიცირებას იმ ე.წ. ხელშეკრულებების, ნებისმიერი სამართლებრივი აქტი თუ ე.წ. სამართლებრივი აქტი, რომელიც გაფორმებულია რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ შორის არ არის აღიარებული, ეს არ არის საერთაშორისო აქტი, ეს არის ბათილი,“ – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

loading…
გააკეთე კომენტარი!