პროკურატურა: დავით ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოები გააყალბებინა მის შვილს

ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის თქმით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მისივე თქმით, სატელიტის ფოტოების დამუშავება ფურცხვანიძემ საკუთარ შვილს სთხოვა”

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფურცხვანძე ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს – “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი”. პროკურატურის თქმით, დაკავებულმა სატელიტის ფოტოები საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მზრიდან დაფინანსების მიღებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით გააყალბა.

“7 სექტემბერს დ.ფ.-მ სკაიპის საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურისვე განცხადებით, დაკავებულმა გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო ხსენებული ფოტოები:

“მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან,” – ამბობს გამოძიება.

პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა – მას უკვე შეძენილი ჰქონდა ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატურად აკუმულირებდა თანხას. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით აპირებდა, რის გამოც ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ფურცხვანიძისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე იშუამდგომლებს.

დაწერე კომენტარი