“პოლიტიკური უზნეობა, სისულელე და ჭორაობა”- “ოცნების” ლიდერების შეფასებები ბესელიას სკანდალურ განცხადებაზე

ვოლსკი-ბესელია

“ქართული ოცნების” წევრები “სისულელეს” და “ჭორაობას” უწოდებენ მათი ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც “”ქართული ოცნება” უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება”.

სოფო კილაძის თქმით, თუ ბესელიას ინფორმაცია აქვს ვინმეს შანტაჟის შესახებ, მიაწოდოს პროკურატურას.

“თუ ბესელიას ეს ინფორმაცია არ აქვს და ამას პოლიტიკური მიზნით აცხადებს, ეს არის ჭორაობა”- განაცხადა კილაძემ.

გია ვოლსკი კი ბესელიას განცხადებას “პოლიტიკურ ველზე დასარჩენისთვის ბრძოლას” უკავშირებს.

„თუ რაიმე ასეთი ინფორმაცია გააჩნია ეკა ბესელიას, აუცილებელია მიაწოდოს ან საზოგადოებას ან სულ მცირე გახადოს ეს ნათელი და ხმამაღლა განაცხადოს ამის თაობაზე. ასე საუბარი, რომ ვიღაცას აშანტაჟებენ, იმდენად არ ახასიათებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერას, რომ მიმაჩნია, რომ აქ უზუსტობას არ აქვს ადგილი, აქ არის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან უახლოვდება პოლიტიკურ უზნეობას. მან ამასთანავე, ძალიან კარგად იცის ვინ იწერდა პირად ცხოვრებას, ვინ ეხებოდა, ვის აშანტაჟებდა და ვისი ხელწერა იყო. როდესაც ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანწილად არის ტოლობის დასმა იმ მწამებელ მმართველობასთან, რომლის წინააღმდეგ თვითონ ეკა ბესელია საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ერთი პერიოდი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, კატეგორიულად ემიჯნება ბრალდებებს, რომელიც, “ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს”.

“პირადი ცხოვრების ან საერთოდ რაიმე პირადულის გამოყენება საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ სხვა მიზნებისთვის არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ სტანდარტში, ვერც მორალურ სტანდარტში ვერც ადამიანურ სტანდარტში ვერ ჯდება და ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ზოგადად, პირადი ცხოვრების გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში არის მიუღებელი. თუმცა, ამასთან ერთად მე კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს, რომელიც ქალბატონ ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. ის მიუთითებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა, ამ მეთოდებს მიმართავენ. რაც ასევე გამოძიებამ დაადგინა, დაადგინა მათ შორის ამ პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობაც, გავრცელებაზე მოხდა პირების დასჯა. შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფაქტების მიმართ არის მკაფიო, ცხადი და მგონია, რომ ზედმეტი სპეკულაცია არ არის საჭირო”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი