“პიზა” აფხაზეთიდან ქართველი ქურდების განდევნას ცდილობს – სისხლიანი დაპირისპირება ქურდული “ობშიაკისთვის”

როგორ მოგვარდება აფხაზი და ქართველი “კანონიერი ქურდების” სისხლიანი დაპირისპირება 

“პოლიტიკაში არეული ქურდული სამყ­არო და კრიმინალით გაჯერებული პოლიტიკა”, – ასე ეხმაურება აფხაზური მედია რეგიონში მიმდინარე კრიმინალურ პროცესებს. აფხაზეთში “კანონიერი ქურდებისა” და “კრიმინალური ავტორიტეტების” ბრძოლამ კარგა ხანია სახიფათო მასშტაბი შეიძინა. ცოტა ხნის წინ “კანონიერი ქურდის”, 52 წლის რაულ ბარცბას ავტომობილს ყუმბარსატყორცნი ესროლეს. როგორც ამბობენ, გასაფრთხილებლად…

ბარცბა ქურდულ სამყაროში “პიზას” მეტსახელით არის ცნობილი და წლებია, აფხაზეთში გავლენიან ქართველ, ასევე ე.წ. კანონიერ ქურდ ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე ნიკა გაგრინსკისთან არის დაპირისპირებული. არსებული ცნობით, ბოლო შემთხვევაც შურისძიებას უკავშირდება. თუმცა, საქმე უფრო რთულადაა და პიროვნულ დაპირისპირებას ეთნიკური და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

რუსული გამოცემა პრიმეცრიმე.რუ-ის ცნობით, ბარცბასთვის მიუღებელია, რომ აფხაზეთში თანხები არასწორად ნაწილდება. მას ე.წ. კანონიერი ქურდების მოშორება სურს, განსაკუთრებით გალის რაიონიდან, სადაც

ცოტა ხნის წინ ის 300-მდე თანამოაზრესთან ერთად ჩავიდა. მათ შორის იყვნენ რეგიონში გავლენიანი პირები – მისივე “ნათლული” ასტამურ შამბა (“ასტიკი”) და ალხაზ ავიძბა (“ხასიკი”). მოსახლეობა მათ “სამეულად” მოიხსენიებს და ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ავტორიტეტები არიან. ბარცბას “სამეულმა” ქართველი ქურდებისგან “ობშიაკი” მოითხოვა. ობშიაკის ბარცბასთვის მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, გალელი მურმან ლემონჯავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარცბას “გალში ვიზიტი” შეტაკების გარეშე ვერ ჩაივლიდა. დაპირისპირება თავიდან რომ აერიდებინათ, რუსეთიდან გალელმა ქურდმა კახაბერ ფარფალიამ დარეკა და მათ თანხის ბარცბასთვის გადაცემა ურჩია… აფხაზური მედიის ცნობით, თანხა, რამდენიმე ათეული ათასი­ დოლარი, გალელი თხილის გამყიდველე­ბისგან არის აგროვებული… ითქვა, რომ მშვიდობა, რომელიც ფარფალიას ძალისხმევით შენარჩუნდა, დროებითია.

 

ცნობისთვის: იმ ათი ე.წ. კანონიერი ქურდიდან, რომლებიც ბოლო წლებში აფხაზეთში მუდმივად ცხოვრობდნენ, ამჟამად ექვსი დარჩა. მათგან ოთხი აფხაზია, ორი – ქართველი და ყველა მათგანზე­ ლიდერობას ცდილობს ბარცბა. მიიჩნევს, რ­ომ რეგიონში აფხაზის სიტყვა გადამწყვეტი უნდა იყოს.

 

“თუ ქურდულ სამყაროში, პოლიტიკასა და ეკონომიკაშიც ერთიანი ვიქნებით, ბიუჯეტში მეტი “შავი ფული” წავა”, – ამ ნახევრად ირონიული სათაურით შეეხმიანა­ ადგილობრივი გამოცემა რეგიონში ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ გავლენების გადანაწილებას. აფხაზური მედიის ცნობით, აღარავის უკვირს, რომ რეგიონში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, “კანონიერი ქურდები” და პოლიტიკოსები სხვადასხვა საკითხს­ ერთობლივად წყვეტენ. ამიტომაც ის, რომ ბარცბა, იგივე “პიზა”, აფხაზეთში გავლენებს იძლიერებს,­ ე.წ. ხელისუფლების პირდაპირი დამსახურებაა.

 

მურმან ლემონჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ხელშეუხებელ ფიგურად ითვლებოდა. შესაბამისად, ეთნიკურად და პოლიტიკურად მოტივირებულ ბარცბას, სურდა თუ არა, მისთვის ანგარიშის გაწევა უწევდა… არსებული ცნობით, ე.წ. ქურდული კანონები ადამიანებს ეროვნების მიხედვით არ ყოფს, რაულ ბარცბა კი სწორედ ეთნიკური მიდგომით გამოირჩევა, რასაც მისი “კოლეგები” კატეგორიულად აპროტესტებენ.

 

ბარცბასთან შეჯახებას ვერც გაგრელი ქართველი ნიკოლოზ დგებუაძე გადაურჩა. ბარცბა წინააღმდეგი იყო, დგებუაძეს გავლენა ჰქონოდა აფხაზეთში. ნიკა გაგრინსკი­ უკან არ იხევს და როგორც მშობლიურ ქალაქში, ასევე რეგიონში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

 

გასული წლის 24 აგვისტოს გუდაუთაში­ ე.წ. ქურდების შეხვედრისა და გავლენების გადანაწილების შესახებ მოლაპარაკების მცდელობა სისხლიანი გარჩევით დასრულდა. მაშინ ნიკა გაგრინსკი დაჭრეს. სიკვდილს გადაურჩა მის მხარდასაჭერად თურქეთიდან გუდაუთაში ჩასული კიდევ ერთი “კანო­ნიერი ქურდი” რაშად ისმაილო­ვი. ის აზერბაიჯანული კლანის წევრია და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდის”, ნადირ სალიფოვის სახელით არის ცნობილი… მაშინ ბარცბას კრასნოდარიდან და სტავროპოლიდან ჩამოსული ქურდებიც გაუსწორდნენ,­ მაგრამ მან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც კიდევ ორი “ავტორიტეტი” – რაშიდ ალიევი (რაშად გიანჯინსკი) და რომან დმიტრიევი (რომა სტავრო­პოლსკი) დაიჭრნენ. შეხვედრა მიმდინარეობდა ერთ-ერთი კრიმინალის სახლში, რომელიც “ნეიტრალურ ზონად” ითვლება. მასზე აფხაზური მილიციის იურისდიქცია არ ვრცელდება… აფხაზები მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ მათ კონფლიქტს გაგრძელება მოჰყვებოდა, რადგან ნიკა დგებუაძე აფხაზეთში “კანონიერი ქურდების” მიწვევით იყო ჩასული, მისი ცემა კი მათი ავტორიტეტის ხელყოფას ნიშნავს… ასე რომ, სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, სალიფოვმა ბარცბას შეუთვალა, შენი დღე აუცილებლად დადგებაო. რუსული მედიის ცნობით, მისი სასტიკი ბუნებიდან გამომდინარე, სალიფოვი ასეთ დაპირებებს აუცილებლად ასრულებს… მით უფრო, რომ მას მიზეზი აქვს, ბარცბას პასუხი მოსთხოვოს – 28 აგვისტოს სალიფოვმა დაბადების 46-ე წლისთავი აღნიშნა, თუმცა აფხაზეთიდან საჩუქარი არ მიუღია და არც მას მიუწვევია იუბილეზე აფხაზი “პიზა”.
კვირის პალიტრა
loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, დღეს გარდაიცვალა
ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის შეუდარებელი შესრულება - "მხოლოდ ქართული" (ვიდეო)
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
დაწერე კომენტარი