ერთპალატიანი პარლამენტი VS ორპალატიანი პარლამენტი

მსოფლიო საზოგადოება არაერთხელ დამდგარა დიდი არჩევანის წინაშე, დიდი მნიშვნელობის დილემად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ორ და ერთ პალატიან პარლამენტთა შორის უპირატესობის განსაზღვრის საკითხი, რომლის მიმართაც იურისტებს შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ბუნებრივია, თითოეული სისტემა მოიცავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ნიშან-თვისებას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, შეუძლებელია თეორიულ დონეზე, დაბეჯითებით გაესვას ხაზი რომელიმე მათგანის უპირატესობას, რამდენადაც თითოეულის აღმატებულება მეორის მიმართ კონკრეტულ სახელმწიფოში მისი ქმედითობის გაანალიზების შედეგად უნდა დადგინდეს.
თანამედროვე სახელმწიფოებში პარლამენტთა ნაწილი მონოკამერულია (ერთი პალატისგან შედგება) ნაწილი კი – ბიკამერული (შესაბამისად, მათში ორი პალატა ფუნქციონირებს). დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტარიზმის ისტორია იცნობს მრავალპალატიან პარლამენტებსაც, როგორიც იყო ბოლივიის 1826 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული სამპალატიანი სისტემა (რომელიც უშუალოდ სიმონ ბოლივარის თაოსნობით იქმნებოდა), ანდაც, პარლამენტის რეკორდული – ხუთი პალატა, რომელიც იუგოსლავიის პრეზიდენტის იოსიპ ბროზ ტიტოს დროინდელი 1974 წლის კონსტიტუციით იყო დადგენილი. თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნულ სისტემებს მსოფლიოს სახელმწიფოთა აღტაცება არ გამოუწვევია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსმა ჩანაწერებმა კონსტიტუციის ტექსტებიდან მტვრიან თაროებზე მალევე გადაინაცვლა.
ორპალატიანი პარლამენტები ძირითადად ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა პარლამენტის ორი პალატის კონსტიტუციურობა არაფედერაციულ ქვეყნებშიც არ არის საკამათო. პარლამენტის დაყოფა საკანონმდებლო ორგანოს ძალაუფლებას აწონასწორებს და კანონპროექტის მრავალჯერადი წაკითხვის მსგავსად, სიფრთხილესა და დაკვირვებულობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, დაყოფით ნაჩქარევი გადაწყვეტილების ალბათობა მცირდება . საფრანგეთის 37-ე პრემიერ-მინისტრი ლეონ გამბეტა მეორე პალატას „პარლამენტური მმართველობის საფუძველსაც“ კი უწოდებდა, რადგანაც სწორედ მეორე პალატა უშლიდა ხელს წარმომადგენელთა პალატის მიერ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.
ანდრაშ შაიოს თუ დავუჯერებთ, კონსტიტუციონალიზმი გამოცდილებით, მათ შორის წარუმატებელი გამოცდილებით, სავსე სკივრია, მაგრამ იგი არ არის მზა რეცეპტების კოლექცია. მას არ შეუძლია რომელიმე კონსტიტუციის და მასში ჩაქსოვილი სახელმწიფო პრაქტიკის შესახებ მზა რეკომენდაციების მოწოდება, შესაბამისად, კონკრეტული მიდგომის (ამ შემთხვევაში პარლამენტის პალატათა ოდენობის) შერჩევისას, კანონმდებელს არ სჭირდება გამომგონებლის როლის მორგება და სახელმწიფოს ექსპერიმენტის ობიექტად ქცევა, არამედ საკმარისია, მან უბრალოდ დაინახოს და სწორად გააანალიზოს ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობა და შესაბამისად, „სკივრში“ დაგროვილი მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილების რაციონალურად გამოყენების გზით, სათანადოდ გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათ შორის პარლამენტის პალატათა ოდენობის განსაზღვრა კონკრეტულ სახელმწიფოში უნდა მოხდეს უკვე არსებული მსოფლიო პრაქტიკისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემოს ერთობლივი გაანალიზების შედეგად.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

 

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. ანალოგიურ დათქმას იზიარებს 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც (იმ განსხვავებით, რომ თუკი კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებას ორ პირობას უკავშირებს: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებას, შემუშავებულ კანონპროექტში ეს უკანასკნელი აღარაა მოხსენიებული, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უკვე განხორციელდა).
იმის გაანალიზებას, რომ აღნიშნული დათქმა ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოს კონსტიტუციის ურყევი ნაწილია, მივყავართ დასკვნამდე, რომ სახელმწიფოში ორპალატიანი პარლამენტის არსებობა კანონმდებლის მუდმივი, ისტორიული მისწრაფებაა, რომლის განხორციელებაც, მიუხედავად დიდი სურვილისა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ჯერ-ჯერობით ვერც ერთი საკონსტიტიციო რეფორმის ფარგლებში ვერ მოხერხდა.
არასწორად მიმაჩნია ორპალატიანი პარლამენტის შემოღების საკითხის პირდაპირი დაკავშირება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან (რასაც, როგორც წესი, მოიაზრებენ ხოლმე „ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის“ ცნებაში). სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ახლოვადიან პერსპექტივაში საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაკლებსავარაუდოა, სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დათქმა არ უნდა ვაქციოთ ქვეყნის საპარლამენტო სისტემის განვითარების შემაფერხებელ ნორმად, რამდენადაც, თუნდაც იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო იურისდიქციის აღდგენის მთავარ წინაპირობას სახელმწიფოს გაძლიერება, სახელმწიფოს გაძლიერების საფუძველს კი უპირველეს ყოვლისა ინსტიტუტების სიმყარე წარმოადგენს. შესაბამისად, კანონმდებლის ძირითადი მიზანიც სწორედ ყოველივე ამის უზრუნველყოფა უნდა იყოს.

წყარო:https://civicuscela.wordpress.com

loading…
გააკეთე კომენტარი!