პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – მოკლე ისტორია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris) — გოტიკური საკათედრო ტაძარია კუნძულ სიტეზე, რომელსაც პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე სენის ორი ტოტი, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის პარიზის ეპარქიის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია.

ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. იგი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა 1182 წელს, მთავარი კორპუსი კი – 1196 წელს. დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა 1208 წელს, ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. ძეგლმა მრავალნაირი გადაკეთება განიცადა. განახლდა XIX საუკუნის შუა წლებშიც კი. ძირითადად იგი იგებოდა ლაონის კათედრალის (XII ს.) ნიმუშით, რომელსაც ადრეული გოტიკის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არ აქვს მისი სიმსუბუქე და სინარნარე. ვერც შემდეგი დროის (XIII ს. შუა წლებში) არქიტექტურებმა შეძლეს დაეძლიათ მისი მასიური სიმძიმე, როდესაც მის წინახედს ამთავრებდნენ. როგორც იქნა, ჟან დე შელმა და პიერ დე მონტერიელმა შეძლეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავიანთი დროის შესაფერისად მიეღწიათ განივი ნავის ფასადის გოტიკური სიმსუბუქისათვის.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული; აქვს 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებს სამი შიგნით შეღრმავებული ისრულკამარიანი მთავარკარი, ზემოთ – ოცდარვა სამეფო წალოს – ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი – ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელია; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, არის მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებულია მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართულია და მთელ ფასადს აგვირგვინებს ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ). ამ ორ კოშკს შორის დატოვებული სივრცე კიდევ უფრო დიდ შტაბეჭდილებას ახდენს. ხოლო მათ შორის უკან შუაჯვარედინზე აღმართული მოჩანს წვრილი შპილი (წვეტი). პატრონიკე და სიგრძივი ნავი ერთ მთლიანობად არის შეკრული და განივი ნავიც კი ეკლესიის შინამოში არის შეტანილი. ამით ტაძრის შიგნით სივრცე ერთიანი ხდება. ეკვდერები კედლის ბურჯ გოდლედებს (კონტრფორსებს) შორის ხუთნავიან სიგრძივ ნავთან და პატრონიკესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტს ქმნის. თაღის სივრცის სიმაღლე აღწევს 32.5 მეტრს. გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება გამოირჩევა თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.

პოპულარული

"ბავშვი იყო გაგუდული, ჩაბრუნებული ლოგინში... ბანაობდა დედა, რომ გამოვიდა ნახა ამ მდგომარეობაში"- 3 თვის ბავშვის გარდაცვალების დეტალები
"პოლიტიკის დედაც ჯეკ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ანუკი არეშიძეზე
"ამ კვირაში იქნება 3 საბედისწერო დღე" - მიხეილ ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს (ვიდეო)
ზუგდიდში 56 წლის დედამ 29 წლის შვილი სცემა - მოძალადე დაკავებულია
დაწერე კომენტარი