პაატა იმნაძე სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

პაატა იმნაძე

სახელმწიფო ოქტომბრის ბოლოს, გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის განმარტებით, ვირუსების გავრცელების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არც ახლაა და არც ზამთარში იქნება.

პრევენციისთვის კი, ხელების ხშირი დაბანვაა საჭირო.

რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, იმნაძის თქმით, ვაქცინები კომერციულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქსელებში.

„ვირუსები არის ყოველთვის. თუმცა, შემოდგომაზე როგორც კი ცივი ამინდები დაიწყება და ბევრი ხალხი ერთად შეიკრიბება, ვირუსები გააქტიურდება. ჩვენთან სერიოზული მატება ნოემბრის ბოლოდან იწყება, მერე დეკემბრის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ, ისევ ჩაწყნარდება და შესაძლოა, დეკემბრის ბოლოსაც მოიმატოს. ამ კვირაში ამბულატორიული დახმარებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით, არ განსხვავდება.

გასულ კვირას ძირითადად ცირკულირებდა ადენო და რინო ვირუსები, რაც გაცივებას იწვევს.

სიმპტომებია: ტემპერატურა, სურდო, ყელის ტკივილი, თვალების წვა. არავითარი სპეციფიური მკურნალობა არც ადენო და არც რინო ვირუსების შემთხვევაში არ არსებობს. ბოლო კვირაში წამყვანია რინო ვირუსები. უფრო კონკრეტულად, სურდოს შემთხვევა თუ ბევრია, ითვლება, რომ უფრო რინოვირუსია, თუ თვალების კონიუქტივიტია, მაშინ უფრო ადენო უნდა იყოს, მაგრამ არც ადამიანისთვის და არც ექიმისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი თუ გაციებულია, ის უნდა იყოს სახლში. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში და სკოლაში და დიდი არ უნდა იყოს სამსახურში“,- განმარტა იმნაძემ.
primetime.ge

დაწერე კომენტარი