ოპოზიცია საყდრისის გადარჩენისთვის ერთიანდება – ერთობლივი მიმართვა ეკონომიკის სამინისტროს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრსა და საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

განცხადებას ხელი 13-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მოაწერა და იგი ეკონომიკის სამინისტროში უკვე შეიტანეს. განცხადებაში საუბარია დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემაზე აუქციონის გამოცხადებაზე. განცხადებაში ხელმომწერები ეჭვს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მიზანია კომპანია “RMG Gold”- ს სამართლებრივად დაუდასტურონ მის მიერ უკვე მისი სარგებლობის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით დაწყებული სამუშაოები:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს

ასლი: საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკატერინე სისაურს

განცხადება

ბატონო დიმიტრი,

ქალბატონო ეკატერინე,

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოცხადდა, რომელიც 5 დღეში სრულდება .

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ მითითებული ქონების ათწლიან სარგებლობაში იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დახურულ კარს მიღმა, რაც მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველია. აუქციონის პირობებში განსაზღვრული არ არის, მოიჯარეს, კონკრეტულად რა ფორმით შეეძლება აღნიშნული მიწის ნაკვეთით და იქ არსებული ტყის რესურსით თუ წიაღისეულით სარგებლობა.

ჩვენ ეჭვებს, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მიზანია კომპანია “RMG Gold”- ს სამართლებრივად დაუდასტურონ მის მიერ უკვე მისი სარგებლობის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით დაწყებული სამუშაოები, ამყარებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის ##07/782 წერილი, რომელშიც გიორგი ტატუაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, აღნიშნავს: “აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის სივრცეს, ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელნი, რადგან ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ (უძრავი ქონების ირგვლივ) შპს ,,RMG GOLD“-ი აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა ფაქტიურად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე (ტერიტორია ფაქტიურად არის წიაღით სარგებლობის უბანი – სამთო მინაკუთვნის არეალი)”.

შესაბამისად, კომპანია “RMG Gold”- ს ტერიტორია უკვე აქვს ფაქტობრივ ფლობაში და აქუციონის გამოცხადებაც, ფაქტობრივად გვიდასტურებს იმას, რომ თითქმის უფასოდ (15 000 ლარი) 16.2 ჰა ტყის ტერიტორია გადაეცემა კომპანიას, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს კანონმდებლობის დარღვევით, ღია კარიერული წესით, ანადგურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “საყდრისის კომიტეტმაც”. მიგვაჩნია, რომ კომპანიას, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, არ იხდის მის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხელისუფლებამ არ უნდა შეუქმნას სასათბურე პირობები და ფაქტობრივად უფასოდ არ გაუფართოოს სამუშაო არეალი. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუცვლელობის შემთხვევაში დადასტურდება ის ფაქტი, რომ ადგილი აქვს კერძო კომპანიების უკანონო მფარველობას. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო სსიპ – სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით იცავს კერძო კომპანიის ინტერესებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე.

ამდენად, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტებრის #391 დადგენილების “სსიპ – საწარმოთა მართვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” პირველი მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით, მოგმართავთ წინადადებით ძალადაკარგულად აღიაროთ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულენის მიწის იჯარით გაცემაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელს აწერენ:

ახალი მემარjვენეები

ახალი საქართველო

ევროპული დემოკრატები

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი საქართველო

ლეიბორისტული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

რესპუბლიკური პარტია

სამოქალაქო ალიანსი თვისუფლებისათვის

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი