ოპოზიცია: სანაიაზე თავდასხმა ივანიშვილის რეჟიმის უკიდურესად საშიში გარემოს შედეგია

ვახო სანაია

ოპოზიციური პარტიები ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ “ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა”.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა.

“განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით. ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი , ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ტრიბუნა, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ახალი ქრისტიან დემოკრატები, სამართლიანობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, გირჩი-თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, შალვა შავგულიძე.

ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

დაწერე კომენტარი