ომის გმირები: უშანგი(შმაგი) სოფრომაძე

შმაგი სოფრომაძე

ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი… გადმოატრიალა მეგობარი და… ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ… არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო. „დეტალური, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, არ ვიცი, რა ვითარებაში დახვრიტეს, რამდენი ტყვია ესროლეს, ან როდის დახვრიტეს, 10 აგვისტოს თუ 12 აგვისტოს, ვერ დაადგინეს“, – მიამბობს შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე. უმცროსი სერჟანტი იყო. ახლა გმირია. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს… გმირის ოჯახში ორი პატარა ბიჭი დარბის. 3 წლის გიგი და 2 წლის ზაზა. პატარა გიგიმ ტანით იგრძნო ტრაგედია – მამა რომ ტყვედ ჩავარდა, სიცხე მისცა. ნატრობდა, კითხულობდა, მამა სად არისო. თეა ტაბატაძე: „გიგი დღემდე მეკითხება, „დე, შაგი სად არის?..“ სულ ვეუბნები, ღამე რომ გძინავს, მოდის და გეფერება-მეთქი. მაგ იმედით არის. „ახლა რო დავიძინებ, მალე უნდა გავიღვიძო, რო შაგი ვნახო და მეც მოვეფეროო“. ხიფათებითა და თავგადასავლებით სავსე ბავშვობა თერჯოლის რაიონში, სოფელ ძევრში გაატარა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, თბილისში, კოლეჯში განაგრძო სწავლა, თან მამას ეხმარებოდა. ეხმარებოდა ყველგან, სადაც კი მამა მუშაობდა. 20 წლის იყო, 19 წლის თეა ტაბატაძე რომ გაიცნო ტელეფონით. „მეგობართან უკამათია, ნორმალური, ოჯახის გოგოები აღარ არსებობენო. მეგობარმა მისცა ჩემი ნომერი, აი, დაურეკე და ნახავ, თუ არ არსებობენო… დამირეკა. პირველად გავუთიშე. კი ვინანე, რატომ გავუთიშე, რა კარგი ხმა ჰქონდა-მეთქი. მეორედ გადმორეკა. გახარებია, პირველად რომ გავუთიშე და ეგრევე არ ავყევი. მერე დაიწყო ჩვეულებრივ, „საიდან გაქვს ჩემი ნომერი“, თავიდანვე ყველაფერი გულწრფელად მითხრა, არაფერი დაუმალავს, თავიდანვე გახსნილი იყო ჩემთან… ძალიან მიზანდასახული და იმავდროულად სულსწრაფი, რასაც მიზნად დაისახავდა, აღწევდა კიდეც. საკუთარ თავში დარწმუნებული, მამაკაცური იყო ძალიან… ზუსტად არც ვიცი, რით მომხიბლა. მართალი გითხრათ, პირველად რომ ვნახე, არ მომეწონა, მაგრამ მერე თვითონ მიყვებოდა, პირველი ნახვიდანვე შემიყვარდიო…“ მაშინ შმაგი ჯერ კიდევ არ იყო ჯარისკაცი. თეას უთქვამს, ნუ დადიხარ უსაქმურადო და შმაგიც მალევე შევიდა ჯარში, ჯერ ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ გორის სატანკო ბატალიონში გადაიყვანეს… „არანაირ საქმეს არ თაკილობდა, ცოლად რომ მივყვებოდი, ზუსტად ვიცოდი, ოჯახს არასოდეს მოაშიებდა, არაფერს იუკადრისებდა…“ – ამბობს თეა. მშობლები წინააღმდეგი არ ყოფილან, მაგრამ მოცდას ურჩევდნენ. თან თეას მამა საზღვარგარეთ იყო და თეასთვის ყურადღების მიქცევა ნათესაობისთვის ჰქონია დავალებული. ჰოდა, სასიძოსაც მთელი სანათესაო ჩამოუვლია, ყველასთვის სათითაოდ უთხოვია თეას ხელი, მხარდამჭერებს აგროვებდა სასიმამროსთან. „სულსწრაფი იყო, დროს რატომ ვკარგავთო, ისედაც ბევრი ვიცადეო, ამბობდა, ერთი წელი მისთვის ცოტა კი არა, ბევრი იყო… ვიქორწინეთ, პატარა სუფრა გვქონდა“, – იხსენებს თეა. „იდეალური ქმარი და მამა იყო. გორში მსახურობდა, შეეძლო, იქ დარჩენილიყო და შაბათ-კვირას ევლო, როგორც სხვები დადიოდნენ, მაგრამ ის ყოველდღე ჩამოდიოდა სახლში და ყოველ დილით, 6 საათზე დგებოდა და ისევ მიდიოდა… რომ მოვიდოდა, იმის მაგივრად, რომ შესულიყო და დაესვენა, გამოეძინა, ჩვენთან ერთად იყო. რამდენჯერ ჩასძინებია მჯდომარეს. ვეუბნებოდი, შედი, დაისვენე-მეთქი, არა, თქვენთან მირჩევნია ყოფნაო… რამდენჯერ კილომეტრები უვლია ფეხით, რომ ჩვენთან მოსულიყო“. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე ერთი ბიჭი შეეძინათ, მეორე წელს – მეორე. მეორე ბიჭისთვის შმაგის თავისი ინიციატივით დაურქმევია სიმამრის სახელი. „გაუხარდება, მთელი ცხოვრება ბიჭზე ოცნებობდა და ჩვენ ვაჩუქოთ ერთი ბიჭიო“, – იხსენებს თეა. „2 კვირის გადმოსულები ვიყავით, ვარემონტებდით, წესიერად არც გვიძინია, 4 აგვისტოს თერჯოლაში წავედით, 5-ში ყაზარმული გამოცხადდა და წამოიყვანეს. ტელეფონი სახლში დარჩა. მეგობრების ტელეფონებზე თუ ვუკავშირდებოდი. ყველანი გაფრთხილებული ჰყავდა, გვიმალავდნენ, რომ წინა ხაზზე იყო. 6-ში რომ დამირეკა, ძალიან მოწყენილი იყო, დავემშვიდობე, რაღაცას მეუბნებოდა, რომ გავთიშე. გადარეკვა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე, მერე დავურეკავ-მეთქი და ვეღარც დავურეკე… როგორც შემდეგ ჩვენი ახლობლის ძალისხმევით შევიტყვეთ, 7 აგვისტოს ერედვში იყო… ისეთი ხიფათებიდან იყო გამოსული, წესით, ესეც უნდა გადაეტანა… ცხინვალიდან ჩამოსული ბიჭები ყვებოდნენ, როგორ მამაცურად იბრძოდა, იმ ტყვიების წვიმიდან ცოცხალი როგორ დაბრუნდა, არ გვესმისო. თან იმდენი საცეცხლე წერტილი გაუნადგურებია მტრისთვის…“ გმირის ცხედარი აგვისტოშივე გადმოასვენეს, დეენემის პასუხი ოჯახმა ოქტომბერში მიიღო. შმაგის ამბებს მხოლოდ თეა მიამბობს, დედა ცრემლად იღვრება. სიტყვას ვერ ანდობს, რაც ცრემლმა უნდა თქვას. მისი სიცოცხლის ბოლო წუთები ქართულ ცეკვას ჰგავდა, თავგანწირულ როკვას ბრძოლის ველზე…

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი