ომის გმირები: მერაბ ჭელიძე

მერაბ_ჭელიძე

არც პროფესიულ ფიცს უღალატა და არც სამშობლოსთვის მიცემულ პირობას. ქართველი მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად ომში წავიდა. სამხედრო ნაწილის ექიმი იყო და ბოლომდე მოიხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. მერაბ ჭელიძე თანამებრძოლებს უხვევდა ჭრილობებს, როცა აფეთქება მოხდა. მისი ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. მერაბ ჭელიძე 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა. ნათელა ჭელიძე, დედა: „რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად მსახურობდა. პროფესიით ექიმი იყო. აგვისტოს დღეებში, რომ გაიგო ჯარისკაცები გორში მიდიოდნენ, არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. როცა ტელეფონით გვიკავშირდებოდა, სულ გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა: „კარგად ვარ, არ ინერვიულოთო“, მაგრამ დედის გული ხომ იცით… ტელევიზორს ვუყურებდით მთელი დღე, ბევრს ვერაფერს ვიგებდით, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდით, იქ რაც ხდებოდა, თუმცა ჩემი შვილი ყველაფერს მიმალავდა. აბა, რომელ შვილს უნდა მშობლების ნერვიულობა?.. 9 აგვისტოს 12 საათზე გავიგეთ, რომ ჩემი ბიჭი დაიღუპა, ძმაკაცებმა გაგვაგებინეს. მერაბ ჭელიძე 1975 წლის 15 ოქტომბერს ხულოს რაიონში დაიბადა. თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე 7 წელი სწავლობდა. სწავლის მერე ჩამოვიდა და ერთი წლის შემდეგ ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილში დაიწყო მუშაობა. მესამე თვე იყო, ალბათ, ომში რომ წავიდა… გორში ყოფილან ჩასულები, როცა დაჭრილების დასახმარებლად გადმოსულან სასწრაფოს მანქანიდან, მაგრამ უცებ მანქანა აფეთქებულა, ჩემს ბიჭს კასეტური ბომბის ნამსხვრევი მოხვედრია და იქვე დაღუპულა“. ჟუჟუნა ჭელიძე, და: „გორში წასვლამდე ერთი დღით ადრე დამირეკა, მითხრა: მივდივარ, არ ინერვიულოთ, არ იდარდოთო. მე ვუთხარი: შენ ისეთი ძლიერი ხარ, რა უნდა ვიდარდო, შენ არაფერი მოგივა-მეთქი. თვითონაც გვამხნევებდა, ისეთი არაფერი უთქვამს. 7 აგვისტოს წავიდა, 8-ში დამირეკა დილით, 9 საათზე, რაღაც პრობლემებია და ვეღარ დაგირეკავთ, ტელეფონები უნდა გავთიშოთ. დაძაბული სიტუაციაა, რუსები შემოდიანო. ამის მერე აღარ დაურეკავს. 9-ში გავიგეთ ჩემი ძმის დაღუპვის ამბავი. ომის მოლოდინი არ ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ამბობდა, როცა საჭირო იქნება, აუცილებლად წავალო და წავიდა კიდეც იმ წუთასვე, როცა საჭირო გახდა. ჩემმა ბიძაშვილმა გაგვაგებინა მისი დაღუპვის ამბავი. ისიც მასთან ერთად იყო. იარაღს ისროდნენ, მანქანიდან გადმოვედით, გაგვაფრთხილეს, არ გადმოხვიდეთო, მაგრამ მერაბი მაინც გადასულა და დაჭრილებს ჭრილობებს უხვევდა, ამ დროს აფეთქებულა მანქანა, თავში ჭურვის ნამსხვრევი მოხვედრია და მაშინვე დაღუპულა. ტელეფონში ჰქონდათ ჩანაწერი. ხელვაჩაურიდან რომ მიდიოდნენ, გორში გაჩერდნენ, მინდორზეა გადაღებული ყველა ჯარისკაცი, საბრძოლო სიმღერა ისმის. ეს ვიდეო შემოგვრჩა მხოლოდ მისი იქ ყოფნის პერიოდიდან. სულ იმას გაიძახოდა სამსახურთან დაკავშირებით, კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემს სამშობლოს ვემსახურებიო. თითქოს სულ რაღაც საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ვარჯიშობდა. სამხედრო მეთაურებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ფიზიკური მონაცემებით“. ვინ იცის, რამდენი ჯარისკაცის გადარჩენა მოასწრო, ვინ მოთვლის, რამდენჯერ დაულოცავთ გადარჩენილი მეომრების მშობლებს მისი მარჯვენა. მერაბ ჭელიძე დღეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირია, რომელმაც ბოლომდე მოიხადა წმინდა ვალი ქვეყნისა და ადამიანების წინაშე.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი