ომის გმირები: თემურ ფიჩხაია

თემურ_ფიჩხაია

4 წლის იყო, ბაღიდან მასწავლებელს რომ გაეპარა და ხიფათი შეემთხვა – ხარმა რქებით ათრია… უვნებელი გადარჩა. მაშინ ეს ბედისწერად ჩათვალეს და დიდხანს სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს… დედა გაიხსენებს, რომ მისი შვილი ბავშვობისას ხშირად ავადმყოფობდა, რომ იყო ხიფათიანი, გაიხსენებს იმას, როგორ აკითხავდა სავალდებულო ჯარში და როგორ უჩიჩინებდა: შვილო, ჯარს რომ მოიხდი, კაცი გახდებიო. ვნახოთ, ვნახოთო, – პასუხობდა თემური და… ის მარტო კაცი კი არა, გმირი გახდა… თემურ ფიჩხაია 1987 წლის 20 აპრილს დაიბადა ფოთში. ეთერ ფიჩხაია, დედა: „სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, მასწავლებლები მისი ქებით არ იღლებოდნენ… ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჰიდროტექნიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, გემთშემკეთებლის ფაკულტეტზე. მერე ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა გორში, ხაშურში, ასევე მე-8 ბატალიონში…“ ჯარის მოვლიდან სამ თვეში ისევ ჯარში დაბრუნდა – კონტრაქტი გააფორმა, მსახურობდა ფოთში, სწრაფლმავალი კატარღის დივიზიონში, „შავი ზვიგენის ჯგუფში“. იყო კაპრალი. სულ 4 თვე ემსახურა სამშობლოს… დედა: „თემური მალე შეეჩვია თავის ნაწილს. სულ გამოწკეპილი დადიოდა. სახლიდან რომ გავიდოდა, თვალს ვაყოლებდი და ვფიქრობდი, ღმერთო, რა კარგი შვილი მყავს-მეთქი. ერთბაშად დაკაცდა, უკეთესობისკენ შეიცვალა. განსაკუთრებულად იქცეოდა და მიკვირდა კიდეც…“ ამბობდა, სამშობლოს ვერავინ წაგვართმევს, სიცოცხლის ფასად დავიცავთო. ჩვენ, ვისაც სამშობლო გვიყვარს, ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევაო. 8 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე დამირეკა, დამამშვიდა, მოგვიანებით მოვალო. პირველივე დაბომბვისას დაიღუპა ჩემი შვილი… მეგობრები იხსენებდნენ: ვერ ისვენებდა, გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად და რამდენიმე წუთში დაბომბვაც დაიწყოო… დაბომბვა რომ დაიწყო, ირგვლივ ყველაფერი განათდა, საღამურისამარა წამოვვარდი ლოგინიდან, ფანჯარა გავაღე, გავკიოდი: თემურ, შვილო, შენ ხომ არ შეგემთხვა რამე-მეთქი… ქუჩაში გამოვვარდი და ყველას ვეკითხებოდი, ჩემს შვილს რამე ხომ არ მოუვიდა-მეთქი… ეტყობა, ვგრძნობდი მოახლოებულ უბედურებას… ტელეფონზე ვერ ვუკავშირდებოდი… ის ღამე თეთრად გავათენე… დილით ჩემმა დისშვილმა გამაგებინა ეს უბედურება… გარდაცვლილი თემურის სხეული, სახე არ მინახავს, ისე დავკრძალეთ, მინდა ისეთი მახსოვდეს, როგორიც იყო… დაუზარელი ბიჭი იყო, ძალიან უნდოდა, სახლი აეშენებინა და ცოლი შეერთო. შეყვარებული იყო, მაგრამ არ დასცალდა… პირველი ხელფასით კომპიუტერი იყიდა, მეუბნებოდა: ნუ გეშინია, დედა, მტერი ვერ მომერევაო… ჩემი სიმწრით გაზრილი შვილი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, გული მიკვდება, ის რომ აღარაა, მაგრამ მეამაყება, სამშობლოს სიყვარულისთვის რომ გაწირა თავი…“

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი