ომის გმირები: მარლენ ბარამია

მარლენ ბარამია კაპრალი, მხედრული მამცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 1984 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

აფხაზეთი მისი მოუშუშებელი ტკივილი იყო, ხშირად იგონებდა წლებს, რომელიც იქ გაატარა. ენატრებოდა ცა, ზღვა და მიწა, სადაც დაიბადა, მაგრამ წაართვეს. აფხაზეთის დაბრუნება მისი ოცნება იყო. ოცნება, რომელიც ვერ აისრულა. 11 აგვისტოს შინდისთან ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი გმირი. სალომე სანაძე, მეუღლე: „მისი ნაწილი ომში 8 აგვისტოს წაიყვანეს, მანქანების კოლონამ ჩვენი სახლის წინ 11 საათზე ჩაიარა, სენაკის ბაზიდან გამოსვლის წუთიდან მირეკავდა. ქუჩაში გამოდი, ბავშვი დაიკავე და დამანახვეო, თითქოს გრძნობდა, რომ მეტად ვეღარ გვნახავდა. ცრემლიანი თვალებით ვუყურებდით, როგორ გაგვიცინა, რომ ჩაიარა. 10 აგვისტოს, როცა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენთვის დაერეკა, მითხრა: მე კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდოთო. 11 აგვისტოს, 4 საათისთვის კი უკანასკნელად დამირეკა: ბრძანება მოვიდა, გამოვდივართ და მალე სახლში ვიქნებიო. 11 აგვისტოს შინდისში ჩამოჰკრა მისი სიცოცხლის უკანასკნელმა წამმა. ალბათ, მასავით ლამაზი იყო მაშინ სიკვდილი. ლამაზი იმიტომ, რომ მკვდარი გმირად იბადებოდა! გადმოცემით ვიცით, რომ შეტაკება 11 აგვისტოს შინდისში დღის ოთხიდან ხუთ საათამდე მომხდარა, ამ დროს ომი დამთავრებული იყო. მე-2 ქვეითი ბრიგადა, სრული შემადგენლობით, მანქანებში ჩამჯდარა და ბაზაზე ბრუნდებოდა. როგორც კი შინდისს მიუახლოვდნენ, თურმე რუსებს ცეცხლი გაუხსნიათ, წინ მიმავალი მანქანა ააფეთქეს. 17 აგვისტოს ჩამოვასვენეთ სამტრედიაში და 20 აგვისტოს დავკრძალეთ. პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ სიკვდილის შემდეგ. მარლენმა ეს ლექსი ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე გამომიგზავნა: „არ დაიჯერო არასდროს სხვისი, უნდა იცოდე, გჯეროდს ვისი, უნდა იცოდე, ილოცო ვისთვის, ანდა სიცოცლე გასწირო რისთვის. ვისთვის შესთხოვო ღმერთს პატიება და ვისთვის შეძლო შენ ატირება, უნდა იცოდე, ვინ არის ღირსი, რომ სიყვარული ატარო მისი, ვიცი, რომ იცი, ვინ არის ღირსი“. გამორჩეული სიყვარული იცოდა. თითქოს უნდოდა, დაცლილიყო და მოფერებოდა ყველას, დაენახვებინა მისი სითბო, სანამ დრო ჰქონდა. საყვარელი, თბილი მეუღლე იყო. ჩვენ 2004 წელს შევუღლდით. 2005 წელს შეგვეძინა ქალიშვილი – თეკლა, რომელსაც მოფერებით პრინცესას ეძახდა. ვერ გეტყვით, რა დონეზე უყვარდა პატარა თეკლა. აგვისტოს მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, ხშირად მოსულა დაღლილი სახლში, ჩაგვსვამდა მანქანაში და გვასეირნებდა. ჩვენი ერთადერთი ქალიშვილი, ცისფერთვალება თეკლა უზომოდ უყვარდა“. გმირის საყვარელი მეუღლე დღეს იხსენებს იმ წერილსაც, რომელიც მარლენმა 2008 წლის 15 მარტს, შვილის დაბადების დღეზე მოსწერა ზემო აფხაზეთიდან, სადაც სამშვიდობო მისიას ასრულებდა: „მიყვარხარ, ჩემო სიხარულო, და მინდა, მუდამ ეგრე იყოს, სიკვდილის მეტი ვერავინ დაგვაშორებს და თუ მოვკვდები და მარტო დაგტოვებ, ერთი თხოვნა მაქვს: მოდი საფლავზე და ქვაზე დახატულს ჩუმად მაკოცე, მე მივხვდები, რომ ეს შენ ხარ, ჩემო სიცოცხლევ და ლამაზ სიზმრად მოგევლინები, გაკოცებ და მოგეფერები“. მარლენ ბარამია 1984 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჩამჩირის რაიონში. მას აფხაზეთის ომმა ბავშვობა დააკარგვინა და დევნილად აქცია „აფხაზეთი მისი მოუშუშებელი ტკივილი იყო“, – ამბობს მეუღლე და იხსენებს: „ფიზიკურად ძლიერი წარმატებული იყო სპორტშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მუდამ მოფუსფუსე და საქმიანი, ყოველთვის იქ გამოჩნდებოდა, სადაც არ ელოდნენ. მისი სამხედრო სამსახურში წასვლის მიზეზი სამშობლოს სიყვარული და აფხაზეთში დაბრუნების იმედი იყო. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი უთხრეს საკონტრაქტო სამსახურზე. იმავე წლის ნოემბერში ხელმეორედ გაიარა კარანტინი, ამჯერად სენაკის II ქვეით ბრიგადაში, სადაც დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. 2007 წლის 1 დეკემბრიდან იმსახურა 8 თვე, მეტი ვერ მოასწრო. სამაგიეროდ გმირის სახელი დაგვიტოვა, რომლითაც ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ“.

წყარო: http://august2008.org

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
დაწერე კომენტარი