ომის გმირები: გოგა ჭითანავა

გოგა_ჭითანავა

ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე… და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა – უკვდავებისკენ… ომის დროს, რეზერვში რომ გამოიძახეს, ვეღარავინ შეაკავა. დედა ემუდარებოდა არ წასულიყო. მისთვის ეს მიუღებელი იყო – როგორ? დავიმალოო?! ბიჭები იქ არიან და თვალებში როგორ შევხედოო… 8 აგვისტოს გაიხურა სახლის კარი… 9 აგვისტოს სენაკის ბაზას ბომბავდა მტერი. პირველ დაბომბვას გადაურჩა, მეორე დაბომბვისას კი… 20 ნაბიჯში დაეწია სიკვდილი – ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე… და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა – უკვდავებისკენ… გოგა ჭითანავა 1987 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა ხობში. დაამთავრა სოფელ ხეთის საშუალო სკოლა. მშობლებისთვის მეორე, უმცროსი ვაჟი იყო, თუმცა დედა გაიხსენებს, რომ გოგა იყო უფროსი, ვიდრე მასზე 2 წლით უფროსი ლევანი… დედა: „პატარაობიდანვე ისეთი იყო – დაეყრდნობოდი. დიდის საქმეც რომ დაგევალებინა, თავისუფლად აკეთებდა. ისეთი იყო – სულ გვიკვირდა… ვერავინ ვერაფერს მოატყუებდა… მახსოვს ერთხელ ბაღიდან მოდიოდნენ გოგა და ლევანი. გოგა გაბრაზებული მოდიოდა და სურათი მოჰქონდა – ბაღში გადაუღიათ. გამოვართვი სურათი, ვნახე რომ სურათზე ლევანი ტიროდა. გოგას ვკითხე, რატომ ტიროდა-მეთქი. რა ვიცი კაცო, დედა უნდოდაო – გაბრაზებულმა მითხრა… არადა, ლევანი 2 წლით უფროსი იყო გოგაზე, მაგრამ გოგა უფრო ვაჟკაცური და გამბედავი იყო. მეხუთე კლასიდან ქალაქში მარტო დადიოდა. რასაც დავაბარებდი ყველაფერს აკეთებდა. ერთხელ ლევანმა თქვა, მეც გავყვები გოგასო. მარტო ვერ ბედავდა წასვლას. გავაყოლეთ. უკან გვიან დაბრუნდნენ. გოგა ბუზღუნებდა, ლევანს აწი არსად აღარ წავიყვანო. პატარა ბავშვივით გული გამიწყალა, რამდენი რამე მომთხოვა, მაგრამ არაფერი ვუყიდე, მოვატყუე და სახლში ისე მოვიყვანეო… ბავშვობიდან ძალიან მოსიყვარულე იყო, სკოლაში საუკეთესოდ სწავლობდა…“ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვიდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა მექანიკა- მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. მამა: „ხუთი წელი ცხოვრობდა დამოუკიდებლად თბილისში და არასდროს პრობლემა არ შექმნია. ბრძნული და ჭკვიანური აზრების თქმა იცოდა. ახლა იხსენებენ მის ნათქვამებს მისი მეგობრები და უფროსი თაობაც. ალბათ, ხანმოკლე სიცოცხლე რომ ჰქონდა, იმიტომ იყო ასეთი განსხვავებული…“ სტუდენტობისას ორჯერ იყო რეზერვში. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა. თბილისიდან ახალი ჩასული იყო ხობში, მობილიზაცია რომ გამოცხადდა და გამოიძახეს. დედა: „სანამ ეს ამბავი მოხდებოდა სამი დღით ადრე, მარტო ვიყავი სახლში, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, არ ვიცი რა მტკიოდა, ხმამაღლა მინდოდა მეტირა, უცებ კარი გაიღო და გოგა შემოვიდა, შევჩივლე, რაღაც ცუდად ვარ- მეთქი. ჩამიხუტა. უცებ გულზე მომეშვა. მკითხა: როგორ ხარო, უკეთ-მეთქი. გადამკოცნა, მომეფერა და მითხრა: დე, მე შენი წამალი ვარო… 9 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა, რიცხვი ამერია და 8-ში დილით მეგონა, რომ 9 აგვისტო იყო. გოგა რომ ადგა და არ მომილოცა, ვუთხარი გილოცავ ჩემს დაბადების დღეს-მეთქი. ჩამეხუტა, გადამკოცნა, დიდხანს იცოცხლე და შენი შვილების ბედნიერებით დატკბიო. მოვლენები ასე ცუდად რომ განვითარდა, მერე გავიგე, რომ თურმე 8 აგვისტო იყო და გოგას წინასწარ მოვალოცინე დაბადების დღე, ალბათ გული უგრძნობდა, რომ 9 აგვისტოს ვეღარ მოესწრებოდა…“ გოგა წავიდა. ბაზიდან არ გაუყვანიათ. ოჯახთან მთელი დღის მანძილზე ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი. ბოლოს გვიან ღამით დარეკა შინ. კოდორი უკვე დაბომბილი იყო. ძმა:„ნერვიულობდა, როგორ ხართო. ვუთხარი, მეშინია, როგორ იქნებით, სად წაგიყვანენ-მეთქი. გაიცინა და მითხრა, შენ რამ შეგაშინა, იარაღი მე მიჭირავსო, შემრცხვა…“ დედა: „ვეხვეწებოდი, შვილო თავს გაუფრთხილდი- მეთქი. მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და მალე სახლში ვიქნებიო. ბოლოს მითხრა, დედა, ნუ დაჩაჩანაკდები მაგრად იყავი, ძალიან მიყვარხარ, თავი არ დაიჩაგროო… ეს იყო მისი ბოლო სიტყვები…“ ძმა: „ჩვენი საუბრიდან ათ წუთში ჯერ ფოთი დაიბომბა, შემდეგ სენაკი. ბიჭები იხსენებენ, გოგა ტელეფონზე ლაპარაკობდა, უცებ ცა რომ განათდა და საშინელი ხმა გაისმა „დაწექით!“, ვინ საით გარბოდა არ გვახსოვს, დაბნეულები ვიყავითო… გოგა პირველი დაბომბვისას გადარჩენილა, მეორე დაბომბვისას სანგრისკენ გარბოდა, მაშინ დაღუპულა სანგრამდე 20 ნაბიჯი იყო დარჩენილი…“ ამბის გასარკვევად შუაღამისას წავიდნენ სენაკის ბაზაზე მამა და ძმა. არ შეუშვეს. გამთენიისას 6 საათზეღა შევიდა სხვა მშობლებთან ერთად. მამა: „ყველას ვეკითხებოდი ხომ არ გინახავთ-მეთქი. პასუხს არავინ გვცემდა ყველა დაბნეული იყო. სერჟანტს ვკითხე, გოგა ჭითანავა სად არის-მეთქი. აქვე იყვნენ, იარაღს აბარებდნენო. თურმე იცოდა გარდაცვლილი რომ იყო და მიმალავდა… საავადმყოფოში წავედით, იქნებ დაჭრილია- მეთქი. პირდაპირ პირველ სართულზე შევედი, სამი ჯარისკაცი ესვენა, გადაფარებული ჰქონდათ. ერთ- ერთს მივუახლოვდი გადავხადე და… ჩემი შვილი იყო…“ დედა შინ მარტო იყო. არ იცოდა შვილის ამბავი. ქმარ- შვილთან რეკავდა, არ პასუხობდნენ… ქუჩაში ხალხმა იმატა. გოგასთან ერთად რეზერვში წასული მეზობლის ბიჭიც დაბრუნდა შინ. დედა შვილის ამბავს კითხულობდა, მეზობლის ბიჭი თავს არიდებდა გულის გამგმირავი სიმართლის თქმას… დედა: „ვკითხე, გოგა ხომ არ გინახავს-მეთქი, არ ვიცი ყველანი დავიფანტეთ და არ მინახავსო, თურმე ყველამ იცოდა ჩემი შვილი მკვდარი რომ იყო, არ მეუბნებოდნენ… დრო გადიოდა… ქუჩაში ხალხი მატულობდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს… მოგვიანებით გავიგე ეს უბედურება… ერთი სული მქონდა სწავლას როდის დაამთავრებდა, სულ აქ მეყოლება-მეთქი, თბილისიდან რომ დაბრუნდებოდა ეზოში შემოვიდოდა თუ არა ზურგჩანთას დააგდებდა, ხელებს გაშლიდა და იტყოდა – „რა კარგია ჩემი სახლი, მიყვარს აქაურობა“… ოცნებობდა ცოლი მოეყვანა და გერმანიაში წასულიყო რამდენიმე წლით. ბევრი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა… ცხოვრება მიდის უხალისოდ… ეკლესიაში დავდივარ… თვითონ ძალიან ეკლესიური იყო, მარხულობდა, ეზიარებოდა… ნაზიარები წავიდა ამქვეყნიდან… სიზმარში ხშირად ვხედავ, ერთი და იგივეს მიმეორებს – „მე ცოცხალი ვარ, ნუ გეშინია…“

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი