ომის გმირები: შმაგი კუპატაძე

shmagi_kupatadze

ცხინვალიდან გამოდიოდნენ, როცა მტერმა მისი ოცეული ალყაში მოაქცია. შმაგი კუპატაძე, აგრესორთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაეცა. რუსულმა ავიაციამ იერიში პირიდაპირ მათ პოზიციაზე მიიტანა. ომის დაწყების ამბავი რომ გაიგეს, ოჯახი აფორიაქდა, ყოველ წუთს ურეკავდნენ შმაგის, რომელიც იმ დროს უკვე მტერთან გააფთრებულ ბრძოლაში იყო ჩართული და მშობლებს უმალავდა. ამბობდა, რომ თბილისში იყო, არ უნდოდა ოჯახს ენერვიულა. 11 აგვისტოს კი ყველას სათითაოდ ესაუბრა, კიდევ ერთხელ დაამშვიდა, კარგად ვარ, უკვე გორისკენ მოვდივართო და… რამდენიმე წუთში აფეთქებაც მოხდა. შმაგი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახი დიდხანს ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ კონტაქტი უკვე გაწყვეტილი იყო. არ იციან რა ვითარებაში დაკარგეს შვილი, მხოლოდ დეენემის პასუხი აქვთ. 17 აგვისტოს გადაასვენეს და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს, სოფლის, რომელიც შმაგის ძალიან უყვარდა. შმაგი კუპატაძე ჭიათურაში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა. უმაღლესში სწავლა არ გაუგრძელებია. სამხედრო საქმე იზიდავდა და კარიერის გაგრძელებაც ამ მიმართულებით გადაწყვიტა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში რიგით კაპრალად მსახურობდა. მშობლებს ეუბნებოდა: `სადაც ჩვენი ბიჭები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო.~ ოჯახმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პატრიოტული სულისკვეთებით სავსეს, სამხედრო სამსახურში ყოფნა უნდოდა. შმაგიმ ეს სურვილი აისრულა, დანარჩენი ვერ მოასწრო. ოჯახი იხსენებს, რომ მანქანის ყიდვა უნდოდა, ძალიან ჰყვარებია ტექნიკა. მშობლებს შეყვარებულის ვინაობას არ უმხელდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ სექტემბერში ცოლის მოყვანას აპირებდა. საკუთარ დაბადების დღეზე, 11 სექტემბერს, უნდოდა ოჯახისთვის სიურპრიზი მოეწყო და დაბადების დღესთან ერთად, გაბედნიერებაც ეზეიმა. შმაგი კუპატაძე დღეს სამშობლოსთვის თავგანწირული გმირია, ოჯახს უჭირს მის გარეშე ცხოვრება, მხოლოდ ის ეიმედებათ, რომ მათი შვილის სახელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

იზრუნე ჯანმრთელობაზე
loading…
გააკეთე კომენტარი!