ომის გმირები: რუსლან წულაძე

რუსლან_წულაძე

რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ… დედა: `რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან… საოცრად მოსიყვარულე იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სიკეთე და ძალა ყველას ეყოფოდა. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა… უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო… სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა… წავიდა და სთხოვა სიმინდში გაგვიცვალეო… სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა… იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა დაკეცავდა და კოხტად დადებდა… რომ ჰკითხავდნენ ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და `კიო~ პასუხობდა… კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე, ყველაფრის ცოდნა უნდოდა…~ ნიგოეთის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გია ჭელიძე ნახა შემთხვევით. დედა: `შინ რომ მოვიდა მითხრა, გადავწყვიტე კონტრაქტი დავდო და ჯარში დავბრუნდეო. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, გამნაღმველი იყო, სერჟანტი… ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ერთხელ მითხრა, – მე ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო. რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო… როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ – მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება, იქ დავრჩებიო… ცოლის მოყვანა უნდოდა. შეყვარებული ჰყავდა, მაკა ერქვა. ხშირად ამბობდა ბევრი შვილი მინდა მყავდესო… მაკა დღესაც მეხმიანება, მკითხულობს… მასაც ჩემს შვილად მივიჩნევ. 21 ნოემბერს აპირებდა ქორწილის გადახდას, არ დასცალდა…~ დედა გაიხსენებს რომ 20 ივნისს, შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი, გაუთავებლად ქორწილზე და… ომზე ლაპარაკობდა. დედა: `გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ-მეთქი… გაეცინა, პასუხი არ მოუცია… მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, `რუსლანჩიკ, შვილო სად ხარო~… ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა…. შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი. გახედა, გამოხედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა, ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო… არ მომწონდა მისი საქციელი… სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა ეს შენ ატარეო…. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი, იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი. გამომხედა ნაღვლიანი თვალებით… არასოდეს დამავიწყდება ის თვალები… 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო… ომი რომ დაიწყო შიშმა ამიტანა… 9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო… მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი…. არ მეგონა თუ რამე მოუვიდოდა…. რუსლან წულაძის გამოსვენება 17 აგვისტოს მოხერხდა უწმინდესის ძალისხმევით… დედამ არ ისურვა შვილის ცხედრის ნახვა… უნდოდა ისეთი ხსომებოდა, როგორიც იყო – სიცოცხლით სავსე… დედა: `შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები მინდა, რომ გულზე დამაყარონ… მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა… სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო… სული მტკივა ჩემი შვილის არყოფნის გამო… ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის… ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს. მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო. ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.

იზრუნე ჯანმრთელობაზე
loading…
გააკეთე კომენტარი!