ომის გმირები: რეზო ახალკაცი

რეზო ახალკაცი კაპრალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1980 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

სერჟანტმა რეზო ახალკაცმა ბრძოლისას ჯავშანჟილეტი გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა… ასმეთაურთან ერთად ბიჭები იმ პოზიციას გამოარიდა, საიდანაც სროლა შეუძლებელი იყო, ჩასაფრებული სნაიპერების გამო. მერე, ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა იქ დარჩენილ ბიჭებთან. ძმაკაცი თვალწინ მოუკლეს, მოისმინა, როგორ აღმოხდა მეგობარს უკანასკნელი სიტყვა – დეედაა!.. და რეზო ახალკაცმა საპასუხო ცეცხლი გახსნა… რეზო ახალკაცი 28 წლის იყო… დარჩა სამი შვილი… რეზო მცხეთის რაიონში, სოფელ ნიჩბისში დაიბადა და გაიზარდა. ნატა თუშიშვილი, მეუღლე: „რეზოს ბავშვობის შესახებ, ძირითადად დედამისისა და მისი ახლობლების მონაყოლიდან ვიცი, თვითონ რეზო ბავშვობაზე იმდენად არ საუბრობდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა, ძალიან კარგი ზნის ბავშვი იყო. ვიცი, რომ ეს ასეც იქნებოდა – შვილი მეზრდება, ხასიათებით მას ჰგავს… ძალიან მეგობრული იყო, ბევრი მეგობარი ჰყავდა სოფელში. უბრალოდ, ბოლოს სამსახურის გამო ძალიან დაკავებული იყო და იმდენად ვეღარ ახერხებდა მათთან ურთიერთობას…“ რეზო ახალკაცმა სკოლა ნიჩბისში დაამთავრა. სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიატოვა და 18 წლისამ ახლად შექმნილ „კომანდოს“ ბატალიონში დაიწყო სამსახური. ნატა თუშიშვილი: „ ჩემს გაცნობამდე რეზოს ოჯახი ჰქონდა, ორი შვილი ჰყავს იმ ქორწინებიდან. სწორედ მაშინ, როცა ოჯახი შექმნა, წავიდა ჯარში. ხასიათით ძალიან მებრძოლი, უშიშარი და სამართლიანი იყო. ძალიან უყვარდა ჯარი. მოსწონდა ჯარის ცხოვრება. ერთმანეთი რომ გავიცანით, რეზო 23 წლის იყო, მე – 18-ის. ცოლს უკვე დაშორებული იყო. ძალიან მომეწონა, სხვანაირი ბიჭი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. ერაყში იყო წასასვლელი და ამიტომ ვაპირებდით, რომ ოჯახი მერე შეგვექმნა, როცა დაბრუნდებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცებ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა და სანამ ერაყში წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე გავყევი ცოლად. მე უკვე 6 თვის ორსული ვიყავი, როცა რეზო ერაყში წავიდა. რომ ჩამოვიდა, რუსა უკვე ხუთი თვის გვყავდა. მალევე სერჟანტად დააწინაურეს, პირველ ბრიგადაში გადაიყვანეს. ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ყურადღებას არ გვაკლებდა, არც ჩვენ და არც პირველ მეუღლესთან შეძენილ ბავშვებს. მე რომ ცოლად მომიყვანა, გოგონა უკვე 5 წლის იყო, ბიჭი – ოთხი წლის. არდადეგებს ჩვენთან ატარებდნენ, ან ჩვენ ჩავდიოდით სოფელში. ძალიან დაკავებული იყო და როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ შინ ყოფნა უნდოდა, გარეთ ვერაფრით გაიყვანდი. არ მომყვებოდა არც სტუმრად, არც არსად, ცდილობდა, სახლში ყოფილიყო. ხშირად ყაზარმული ჰქონია, სერჟანტი იყო, ვერ გამოდიოდა სამსახურიდან. დაურეკავს, უთქვამს, მინდა გამოსვლა, მაგრამ ვერ ვახერხებო. ბევრჯერ დაურეკავს, ვერ გამოვდივარო. დავწვებოდი დასაძინებლად ბავშვთან ერთად, დამირეკავდა, გააღე კარი, მოვედიო. უყვარდა ასეთი სიურპრიზების მოწყობა…“ რეზო ახალკაცი ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე, პირველი ბრიგადიდან მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში გადავიდა, ერაყში უნდოდა წასვლა. მეუღლემ ბოლოს 6 აგვისტოს ნახა. ნატა თუშიშვილი: „ბავშვი ბაკურიანში გვყავდა და 6 აგვისტოს წავედი, რეზოსაც ორკვირიანი წვრთნები უნდა დაწყებოდა ორფოლოში. ორი დღის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, ბაკურიანში ტელევიზორი არ გვქონდა. რეზო მირეკავდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. 7 აგვისტოსაც დამიმალა, მარტო ის მითხრა, განგაშია, მაგრამ არ ვიცი, გაგვიყვანენ თუ არაო. მაგრამ შემდეგ გვიან დამირეკა და მითხრა, წაგვიყვანესო. 8 აგვისტოს საღამოსაც ველაპარაკე, მთელი ათი წუთი. იმედიანად იყო, გახარებული. ორ დღეში ყველაფერი დამთავრდება და ჩამოვალო. ეგ იყო ბოლო საუბარი, მაგრამ რეზო, რაც არ უნდა ყოფილიყო, დილით მესიჯს მიგზავნიდა ხოლმე და მშვიდობის დილას მისურვებდა. 9 აგვისტოს დილის 7 საათზე მომწერა. არ მეძინა, იმ წამსვე მივწერე: რეზ, დაგირეკავ-მეთქი. მომწერა, მე კარგად ვარო და თავს გაუფრთხილდი, თავს მიხედეო. დღემდე მაქვს შენახული ეს ორი მესიჯი, ბოლო მესიჯები იყო. მე ვეღარ მოვასწარი დარეკვა, გათიშული ჰქონდა ტელეფონი… როგორც ვიცი, ზემო ნიქოზში დაიღუპა… ბოლოს ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, ბრძოლა შეუძლებელი იყო, სნაიპერებით იყვნენ გარშემორტყმულნი. თავისი ბიჭები გამოიყვანა. ბიჭები მიყვებიან, გვითხრა, თქვენ წინ იარეთ, ზურგს დაგიფარავთო. რომ გამოვედით და მოვიხედეთ, რეზო აღარსად იყო, ვერ ვნახეთო. ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა. იქ მისი ძმაკაცი – ზაზა დარჩა… ჩვენი ბავშვის ნათლია. არ მიატოვა რეზომ… ზაზაც ახალი გადასული იყო მეოთხე ბრიგადაში, დაზვერვის ჯგუფში იყო. შებრუნდნენ ბიჭების საშველად, ძალიან ცუდი ადგილი იყო. ბევრი დაიხოცა იქ. როგორც ვიცი, ბოლოს იქ 17 ადამიანი იყო და ცოცხალმა 6-მა გამოაღწია. ბოლოს რეზოს ჯავშანჟილეტი აღარ ეცვა. როგორც ბიჭებისგან ვიცი, გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა… როცა შებრუნდნენ, სნაიპერები ისროდნენ. როგორც მე ვიცი, ზაზას მოხვდა პირველი ტყვია, ყელში დაიჭრა, „დედას“ დაძახებაღა მოასწრო და დაიღუპა. ეს რომ ნახა 171 რეზომ, ცეცხლი გახსნა. უკვე აღარ გაჩერდნენ და ყველა ისროდა. რამდენიმე წუთში ასმეთაურიც, ზურაც დაჭრილა ყელში, გამავალი ჭრილობა მიიღო. ერთი ჯარისკაცი საშველად მივარდნილა და ისიც ზედ დაუკლავთ. რეზოც ცდილობდა შველას, მაგრამ თვითონ ზურასგან ვიცი, რომ მასვე გაუჩერებია ყველა, აღარავინ მომეკაროთო. მალე რეზოც დაიჭრა ფეხში, უფრო გამწარებულს დაუწყია სროლა. მკლავში დაჭრილა. ხეს ამოფარებია, მერე მეორე მკლავშიც დაჭრილა, შემდეგ ყელში – გამავალი ტყვიით… ბიჭები მიყვებიან, რომ რეზოს ერთი „აბოიმა“ ჰქონია შენახული და ბიჭებსაც მოუწოდებდა, ბიჭებო, ტყვიები შეინახეთო. დაჭრილები ტყვედ რომ არ ჩავარდნოდნენ და თავები დაეხოცათ. ბოლოს მანქანა შეუყვანიათ დაჭრილების გამოსაყვანად. ზურას აყვანა მოუსწრიათ, გონდაკარგული ყოფილა, თბილისში, საავადმყოფოშიღა მოსულა გონს. რეზო რომ უნდა დაესვათ, უკვე დაბომბვა დაწყებულა, მანქანა სასწრაფოდ გამოუყვანიათ, რეზო ვეღარ გამოიყვანეს და სისხლისგან დაიცალა… მე ყველა მიმალავდა რეზოს ამბავს, ყველას უმძიმდა, მაგრამ ცხრაში საღამოს რომ არ შემეხმიანა, მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ტრიალებდა ჩემს თავს. დავიწყე მეგობრებთან, მათ ცოლებთან რეკვა. ერთ-ერთი ძმაკაცის ცოლმა მითხრა: არაფერი არ ვიცი, ჩემს ქმარსაც ვერ ვუკავშირდებიო. მერე როგორღაც დავუკავშირდი მის მეგობარს, მითხრა: არაფერი არ ვიცი, ნატო, დაბომბვა დაიწყო, ყველა მიიფანტ-მოიფანტა, არავინ არ ვიცით, სად არის და როგორ არის, ბოლოს რომ ვნახე, მანქანაზე იყო დამჯდარი და შეჰყავდათო…“ დაიწყო საშინელი პერიოდი – ამაო მოლოდინი. ნატას არ სჯეროდა რეზოს დაღუპვა. იმედი ჰქონდა, რომ დაჭრილი იქნებოდა. ამ იმედს ისიც კვებავდა, რომ გაირკვა, ტყვეებს შორის ერთი გვარად ახალკაციაო. ნატამ გაარკვია, რომ ჯარში ორი ახალკაცი იყო, ერთი – ზაზა ახალკაცი გორის დაბომბვისას დაიღუპა. იმედი ჰქონდა, რომ ის ტყვე ახალკაცი მისი ქმარი იქნებოდა, მაგრამ, როგორც მერე გაირკვა, ის სხვა იყო, 18 წლის ბიჭი. 26 აგვისტოს რომ ბიჭები გადმოასვენეს, რეზოს მეგობრის, ზაზას ამოცნობა მოხერხდა. ამანაც იმედი მისცა ნატას, ეგონა, თუ ზაზა ამოიცნეს, ესე იგი რეზოსაც ამოიცნობდნენ, მკვდარი რომ ყოფილიყოო. ნატა თუშიშვილი: „ზაზა მკვდარი არავის ენახა და იმედი მქონდა. მინდოდა, ცოცხალი ყოფილიყო, თორემ ვიცოდი, რომ ის ტყვედ არ ჩავარდებოდა. მერე დეენემის პასუხიც მოგვივიდა, სოფელშიც გადავასვენეთ, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი ძებნას… იმედი მქონდა, სანამ ბიჭებმა არ მითხრეს, რომ მაჩვენებდნენ სურათებს, სადაც რეზო მკვდარი იყო, სურათები 25 დეკემბერს მაჩვენეს. როგორც ჩანს, იმ ბიჭებმა გადაიღეს, რომლებიც იქ ჩარჩნენ იმ დღეს. სურათები 10 აგვისტოსაა გადაღებული, იმის მერე უკვე დავრწმუნდი, რომ რეზო აღარ იყო ამქვეყნად. რეზოს დაღუპვის დღეებში, ბავშვი მთელი კვირა ცუდად მყავდა. ეტყობა, სიზმარში ხედავდა, იღვიძებდა, მამას ეძახდა. მერე უკვე ისეთი განცდა ჩამოუყალიბდა, „მე ცუდი გოგო ვარ და მამიკო აღარ მოდის სახლშიო… მერე ნელ-ნელა შეეგუა. მაგრამ ელოდება მაინც, თავისებურად ელოდება…“

წყარო: http://august2008.org

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი