ომის გმირები: მიხეილ ცერცვაძე

მიხეილ_ცერცვაძე

მამა ზეღდულეთის სკოლის დირექტორი იყო, დედა – ფიზიკის მასწავლებელი. პედაგოგი მშობლების შვილი, უზომოდ ცელქი, მაგრამ ჭკვიანი და წარჩინებული მოსწავლე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ გორის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა პურისა და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლიგიის ფაკულტეტზე და ბოლოს, თბილისში განაგრძო სწავლა. „გეპეის“ დამთავრების შემდეგ ზეღდულეთში გამგებლის მოადგილედ დანიშნეს, ცოტა ხანში კი სოფლის თავკაცი გახდა. ნინო ფსუტური, მიხეილის მეუღლე: „სულ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად… ერთმანეთი გორში, 2005 წელს გავიცანით. დეიდამისის სახლთან ახლოს ვცხოვრობდი და იქ ხშირად მოდიოდა. იმდენად დადებითი პიროვნება იყო, რომ ძალიან მალე შევუღლდით. შეყვარებულობის პერიოდი ერთი წელიც არ გაგრძელებულა, 7-8 თვე იყო გასული, რომ დავოჯახდით. ტრადიციულად, დავიწერეთ ჯვარი… თითქოს ძალიან ჩქარობდა ყველაფერს, მარხვა იყო და ჯერ არ ვფიქრობდით დაოჯახებას, მაგრამ ჩქარობდა… შეიძლება გული უგრძნობდა რამეს, მაგრამ არაფერს ამბობდა… ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე დასრულდებოდა მისი სიცოცხლე… ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ გოგო უნდა გვყოლოდა. 2006 წელს სოფიო დაიბადა, ძალიან ბედნიერი იყო… ბავშვი ორი წლისაც არ იყო, მამა რომ დაეღუპა…“ 2008 წლის დეკემბერში კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჯარში წავიდა… მისი სამომავლო გეგმები და კარიერა ძალოვან სტრუქტურას უკავშირდებოდა. სერჟანტ ცერცვაძეს ერთი წელიც არ ჰქონდა ნამსახურები, რომ რუსულმა სისხლიანმა ხელმა, ბევრი თანამემამულის მსგავსად, მისი სპეტაკი სულიც შეიწირა… ნინო ფსუტური, მიხეილის მეუღლე: „როცა ჯარში წასვლა გადაწყვიტა, არავის გაგვიწევია წინააღმდეგობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის რაღაცის შიში გვქონდა, მაინც ყველამ მხარი დავუჭირეთ და პატივი ვეცით მის გადაწყვეტილებას… ერთ დღესაც ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში. სანამ გორის სატანკო ნაწილს დაბომბავდნენ, წინა დღეს დამირეკა, გაიყვანე ბავშვი და გადით ქალაქიდანო. მთხოვა, მისთვის რაღაცები მიმეტანა… ქუთაისში წავედით, მაგრამ არარეალურად მეჩვენებოდა ყველაფერი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი საშინელება მოხდებოდა… დედა ქუთაისელი მყავს, იქ წავედი. იცით, რა გრძნობით მივდიოდი ქუთაისში? ახლობლებს ვნახავ და რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდები-მეთქი… დამშვიდებული წავედი. როგორ დავტოვე მარტო… არავის გვეგონა, რომ ქალაქს ასე გაიმეტებდნენ და მიწასთან გაასწორებდნენ… ძმა მყავს უშიშროების თანამშრომელი და იმაზე უფრო მეტად ვნერვიულობდით მთელი ოჯახი და სანათესაო… მიშაზე ყველამ იცოდა, რომ ადგილზე იყო, მაგრამ ყველაზე ცხელი წერტილი გორი აღმოჩნდა… ქუთაისში 7 აგვისტოს ჩავედი. იმ საღამოსვე დავურეკე, ჩავედით და თქვენ როგორ ხართ-მეთქი. მითხრა: მშვიდობააო. მეორე დილით, როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე მასთან დავიწყე რეკვა. ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა… ტელევიზორი ჩავრთეთ და… გორის ჯავშან-სატანკო ბაზა დაიბომბაო… ჯარისკაცები ნაწილიდან გაიყვანეს და იქვე ახლოს სახლებსა და სარდაფებში გადაანაწილესო… ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვიღაცის სარდაფში იქნებოდა… ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი… მერე გავიგე, რომ საავადმყოფოებში, დაჭრილებისა და გარდაცვლილების სიები იყო გამოკრული. გორში ახლობელთან დავრეკე და ვთხოვე, იქნებ მანდ იპოვო-მეთქი. დაჭრილების სიაში ნახა… გზები იყო გადაკეტილი და გორში ჩამოსვლას ვეღარ ვახერხებდი. მიშას მშობლებმა როგორღაც მოახერხეს და გორში ჩავიდნენ… ადგილზევე გაუკეთებიათ ოპერაცია, მერე მშობლების მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს. ექიმები ამბობდნენ, ძალიან ძლიერი ორგანიზმი აქვსო… ორი ნასხლეტი თავში ჰქონდა, მაგრამ ექიმები გვეუბნებოდნენ, ტვინი არ არის დაზიანებული და არც ერთი ჭრილობა სასიკვდილო არ არისო. ფეხშიც იყო დაჭრილი, თუმცა კიდურის ამპუტაცია არ დასჭირვებია. როცა რესპუბლიკურში შეიყვანეს, ექიმებს უთქვამთ, გადარჩენილები ხართო… რამდენიმე დღეში მდგომარეობიდან გამოვაო, მაგრამ… თავიდან გონზე ყოფილა და ერთი პერიოდი წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ ექიმები გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევდნენ, როგორც კი საძილე წამალი გამოუვიდოდა, მაშინვე გონზე მოდიოდა. შესიებული ჰქონია სახე და მთელი სხეული… ორი კვირა ვერ მოვდიოდი, გადაკეტილი გზების გამო, და ვფიქრობდი, ბათუმიდან გადმოვფრენილიყავი, მაგრამ წინა დღეს გამოაცხადეს, შეიძლება თბილისის აეროპორტსაც საფრთხე შეექმნასო და ვერ გადმოვფრინდი… ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ იყო, შემოვლითი გზით წამოვედით… როგორღაც ჩამოვაღწიეთ, რეანიმაციაში შემიშვეს… რომ ვნახე, იმედი მომეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მეორე დილით გარდაიცვალა… თითქოს ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდაო… ამბობენ, რომ სეფსისი დაემართა, ისეთ ნივთიერებებს შეიცავდა ის ჭურვები, რომ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს… იმდენად კარგი პიროვნება იყო, რომ არ შეიძლება… უსამართლობაა, ასეთი ადამიანები რომ მიდიან… დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭების 100% ასეთი იყო… ის ძალიან დიდი დანაკლისია ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და ქვეყნისთვისაც… 22 აგვისტო იყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარე ეკლესიაში ერთი დღე დავასვენეთ. ჯერ ისევ არ იყო გზები გახსნილი და გვითხრეს, ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთო. გორში ჯერ ისევ რუსის ჯარი იდგა. არ მოვინდომეთ იქ დასაფლავება, ვიცოდით, რომ რამდენიმე დღეში გზები გაიხსნებოდა. მეორე დღეს გორში მოვასვენებდით. მახსოვს, თან გზები იწმინდებოდა და პირველები ჩვენ შემოვდიოდით. ადგილამდე როგორ ჩავიდოდით, ისიც კი არ ვიცოდით. იმ დღესვე დავკრძალეთ… გვეგონა, რომ სოფელი დაცლილი იყო, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგვხვდა. მიშას ახლობლებს, მეზობლებსა და სამეგობრო წრეს, ვისაც კი ჩვენი უბედურება გაუგია, თბილისიდან წამოგვყოლია… საშინელებაა, როცა 25 წლის ხარ და ცხოვრება თავზე გენგრევა, მაგრამ მყავს შვილი, ჩემს თავში გამოვნახე დიდი ძალა. არ ვიცოდი, თუ ასეთი ძლიერი ვიყავი. სოფუნას მამა არ ჰყავს, მაგრამ მინდა, რომ დედა მაინც ჰყავდეს ჯანსაღი ფსიქიკის. მინდა ისეთი გავზარდო, როგორიც მიშას გაუხარდებოდა და ეკადრებოდა. სიზმარში ძალიან ხშირად ვნახულობ. მეორე დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა ვნახე“. სერჟანტ ცერცვაძის მშობლები ახალსოფელში ცხოვრობენ, ნინო და სოფუნა – გორში, რადგან ნინო ბიოლოგიის პედაგოგია, იქ ასწავლის. რძალი და შვილიშვილი მიშას მშობლებთან ხშირად ჩადიან. ისინი ერთი ოჯახი არიან და ბოლომდე ასე დარჩებიან. მათ ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. როგორც ნინომ გვითხრა, ამ უბედურებამ თითქოს კიდევ უფრო დააახლოვა ისინი. მიშას სიყვარული ახლა მის მშობლებზე გადააქვს. სოფუნას მამა აღარ ჰყავს, მაგრამ მთელი სიცოცხლე ეყოლება მამიდა, ბებია და პაპა, რომლებიც ამ დანაკლისს რაღაცნაირად შეუვსებენო, ამბობს თვალცრემლიანი ნინო. ნინო ფსუტური, მიხეილის მეუღლე: „მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, ნამდვილად ღირდა… ახლიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას და ვიცოდე, რომ ჩვენი თანაცხოვრება ასე მალე დამთავრდებოდა, მაინც მოვინდომებდი… მასთან გატარებული სამი წელი, ვფიქრობ, მთელ ცხოვრებად ღირდა“.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი