ომის გმირები: ლერი ლაგურაშვილი

leri_lagurashvili

თენგიზ ლაგურაშვილს სამი ვაჟი ჰყავდა. სამივე იბრძოდა აგვისტოს ომში. ლევანი და ლექსო შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. ლერი სამხედრო ექიმი იყო, არაერთი მეომარი გამოგლიჯა ხელიდან სიკვდილს … თავად უმძიმესად დაიჭრა და მარადისობაში გადასახლდა… დაიბადა და გაიზარდა მუხიანის სამხედრო დასახლებაში, დღეს იმ ქუჩას ლერი ლაგურაშვილის სახელი ჰქვია და მას ყველა იცნობს, მაგრამ მაშინ, ბავშვობაში, ამ ერთი ბეწო უბანში მას ბევრი არ იცნობდა. არადა, იქ სულ 7 კორპუსი იდგა და ყველა ყველას ახლობელ-მეგობარი იყო. ლერის უფროს და უმცროს ძმებს, ლევანსა და ლექსოს ყველა ცნობდა, მაგრამ ლერის – ძალიან ცოტა. მიზეზი მარტივი და საპატიო იყო, მაშინ, როცა ძმები ქუჩაში თამაშსა და გართობას ამჯობინებდნენ, ლერის წიგნებთან ურთიერთობა ერჩია ყველაფერს. კითხულობდა და კითხულობდა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით უყვარდა ისტორია, გეოგრაფია, თავიდანვე ექიმობაზე ოცნებობდა, ექთანმა ბებიამ წნევის გაზომვაც ასწავლა და პირველი პაციენტიც ის იყო… დედა: „უცხოპლანეტელებითაც იყო გატაცებული, მეექვსე თუ მეშვიდე კლასში თემა დაწერა უცხოპლანეტელებზე, წერილიც მიიღო ბატონ თალეს შონიასგან, ძალიან სასიამოვნოა, ასე გათვითცნობიერებული რომ ხარ ამ საკითხებში და ასეთი კარგი თემა გამოგვიგზავნეო. სკოლა რომ დაამთავრა, სამედიცინოზე უნდოდა ჩაბარება, ვერ მოხვდა და ჟინი გაუჩნდა, 2 წელი თავაუღებლივ მეცადინეობდა, ოთხივე საგანში ემზადებოდა, თან ისეთი საშინელი პერიოდი დაემთხვა, უშუქობა, უტრანსპორტობა… მასწავლებელთან საბურთალოზე დადიოდა და მეტრო რომ ჩერდებოდა, რამდენჯერ მოსულა ფეხით სახლში. რომ მოგეკლა, მოუმზადებელი არ წავიდოდა მასწავლებელთან, მთელ ღამეს გაათენებდა და მაინც ისწავლიდა, რაც ჰქონდა სასწავლი. სამედიცინო უნივერსიტეტში მესამე წელს მოხვდა, სამხედრო სამედიცინოზე ჩააბარა. თითქმის სულ ბიჭები იყვნენ, მაგრამ ბევრი არ გაჰყვა ამ გზას…“ 20 წლის იყო ლერი, ნონა რომ გაიცნო. დამეგობრდნენ. ნონა: „იმდენად კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი იყო, რომ მითხრა, მიყვარხარო, თავიდან ვერ მივიღე, თან ასაკით ცოტა უფროსი რომ ვიყავი, მართლა არასოდეს მიფიქრია მასზე… მაგრამ მერე და მერე… იმდენად კარგი ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა, გრძნობა არ გაგჩენოდა… როგორი თბილი ადამიანიც იყო, შეყვარებულიც ისეთივე თბილი და ყურადღებიანი აღმოჩნდა, დიდად რომანტიკული არ იყო, მაგრამ ყვავილები დაჭკნობას ვერ ასწრებდა ჩემს სახლში… იასამანი რომ აყვავდებოდა, არ არსებობდა, არ მოეტანა… მაშინ გამომცემლობაში, კომპიუტერულ ცენტრში ვმუშაობდი (პროფესიით სკოლამდელთა ფსიქოლოგია. – რ.შ.) და ლექციების შემდეგ ყოველდღე მაკითხავდა სამსახურში. არ არსებობდა, არ შეგყვარებოდა… სიურპრიზები უყვარდა, იცოდა, რომ ნოდარ დუმბაძის მოთხრობები მიყვარდა ძალიან. ახლა, ამ ორი დღის წინ ვნახე დუმბაძის წიგნი, ასოები ჰქონდა შემოხაზული ისე, რომ გამოდიოდა „ნონა“, „ლერი“… იცოდა, რომ წავიკითხავდი… ახლა, 2 დღის წინ ვნახე, მაშინდელი გაკეთებულია, იმის მერე არ ამიღია ის წიგნი…“ ლერის რამდენიმეწლიან ლოდინს ამაოდ არ ჩაუვლია. ნონა ცოლობაზე დათანხმდა. ოჯახი ოფიციალურად ჩავიდა ნონას მშობლებთან ხელის სათხოვნელად. ქორწილის არც საშუალება ჰქონდათ და არც სურვილი – ოჯახში ახლაც იხსენებენ, რომ პომპეზურობა არ უყვარდა. ჯვრისწერაც მოულოდნელი ჰქონდათ. ნონა: „მეჯვარე იყო მოსული, ჯვარს რატომ არ იწერთო. მესამე დღეს მარხვა იწყებოდა და აბა, როგორ, მარხვა იწყება-მეთქი. ხვალ ხომ არაა მარხვაო და უცებ გადავწყვიტეთ…“ კაბა ერთ ღამეში შეუკერეს, ჯვრისწერა მეგობრების წრეში აღნიშნეს. ნონა: „იმდენად ბედნიერი იყო იმ დღეს…“ შვილი მოგვიანებით, 4 წლის შემდეგ გაუჩნდათ. ნონა: „ანას რომ ველოდებოდი, 2004 წელს, მაშინაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო ცხინვალში, ლერი იქ იყო. მახსოვს, 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, გამოაცხადეს, რომ იბომბებოდა ადგილები, სადაც ჩვენი ბატალიონები იდგა, საშინლად ცუდად გავხდი… ანა 10 სექტემბერს შეგვეძინა, ლერი ისევ სამაჩაბლოში იყო, შევატყობინეთ, ვერ ვახერხებ ჩამოსვლასო, გვითხრა, მაგრამ მოვიდა. საერთოდ ასე იცოდა, გეტყოდა, ვერ ვახერხებო, და მოულოდნელად დაგადგებოდა თავზე… თავიდან, სანამ ჩვენც გადავიდოდით სენაკში საცხოვრებლად, ყოველ შაბათ-კვირას ველოდით, ანა კარებში ჯდებოდა, მამიკოს ველოდებიო… დარეკავდა, ვერ ვახერხებ ჩამოსვლასო და გამოჩნდებოდა მოულოდნელად… შვილი ყველას უყვარს, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ანასთან, სამსახურიდან რომ მოვიდოდა, მუცელზე დაიწვენდა, ეთამაშებოდა, ტელეფონში სპეციალურად ჰქონდა ჩაწერილი თამაშები, ათამაშებდა, მუსიკას ასმენინებდა და ამბობდა, სულიერად ვმშვიდდები ამ დროსო… ანას ცუდ საქციელს არ პატიობდა, უჯავრდებოდა და ანას ეს ერთი გაჯავრება მთელ კვირას ჰყოფნიდა…“ დედა: „დაჭრილ ჯარისკაცებს პირველად დახმარებას უტარებდა, ჭრილობებს უხვევდა, ამ დროს, თავის გოგონას, ძმისშვილს, ხელს ვერ აკარებდა, ნემსს ვერ უკეთებდა, ელემენტარულად თითი რომ გაეჭრათ, ისე ნერვიულობდა…“ 2002 წელს ლერი ლაგურაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და საჩხერის სამთო მსროლელთა ბატალიონის მთავარი ექიმი გახდა. ეს ბატალიონი შემდეგ ქუთაისში გადავიდა, 2005 წელს ერაყში წავიდნენ. ერაყში, ლერისთან ერთად, მისი ძმებიც იყვნენ. ერაყიდან დაბრუნებულებს სენაკის ბაზა დამთავრებული დახვდათ და სამთო მსროლელთა ბატალიონიც სენაკში გაამწესეს, მეორე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში შეიყვანეს 21-ე ბატალიონად და ლერიმაც ამავე ბატალიონის მთავარ ექიმად გააგრძელა მოღვაწეობა. სექტემბერში უკვე გერმანიაში უნდა წასულიყო 2 წლით სასწავლებლად. ომი რომ დაიწყო, მოსამზადებელ კურსებს გადიოდა თავდაცვის აკადემიაში, გერმანულ ენაში. ომში არც გამოუძახიათ, ისე წავიდა. ნონა: „სახლში რომ მოვიდა და თქვა, მივდივარო, ვკითხე, თუ არ გამოუძახიხარ, რატომ მიდიხარ-მეთქი. ბატალიონს ასეთ ცხელ წერტილში ექიმის გარეშე ვერ გავუშვებო. რა უნდა მეთქვა? 7 აგვისტოს წავიდა სენაკში… მე და ანანო ყოველთვის ვაცილებდით ხოლმე, იმ დღეს ვერ გავაცილე… ისე მოხდა, რომ ანა ატირდა და მას შევყევი სახლში, ამ დროს გავიდა ლერი სახლიდან, მარტო დედა იდგა კართან… მე დამიბარა, ზესტაფონში წადი, უფრო მშვიდად ვიქნებიო, მე და ჩემი მამამთილი ბავშვთან ერთად უნდა წავსულიყავით კიდეც მეორე დღეს, მაგრამ გადავიფიქრე. რომ დაიჭრას, აქ ჩამოიყვანენ-მეთქი… ეტყობა, ვგრძნობდი, რაც გველოდა… წინა დღეებში თვითონ ძალიან აფორიაქებული იყო, ვერ იძინებდა, სიზმრებს აღარც მიყვებოდა, იმდენად განვიცდიდი… ძალიან აფორიაქებული იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სიკვდილის განცდა ჰქონდა, ან არ მეუბნებოდა… საერთოდ, თუ რამე პრობლემა ჰქონდა ან წინააღმდეგობები, არასოდეს მეუბნებოდა, ყოველთვის სხვისგან ვიგებდი ხოლმე მოგვიანებით, მიფრთხილდებოდა… წავიდა… 8 აგვისტოს რომ დავურეკე, დამიმალა, ისევ სენაკში ვართ, არ გავსულვართო, მაგრამ ლერის ძმა იმავე ბატალიონში მსახურობდა და ოჯახით იქ იყო, ჩემს მაზლის ცოლთან დავრეკე და მითხრა, ამ დილას წავიდნენ ცხინვალშიო… 9 აგვისტოს, 10 საათი იყო, რომ დავურეკე. მითხრა, ნუ მირეკავ, მე თვითონ დაგირეკავო, მივხვდი, ისეთ სიტუაციაში იყო, ლაპარაკი არ შეეძლო, აღარ დაურეკავს… 12 საათზე უკვე დაჭრილა…“ ცხინვალიდან გამოსული ჯარი ნიქოზში დაბანაკდა. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ მომენტისთვის ბატალიონი თავდასხმას არ ელოდა, საჭმელს ჭამდნენ. როგორც თანამებრძოლებისგან შეიტყვეს, ლერის არც ჩაფხუტი ხურებია, არც ჯავშანი სცმია და… დაბომბვა დაწყებულა. პირველად ბარძაყში დაჭრილა. დაბომბვა გრძელდებოდა და ლერი თვითონ იხვევდა ჭრილობას. ყველა მხრიდან: „ექიმი, ექიმიო“ ყვიროდნენ… ნონა: „ლერის ფერშალი მიჰყვებოდა. რომ დავინახე, ლერი დაიჭრა, ლერისკენ გავიქეცი, მაგრამ ხელით მანიშნა, მე თვითონ მივხედავ თავს, შენ სხვებს მიხედეო…“ ლერიმ ჭრილობა შეიხვია და სამედიცინო მანქანისკენ წავიდა, რაციით სასწრაფო რომ გამოეძახა, აიღო რაცია და თავიდან დაიწყო დაბომბვა… დაიჭრა კეფაში, გულმკერდის არეში, უამრავი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ თავისი ფეხით ჩამოვიდა გორის ჰოსპიტალში, თან დაჭრილები ჩამოიყვანა. ერთ-ერთ ექიმს მორფი და ტელეფონი მისცა და სთხოვა, ჩემს მეგობარს, ექიმ პაატა თედელურს გადაეცითო. გადასცეს თუ არა ტელეფონი, პაატა თედელურმა მეგობრის მოძებნა დაიწყო დაჭრილებში. ლერი ლაგურაშვილმა ჰოსპიტალში დაკარგა გონი, გაითიშა. თავზე რთული ოპერაცია იყო ჩასატარებელი და თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. რთული ოპერაცია ჩაუტარეს. ლერის მეგობრებმა მაშინ შეატყობინეს ოჯახს. მამა: „მეზობელმა დამირეკა, სტუმარია თქვენთან, გკითხულობთო. ლერის თანაკურსელი იყო. ლერი დაჭრილი, ჩამოიყვანესო. ოჯახში არაფერი ვუთხარი, კითხვები დამაყარეს, ვინ იყო, რა ხდება, ვინ არისო. არაფერი მითქვამს, რამე რომ მეთქვა, მიხვდებოდნენ, სამივე ბიჭი იქ იყო, ლერი და ლევანი ერთ ნაწილში იყვნენ, ლექსო საჩხერის მხრიდან იყო შესული, ჯავის მხარეს… არაფერი მითქვამს, ისე გავქანდი ტაქსით. გზაშიღა გამახსენდა, რომ საავადმყოფოც არ მიკითხავს, სად იყო. მეზობელს დავურეკე: ნახე, მანდ ხომ არ არის ის ბიჭი და დამალაპარაკე-მეთქი. ჯერაც იქვე ეზოში ყოფილან, დამალაპარაკა. „არამიანცშია“, მაგრამ ვერ მიაგნებთ, სახლში მოდითო… მართლა შევშინდი, რას ნიშნავს, ვერ მივაგნებ… ხომ არ დავიღუპე-მეთქი… მივედი სახლთან, მისი 4 კურსელი იდგა. ცოცხალია, მართალია, მძიმეა, მაგრამ სტაბილურიაო, დამამშვიდეს და წავედით „არამიანცში“. რომ მივედით, არ ამიყვანეს, ექიმს ვნახავთ და აგიყვანთო. ექიმი ჩამოვიდა, არ არის საჭირო ასვლა, რეანიმაციაშია, აპარატზეა შეერთებული, გულწრფელად გეუბნებით, მძიმე მდგომარეობაა, მრავლობითი ჭრილობები აქვს, მაგრამ სტაბილურია და მდგომარეობიდან გამოვაო. ვთხოვე, საცაა მოვლენ მეუღლე, დედამისი, ერთ ამბავს ატეხენ და მაჩვენეთ, დამახედეთ და იმათ მე დავამშვიდებ- მეთქი. კარგი. ავალ, მოვამზადებო. არ მოვეშვი, თუ სისხლია მოსაწმენდი, არაა საჭირო, მე თვითონ სამხედრო ვარ, 23 წელი მაგ დასაქცევებს ვემსახურე, 8 წელი – ქართულ ჯარს და ამიყვანეთ-მეთქი. ამიყვანეს, მანახვეს… ყველა ჭრილობა შეუხორცდა, მაგრამ თავზე გართულდა მდგომარეობა და მეთერთმეტე დღეს დალია სული…“ ნონა: „თითქოს დამთხვევა იყო, 2000 წლის 12 აგვისტოს დავქორწინდით, 2008 წლის 12 აგვისტო იყო, პირველად რომ მომცეს ნახვის უფლება… ექიმმა მითხრა, ელაპარაკეთ, ესმისო. ხელით რომ შევეხე, ლერი, გესმის-მეთქი, ხელებისა და ფეხების მოძრაობა დაიწყო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ იმდენად მძიმედ იყო, ლაპარაკი არ შეეძლო. რომ მივხვდი, რომ ესმოდა, ძმებზე ტყუილიც ვუთხარი, უკვე აქ არიან- მეთქი, დავამშვიდე, ვიცოდი, რომ მათზე ინერვიულებდა… მერე ვიფიქრე, არ შევაწუხო, მერე მოვუყვები, როცა გამოკეთდება-მეთქი, ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ აღარ იქნებოდა… საოცრად გულისხმიერი იყო, არავის მიმართ არ იყო გულგრილი, ხშირად მეგობარს, ნათესავს დახმარება დასჭირვებია, ჩვენ გარკვეული მიზნისთვის განკუთვნილი თანხა გვქონია, მაგრამ ლერის უთქვამს, მოდი, იმას დავეხმაროთ და ჩვენ ეგ შემდეგ თვეში გავაკეთოთო. ასე ხდებოდა ყოველ თვე… სხვისი ბედნიერებით ცხოვრობდა… მის გარშემო თუ ყველა კარგად იყო, ისიც კარგად იყო და ყოველთვის ღვთის მადლობელი იყო იმით, რაც გვქონდა და ყოველთვის მეუბნებოდა, მამშვიდებდა, ჩვენ ძალიან კარგი მომავალი გვაქვს, ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწევთ, ანანოსთვის ყველაფერს გავაკეთებთო. დიდი პერსპექტივა ჰქონდა, ძალიან უხაროდა, გერმანიაში რომ მიდიოდა სასწავლებლად, აქაც, როცა ამერიკელები ჩამოდიოდნენ ტრენინგებზე, ყოველთვის ესწრებოდა და ყოველთვის კმაყოფილი იყო. ბევრ რამეს ვსწავლობო. ინტერნეტში ეძებდა სამედიცინო მიღწევებს, ცდილობდა, მოვლენებს არ ჩამორჩენოდა. ყოველთვის ახლის ძიებაში იყო…“ თინგიზ ლაგურაშვილი: „ეკლესიური იყო, ხშირად დაჰყავდა თავისი თანაკურსელები ფიტარეთში, ბოლნისის სოფელ აკაურთაში, სასაფლაოს ეკლესია იყო ძველი, იქ ხატის ჩარჩო იპოვა, მეტალისგან დამზადებული, გაასუფთავა, შემდეგ, მოძღვრის რჩევით, ხატი დააწერინა, ჩასვა ამ ჩარჩოში და ეკლესიას შესწირა…“ ლერი ლაგურაშვილს გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა – გარდაცვალების შემდეგ. მშობლიურ ქუჩას – მისი სახელი. თენგიზ ლაგურაშვილი: „თავიდან თავდაცვის სამინისტროში მითხრეს, რომ ლერის სახელი გლდანში ერთ-ერთი ქუჩისთვის უნდა დაერქმიათ. მერე ჩვენმა ძველმა მეზობლებმა რომ გაიგეს სამხედრო დასახლებაში, მითხრეს, რაღა გლდანში არქმევენ, ლერი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და ბარემ აქაურობას დაერქვასო. (დასახლებიდან ჩვენ 2002 წელს გადმოვედით). თან ამ დასახლებას ასე ეწოდებოდა: „ მუხიანის სამხედრო დასახლება – ავჭალა-1“. დავრეკე თავდაცვის სამინისტროში, ასეთი ინიციატივა აქვთ მეზობლებს-მეთქი. გადაამოწმეს მერიაში და დაარქვეს ლერის სახელი“. ნონა: „ძალიან ძნელია ლერის გარეშე. ანას ენატრება… ყოველ ღამე მთხოვდა, მამიკოს ტელეფონი მომეციო, ერთხელ ვკითხე, არ მოგბეზრდა-მეთქი, არა, ამით მამიკო მახსენდებაო. 4 წლისაა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ დონეზე განიცდიდა, მძიმედ გადაიტანა, თავიდან ძალიან ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა, იმდენად, რომ ფსიქოლოგთან მივიყვანე. ცალკე დაელაპარაკა, ეთამაშა. მითხრა, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მამაზე ილაპარაკოს, მაგრამ, რომ გატყობთ, განიცდით, ტირით, აღარ ლაპარაკობს და სჯობია, ელაპარაკოთ ტკბილ მოგონებებზეო. მამაზე ლაპარაკი რომ დავუწყეთ, გაიხსნა. სულ უნდოდა, რომ მამაზე ელაპარაკა, ისეთ მომენტებს იხსენებს, მე რომ არ მახსოვს, ლერის მანერებს იხსენებს, მერე, რომ ვიხსენებ, მართლა მასე იცოდა. ძალიან რთულია. ასეთი მამა აღარ ჰყავს და უნდა შევუვსო… ლერი უმეტესად წასული იყო, ახლაც თითქოს ისეთი განცდა აქვს, ოდესღაც მოვა. ანა თავის დაბადების დღეზე სულ კარისკენ იწევდა, შემოდიო, ეუბნებოდნენ, არა, კიდევ უნდა მოვიდეს ვიღაცო. თითქოს მამას ელოდებოდა….

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი