ომის გმირები: ლევანი თეფანია

ლევანი თეფანია

გმირის გოგონამ მამის დაღუპვის დღეს ამოიდგა ენა – დაიძახა „მამა“ და ატირდა… ის, ცხრაში დილით, ათ საათზე ელაპარაკა მეუღლეს, ამშვიდებდა, მალე დავბრუნდებითო. თან ეხვეწებოდა – ბავშვს მიმიხედეო. პატარა ნინიკო მაშინ ათი თვის იყო, იმ დღეს თქვა პირველად – „მამა“ და ატირდა… ლევან თეფანია მეუღლესთან საუბრიდან ზუსტად ერთ საათში იმსხვერპლა რუსის ნასროლმა ტყვიამ… ლევან თეფანია 1979 წლის 21 აგვისტოს დაიბადა სენაკში. ნატა ყალიჩავა, მეუღლე: „ბავშვობაში ძალიან დინჯი ყოფილა, ქუჩა არ ჰყვარებია, სწავლითაც კარგად სწავლობდა, გვერდში ედგა მამას, საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა… ქალაქში სეირნობისას მეგობარმა გამაცნო, მაშინ მეცხრე კლასში ვსწავლობდი, ლევანი 20 წლის იყო, სავალდებულო ჯარში მსახურობდა – სენაკის ბაზაზე. რამდენიმე თვეში გამომიტყდა, მიყვარხარო. მე კარგა ხანს მხოლოდ მეგობრული გრძნობა მქონდა მის მიმართ, დროთა განმავლობაში მეც შემიყვარდა. ისეთი ადამიანი იყო არ შეიძლება არ შემყვარებოდა. ექვს წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი… ჯარის მოვლის შემდეგ თურქეთში წავიდა სამუშაოდ, არაფერი გამოუვიდა, მალევე დაბრუნდა უკან… მახსოვს, რომ დაბრუნდა, ჩემი დაბადების დღე იყო. დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ჩემთან სახლში ამოსვლა მოერიდა, ვერ გავედი შესახვედრად, სტუმრები მყავდა… მერე სახლის კართან მოვიდა და ძალიან ლამაზი საჩუქარი მომართვა… კარგა ხანს პრობლემების გამო ვერ ვქორწინდებოდით, შემდეგ ძმები ამოუდგნენ გვერდში და დავქორწინდით… ლევანი 27 წლის იყო, მე – 21-ის… წელიწადი და 8 თვე ვიცხოვრეთ ერთად…“ 2007 წლის იანვარში ლევან თეფანია ჯარს დაუბრუნდა – კონტრაქტი გააფორმა სამშობლოსთან. უთქვამს, ერთ მშვენიერ დღეს სამშობლოს დავჭირდებითო და წასულა. მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. მეუღლე: „ბავშვი რომ შეგვეძინა უზომოდ გახარებული იყო, საოცრად ფაქიზად უყურებდა, ხმას ვერ იღებდა, არასოდეს უთქვამს ბიჭი მინდაო, შვილი შვილიაო. თვალები უბრწყინავდა. სახელი მან დაარქვა – ნინო. სულ იმას ამბობდა, კარგად უნდა ისწავლოსო… დარწმუნებული ვარ ლამაზი გოგო იქნებაო… ლევანის დაღუპვის შემდეგ გავიგე, რომ მეორე შვილი მეყოლებოდა. ისე გარდაიცვალა არ იცოდა მეორე შვილის მამა რომ გახდებოდა. 8 თვის მერე დაიბადა მარიამი…“ ლევან თეფანია შინ ბოლოს 6 აგვისტოს იყო. ნატა გაიხსენებს, რომ ლევანს გული უგრძნობდა… მეუღლე: „უხასიათოდ იყო, არ უსაუზმია ისე წავიდა ნაწილში. სამხედრო ნაწილამდე სულ ფეხით დადიოდა, დაახლოებით 4 კილომეტრშია ჩვენგან ნაწილი… წინა საღამოს ბიჭებისთვის უთქვამს, რამე რომ მოხდეს და ომი დაიწყოს, ცოცხალი ვერ გადავრჩებიო… ჩემთან არაფერი უთქვამს… ჩემი დედამთილი იყო უცნაურად აფორიაქებული, ადგილს ვერ პოულობდა, რაღაცას ნერვიულობდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რას… მე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ შინ მშვიდობით დაბრუნდებოდა, მაგრამ სენაკის ბაზის დაბომბვის შემდეგ შიშმა ამიტანა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ გადარჩებოდა… ცხრაში დილით ველაპარაკე, მითხრა, მალე მოვბრუნდებითო. მეხვეწებოდა ბავშვს მიმიხედეო. ეს იყო დილით ათ საათზე. თორმეტზე კი ცხინვალში, ხეთაგუროვზე დაიღუპა… მისმა მეგობარმა გვითხრა, ზურგიდან ნასროლი ტყვიით არის მოკლულიო. რუსებმა, რომელიღაც სოფელში შეიტყუეს და ჩაცხრილესო. არტერიაში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია. მთელი დღე ვურეკავდით, მაგრამ ვერ ვუკავშირდებოდით, გამორთული ჰქონდა… ნინო მაშინ ათი თვის იყო, ლაპარაკიც არ იცოდა. იმ დღეს თქვა პირველი სიტყვა „მამა“ და მთელი დღე ტიროდა. გაოცებული ვიყავით ყველანი, რა ატირებსო. როგორც კი გავიგეთ ლევანის გარდაცვალების ამბავი, ბავშვმა ტირილი შეწყვიტა. სულ მიდიოდა სურათთან და ეფერებოდა მამა-მამაო… თუ რამე ხელში ჩაუვარდებოდა კანფეტი, ან ხილი, მამის სურათთან მიჰქონდა და დებდა. ამბობდა: მამას უნდაო… რაც წამოიზარდა, დასჩემდა ვინმე ტკბილეულს რომ მისცემს და ჰკითხავ საიდან მოიტანეო, ამბობს მამამ მომცა, მამამ მომიტანაო… ხშირად ფანჯარაში იყურება და რომ ვკითხავ, რას უყურებ-მეთქი, მეუბნება – მამა მოვა და ველოდებიო… ხშირად მეკითხება, მამა სად წავიდა, როდის მოვა? ვეუბნები, რომ ზეცაშია და იქიდან უყურებს და იცავს მას….“ ლევანს ორი ძმა ჰყავდა და ნატვრად ჰქონდა სამივე ძმას ერთ სახლში ეცხოვრათ, ერთ დიდ ოჯახად… ნატა, ლევანის მეუღლე: „ლევანის ორივე ძმა, ირაკლი და ალექსანდრე, ლევანის დაღუპვის შემდეგ დაოჯახდნენ, დღეს ყველანი ერთად ვცხოვრობთ, ისე, როგორც ლევანს უნდოდა… ძალიან ძნელია ჩემთვის მის გარეშე ყოფნა… ერთმანეთისთვის ვყოფილვართ შექმნილი და ასეთი ბედი გვქონია, ყველაფერი ღვთის ნებაა…“

შავი ჩაი ასკილით
loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი