ომის გმირები: კობა ხარჩილავა

კობა_ხარჩილავა

კაპრალი კობა ხარჩილავა ცხინვალის მისადგომებთან 11 აგვისტოს საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. ჭურვის ანასხლეტი მოხვდა, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: `ომამდე ერთი კვირით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. ის ერთი კვირა, ძალიან დაღონებული იყო, ჩემთან არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დარდობდა. სახლიდან რომ გავიდა, ეკლესიასთან გაჩერებულა, მუხლებზე დაჩოქილა და ლოცულობდა. ეს ყველაფერი მერე ბავშვებმა გვითხრეს… დედის გულიც გრძნობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ომი დაიწყებოდა… 7 აგვისტოს, როცა პირველი იერიში მოიტანეს ჩვენზე, ძალიან ცუდად გავხდი. დღე ერთი იყო და მასთან დარეკვა ასი. სულ ტელეფონზე ვეკიდე. ბოლოს, რომ ველაპარაკე, მითხრა, ქუთაისში ვარო… არადა ამ დროს ცხინვალში, მტერს ეომებოდა… ბოლოს 10 აგვისტოს ველაპარაკე, სად და როგორ ვარ, ამის თქმის უფლება არ მაქვსო. არ ვიცი რუსი თუ ოსი ჯარისკაცი, ტყვედ აუყვანია და უფროსისთვის ჩაუბარებია… დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან… საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა… ბიჭები ამბობდნენ, ისე იქცეოდა, თითქოს იცოდა, რომ უნდა დაღუპულიყოო… სანამ დაიღუპებოდა, ჩვენი მეზობელი ბიჭისთვის უთქვამს, როგორ ფიქრობ, აქედან ცოცხლები გავალთო? მერე ისიც დაუყოლებია, მგონი მე აქედან გასვლა არ მიწერიაო… 11 აგვისტოს, დილაადრიან, ცხინვალის მისადგომებთან, ჭურვის ჩამოგდების შემდეგ ანასხლეტი მოხვედრია ხერხემალში. ფეხი ჰქონდა მოტეხილი. როგორც კი წაქცეულა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოუსწრია, გაუღიმია და სულიც დაულევია… ორი დღის მერე გავიგე, რომ აღარ მყავდა, ჩემი გაჭირვებით გაზრდილი შვილი… ყველას სცოდნია ჩვენს გარდა და თქმას ვერ გვიბედავდნენ… ბებიის და ბაბუის გვერდით დავკრძალეთ… კობა ხარჩილავა 1987 წლის 14 ივნისს დაიბადა წალენჯიხაში. ოჯახში მეორე ბიჭი იყო. უმცროსი და ჰყავდა, სამი თვის ორსული იყო და, როცა კობა ომში წავიდა. ოცნებობდა დისშვილზე, ბიძა ვხდებიო, ამაყობდა თურმე, მაგრამ ვერც ბიძობას მოესწრო და ვერც საკუთარ ოჯახს, არადა საკონტრაქტოს დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდა, შეყვარებული ჰყოლია, ტელეფონით გაცნობილი გოგო. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: `ჩემი გოგო სამი თვის ორსული იყო, როცა კობა დაიღუპა. ოცნებობდა, ნეტა ბიძა როდის გავხდებიო… არც მამობა ეღირსა და არც ბიძობა… დაოჯახება ვერ მოასწრო… მარტვილელი გოგო ჰყვარებია. ტელეფონით გაუცნიათ ერთმანეთი. იმ გოგოს ქუთაისში, ჯარშიც მიუკითხებია. ერთი წელი ტელეფონით ჰქონდათ ურთიერთობა. სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს… დაოჯახება გადაწყვეტილი ჰქონდათ, ამბობდა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, იქამდე ცოლს არ მოვიყვანო. არ ვიცი გული მიგრძნობდა რამეს თუ არა, მაგრამ სულ იმას ვეხვეწებოდი, დედა შენს თანატოლებს უკვე დიდი შვილები ჰყავთ და შენც მოიყვანე, ბავშვს ჩვენ გაგიზრდით-მეთქი. არა დედა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, მანამდე არ დავოჯახდებიო, ხომ ხედავ ჩემს თანატოლებს ცოლ-შვილი ჰყავთ, მაგრამ სულ ჯარში არიან და ენატრებათო… კობა ხარჩილავამ სოფელ ჯგალის საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულოში გაიწვიეს. 6 თვის შემდეგ, კობამ და მისმა ორმა თანასოფლელმა, კონტრაქტზე შესვლა გადაწყვიტეს. ქუთაისში, 31-ე ბრიგადაში, III ბატალიონში გაანაწილეს. წოდებით კაპრალი, ყუმბარმტყორცნელი იყო. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: ისე მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომ არავინ არ ვიცოდით. 2005 წელს შევიდა კონტრაქტზე, 2 წელი და 6 თვე იყო გასული… მანამდე ერაყშიც იყო ნამყოფი სამშვიდობო მისიით. გამორჩეული ბატალიონიაო და 6 თვის ნაცვლად 10 თვე დატოვეს… ძალიან მოსწონდა ჯარის მკაცრი ცხოვრება. ორი წლის განმავლობაში ერთი შენიშვნა არ დაუმსახურებია. ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა გავაგრძელოო…~ კონტრაქტი გაგრძელდა, სამუდამოდ… 21 წლის კობა ხარჩილავამ სამშობლოს წინაშე დადებული ფიცი პირნათლად შეასრულა და ისტორიაში კიდევ ერთი თავდადებული ქართველი გმირის სახელით შევიდა.

პოპულარული

„ადეიშვილი მომიცუცქდა, ყურში მეუბნება - შენ ეცეკვე ჩემს მაგივრად... ყველაფერს გაპატიებო...“ - კობა სუბელიანი ადეიშვილის „ბოლო ქორწილის“ ამბავს იხსენებს
პრეზიდენტის მორიგი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი