ომის გმირები: კობა სერგია

კობა სერგია

ის გმირულად დაეცა ცხინვალში. ამქვეყნად დარჩა ორი მცირეწლოვანი ვაჟი, ახალგაზრდა ქვრივი და… გმირის სახელი. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სკოლაახალდამთავრებულ, 17 წლის ჭაბუკში მეომარმა გაიღვიძა – წამითაც არ დაფიქრებულა, ისე ჩაება ბრძოლაში. დაჭრილი გამოარიდეს წინა ხაზს. ამ ომმა განსაზღვრა მთელი მისი მომავალი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოვლის შემდეგ, სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად, სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. 20 წლის იყო, მომავალი მეუღლე – თამარ ჩიკორია რომ გაიცნო. თამარ ჩიკორიაც აფხაზეთიდანაა. ომი მათი ცხოვრების თანამდევი იყო მუდამ… თამარ ჩიკორია, მეუღლე: „რვა წელი ვიცნობდით ერთმანეთს, სანამ დავქორწინდებოდით. წლების მანძილზე კრწანისის 113-ე ბატალიონში მსახურობდა. შემდეგ ერაყში წავიდა. სულ ვეჭვიანობდი ჯარზე, ოჯახისთვის არასდროს ეცალა, ახალი წელი მისთვის არ იყო და აღდგომა. სულ ჩქარობდა, სულ მოსწრებაზე იყო. სულ ვეუბნებოდი, რატომ ხარ ასეთი სულსწრაფი, წყნარად ჭამე, წყნარად ილაპარაკე- მეთქი, სულ მეშინოდა… ბოლოს ძალიან შეიცვალა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე გახდა, სულ თვალებში შემომყურებდა, სულ მეფერებოდა. ბოლოს ერთი მეგრული სიმღერა ჰქონდა ამოჩემებული – „ჩემი გულის ვარდი ხარ და რომ მოვკვდები, კარგად მიტირეო“. ასეთი სიტყვებია ამ სიმღერაში… მე მიმღეროდა, ეს ძალიან მაღიზიანებდა და შიშს მგვრიდა, ახლა ვხვდები, რისიც მეშინოდა….“ კაპიტანი კობა სერგია ბოლოს ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა შტაბის უფროსად. თამარ (მაკა) ჩიკორია: „ექვს აგვისტოს სახლში მოვიდა, მძღოლი გაუშვა და არც საჭმელი ჭამა, ძალიან უხასიათოდ იყო, ბავშვები გავიყვანე დასაძინებლად და მეც ჩამძინებია. რომ გამეღვიძა, უკვე ჩექმებს იცვამდა, მითხრა: დაიძინე, წავალ და მალე მოვალო. შევბრუნდი და ძილი გავაგრძელე, არც გამიცილებია, არც ბავშვებისთვის უკოცნია, არ დაგვმშვიდობებია. მარტო დედაჩემისთვის უთქვამს: მგონი, ომი დაიწყო და მაკასა და ბავშვებს მიმიხედეო. წინა კორპუსის მეზობელს უნახავს, ტელეფონით იძლეოდა ბრძანებებს… მე არაფერი ვიცოდი, დილით ბავშვები სასეირნოდ რომ გავიყვანე, მაშინ გავიგე მეზობლისგან, რომ ომი დაიწყო. მაგრამ კობას ვეღარ დავურეკე. გამახსენდა, ერთხელ გამაფრთხილა, ეგეთ სიტუაციაში არ დამირეკო, თორემ შეიძლება სნაიპერი მიმიზნებდეს და შენი მოკლული ვიქნები, იცოდეო. სამი დღე ვითმინე. პარასკევს, საღამოს, ცხრის ათ წუთზე დამირეკა სხვისი ტელეფონიდან, მითხრა: მე კარგად ვარ, მაგრამ მეგობარი ამირან ცერცვაძე მომიკლესო. ვიცოდი, რომ მარტო ამის გამო შეაკლავდა მტერს თავს… ვუთხარი: აი, ნახავ, ამირო ცოცხალი იქნება, მე მას ვიპოვი-მეთქი. მართლაც, ყველა საავადმყოფოში დავრეკე და მეორე დღეს ღუდუშაურში ვიპოვე, ხელში იყო დაჭრილი… კობას ვურეკავდი, რომ მეხარებინა, მაგრამ ტელეფონი არ აიღო, გულმა ცუდი მიგრძნო… თავის ნომერს რომ არ პასუხობდა, იმ ნომერზე დავრეკე, საიდანაც წინა დღეს დამირეკა. მეგობარმა მიპასუხა, იმ ბიჭს ვთხოვე, კობასთვის გადაეცა, რომ ამირო ცოცხალი იყო. მას მერე ვერც ამ ბიჭს დავუკავშირდი და ვერც კობას… არ მინდოდა, მისი სიკვდილი გამეგო… შვილებიდან ლუკა მე მგავს და დათო – მამას. ამიტომ დეენემი ლუკას ავუღე, იმ იმედით, რომ არ დაემთხვეოდა. 28 სექტემბერს პასუხი უკვე ცნობილი იყო, თუმცა თქმა ვერავინ გაბედა, ბოლოს მისი მეგობარი გამოვტეხე… ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ორი თვე შვილებსაც ვეღარ ვუვლიდი…“ კაპიტნის მეუღლისთვის დღემდე უცნობია, ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა მისი მეუღლე. ერთ-ერთი ვერსიით, კობა სერგია, მეთაური დოლიძე და ჯოჯუა ცხინვალში იყვნენ, როცა რუსები შემოვიდნენ. რუსებსა და ოსებს შორის მოექცნენ, ვეღარც წინ წავიდნენ, ვერც უკან მოდიოდნენ და თავი მახლობელ შენობას შეაფარეს, რუსებმა ნაღმი შეუგდეს და სამივე იქ დაიღუპა. თამარ ჩიკორია: „მუხათგვერდში იყო 27-ე ნომრად დაკრძალული, იქ დავიტირე. ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის მაინც ვერ ვიმეტებ, ჩემმა ძმამ ძმათა სასაფლაოზე გადმოასვენა… ახლა მივხვდი, რა რთული ყოფილა ცხოვრება…“ კაპიტანი კობა სერგია 1975 წლის 13 იანვარს, ზუგდიდის რაიონში დაიბადა, ნანატრი ვაჟი იყო. მეშვიდე კლასამდე ზუგდიდის რაიონში ცხოვრობდა, შემდეგ ბიძებთან გადავიდა გაგრაში. გაგრაშივე დაამთავრა სკოლა. მერე იყო აფხაზეთის ომი, სავალდებულო ჯარი, სამხედრო აკადემია. მან თავისი კარიერა ომში გმირულად დაასრულა.

პოპულარული

სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა
საკუთარი ძმის ქორწილში, ნინი ქარსელაძემ ყველა დაჩრდილა - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი (ფოტოები)
17 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში მამა 14 წლის შვილს ჯაჭვით აბამდა და ძალადობდა - საზარელი შემთხვევის ამსახველი ფოტო
დაწერე კომენტარი