ომის გმირები: კახა კოშაძე

kaxa_koshadze

აგვისტოს 11, შინდისი, ბოლო ბრძოლა კახა კოშაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შეტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა და მისი სახელი მარადისობამ მიისაკუთრა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. მის ოჯახს კი დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ კახა მათთან აღარ არის. „მე თვითონ ჩამოვალო“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე კავშირი შეწყდა. ზვიად კოშაძე, ძმა: „სად ხარ-მეთქი, კარგად ვარ, ჩემზე აღარ ინერვიულოთ, მერე მე თვითონ ჩამოვალო. ეს დამამახსოვრდა. თავისი ნომრიდან დარეკა. უკან რომ გადავრეკე, უკვე გათიშული იყო“. ოჯახს ამ ფრაზამ: „არ ინერვიულოთ, მე თვითონ ჩამოვალო“, იმედი მისცა, რომ კახა შინდისიდან გამოსვლის შემდეგ ტყვედ ჩავარდა, თუმცა დეენემის ანალიზმა სხვა შედეგი აჩვენა. მამა: „როგორც გვითხრეს, შინდისის სადგურიდან აიყვანეს მიცვალებული. ჯარისკაცი, რომელიც კახასთან ერთად იყო მანქანაზე, ამბობს, ჯერ კახა გადახტა, მერე მე და გავიქეცით, მას მერე აღარ გვინახავსო“. კოშაძეების ოჯახი ტრაგედიას ვერ ეგუება. მამა რომ იტყვის, „კახა მეგობრული ბიჭი იყოო“, დედას ელდა ეცემა: „იყო და არის! რომ იტყვის ხოლმე, იყოო, გულზე მხვდება…“ აკაკი კოშაძემ და მზია ვარსიმაშვილმა 3 ბიჭი გაზარდეს. თამაზი სულ 11 თვით უფროსია კახაზე. კახა 22 წლის იყო. „ორი აკვანი გვედგა, ერთი რომ მორჩებოდა ტირილს, მეორე იწყებდა. ხან ერთმანეთს აჰყვებოდნენ…“, – იხსენებს დედა. გავიდა დრო და პატარა ცრემლისმღვრელი ბიჭები დაიზარდნენ და ომში წავიდნენ სამშობლოსთვის სისხლის დასაღვრელად. უმცროსს, 17 წლის ზვიადსაც უნდოდა ომში წასვლა. მაგრამ ასაკი არ უწყობდა ხელს. დედა: „კახა გამორჩეული იყო ძმებში, დაუზარელი. რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს აკეთებდა. თუ რამეს ვეტყოდი, ისეთს, მისთვის მიუღებელს, წყნარად, ხმის აუწევლად მიხსნიდა: ასე სჯობსო, იქით მაჯერებდა. სკოლიდან წელგამართული და ამაყი ვბრუნდებოდი, საშუალო მოსწავლე იყო, მაგრამ ყველა მასწავლებელი მადლობას მიხდიდა, ასეთი კარგი და ზრდილობიანი შვილი გყავსო… ბიჭები არსად არ მიდიოდნენ, აქ იყვნენ ხოლმე, ეზოში, მაგრამ საღამოს რომ შეაგვიანდებოდათ, სინათლე არ იყო ხოლმე და სანთლით ვეძებდი… მეზობლები მეუბნებიან, ერთი უწმაწური სიტყვა არ გაგვიგია შენი შვილებისგანო. ვერ ვიჯერებ, ჩემი შვილი მე ცოცხალი მგონია. ჩემს ტვინში ვერ გავატარე ეს აზრი, უბრალოდ, გააზრებაც არ შემიძლია, რომ ჩემი შვილი აღარაა. კარს გავაღებ, თუ ფანჯარაში ვიყურები, ასე მგონია, წუთი წუთზე უნდა გამოჩნდეს და სახლში შემოვიდეს. რატომღაც ასეთი გრძნობა მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის ეს გრძნობა“. კახას რკინის კაცის წოდება ჰქონდა, ასი კაციდან ორმა აიღო ეს წოდება. დედა: „ძალიან მშრომელი იყო, ყველას ეხმარებოდა, ერთხელ კლასის რემონტი გააკეთა, შეღება, მერხები დააჭედა. რემონტი რომ დამთავრდა, აცეტონი მთხოვა, მივეცი, ეს არ მეყოფაო, მერე „ბრიტვები“ მთხოვა, დავეჭვდი, მივედი სკოლაში, რას ვხედავ. შევედი კლასში, კახა დგას და თეთრად შეღებილ დაფას აცეტონით წმენდს, დამრიგებელი ზის და ტირის: ყველაფერი კახამ გააკეთა, ბოლოს დაფაც თეთრად გადაღებაო. კახა დგას გაბუსული, საღებავი დამრჩა და რაღაც ხომ უნდა შემეღება, ხომ არ გავაფუჭებდიო…“ კახა კოშაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ, სტომატოლოგიურზე ჩააბარა. მერე ჯარში გაიწვიეს. დედა: „ჯარი სულ 3 თვის მოვლილი ჰქონდა და ისევ ჯარში წავიდა კონტრაქტით. უფროსი ბიჭიც სენაკში მსახურობდა, კარგი პირობები იყო, სისუფთავე, კარგი კვება, ვიფიქრე, ერთად წავლენ, წამოვლენ, რას ვიფიქრებდი… გუშინდელ დღესავით მახსოვს, ერთად როგორ გავიდნენ… სიცილით გადიოდა… ღიმილით წავიდა ბავშვი ჯარში…“ ოჯახს დეენემის პასუხი 11 ოქტომბერს მიუვიდა. მისი საფლავის ნომერიც 11-ია.

იზრუნე ჯანმრთელობაზე
loading…
გააკეთე კომენტარი!