ომის გმირები: ილია შეყლაშვილი

ილია_შეყლაშვილი

კაპრალი ილია შეყლაშვილი შინდისში დაღუპული გმირებიდან ერთ-ერთია. სნაიპერის ტყვია მას მაშინ დაეწია, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები შუა ცეცხლიდან გაჰყავდა. „მკერდით იცავდა ხალხს, დაჭრილები გამოჰყავდა, გმირულად იბრძოდა“ – თანამებრძოლების ნათქვამი ამ სიტყვებით ინუგეშებს ილიას ოჯახი თავს. მათ იციან, რომ ილია სამშობლოსთვის დაღუპული გმირია. აკაკი შეყლაშვილი, ძმა: „11 აგვისტოს შინდისში 17 დაღუპული ბიჭიდან ერთ-ერთი იყო. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სნაიპერმა ესროლა. 10 რიცხვში რამდენჯერმე მამაჩემთან დაურეკავს. მას მერე ვეღარ დავუკავშირდით. 11-ში რომ დავრეკეთ, გვითხრეს დაიღუპაო. 15-ში ღამე გადმოვასვენეთ თბილისში. მასთან ერთად ვინც იყვნენ, ის ბიჭები გვიყვებოდნენ მერე, გმირულად იბრძოდაო, ბევრი გადაურჩენია.“ ილია შეყლაშვილი, 1984 წელს, თბილისში დაიბადა. პირველი შვილი იყო. დედმამიშვილებში თავიდანვე ყველაზე სამაგალითო. თბილისის 192–ე სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამთავრობო დაცვაში მოიხადა სავალდებულო სამსახური და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აკაკი შეყლაშვილი: „7 თვე ჰქონდა დარჩენილი და ოთხწლიან კონტრაქტს ამთავრებდა. კონტრაქტს უკვე ხელი რომ მოაწერა, მაშინ უთხრა მშობლებს, ჯარში წავედიო. პირველად ვაზიანში იყო, მერე ქუთაისში 1 წელი და დანარჩენი, ყველაზე დიდი დრო, სენაკში გაატარა. დაოჯახებული არ იყო. ისევ ჯარში დარჩენას აპირებდა, ოღონდ სხვა მიმართულებით უნდოდა წასვლა. მეც სავალდებულო ჯარში ვიყავი ზუგდიდში, იქაც მაკითხავდა ხოლმე. ბოლოს სახლიდან 4 რიცხვში გავიდა. ჩვენი და გერმანიაში მიდიოდა, გააცილა და წავიდა. დედაჩემი და მამაჩემი რაჭაში ცხოვრობენ. დედას არ ვეუბნებოდით, რომ ომში იყო. მერე კი ყველაფერი გაიგო… ძმა ძალიან მაკლია. არც ღამე გავა და არც დღე, რომ არ გამახსენდეს. ჯარში რომ იყო, ვიცოდი, არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა, რომ აღარ არის, სულ სხვანაირად ვარ, ძალიან მიჭირს. 11-ში დაიღუპა და 23- ში დაბადების დღე ჰქონდა, 25 წლის უნდა გამხდარიყო. სოფელში ვაპირებდით აღნიშვნას.“ ილია შინდისის გმირია, საბედისწერო შინდისის, რომელიც აგვისტოს ომში გმირების სასაფლაოდ იქცა. ბევრი წელი გავა, სამშობლოსთვის დაცემული ბიჭების სახელებს წლები ლეგენდად აქცევს, მათი სახელი კი ისტორიაში შევა.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი