ომის გმირები: თენგიზ ჭაღალიძე

თენგიზ_ჭაღალიძე

ცხინვალის მისადგომებთან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი მტრის ცეცხლს იგერიებდა. მოწინააღმდეგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ბატალიონის სამედიცინო ნაწილის კაპრალს, თენგის ჭაღალიძეს მკლავში გაუარა. დაჭრილ კაპრალს თანამებრძოლებმა რამდენჯერმე შესთავაზეს საცეცხლე ზონიდან გაყვანა, თუმცა უარი მიიღეს. რამდენიმე წუთში კი რუსულმა ავიაციამ ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო. დაჭრილი თენგიზი ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. თენგიზ ჭაღალიძე 1988 წლის 16 ივნისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, ჭაღალიძეების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. არასრული განათლება ბობოყვათის საშუალო სკოლაში მიიღო, თუმცა სწავლა აღარ გაუგრძელებია. სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური ბათუმში გაიარა, რამდენიმე თვე კოდორის ხეობაშიც იმსახურა. შოთა ჭაღალიძე, დაღუპულის მამა: „ბავშვობიდან წყნარი და თავაზიანი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა, ამ პერიოდში, მცირე ხნის განმავლობაში, კოდორის ხეობაშიც მოუწია ყოფნა. იმდენად მოეწონა სამხედრო ცხოვრება, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც სავალდებულო სამსახური მოიხადა, რეგულარულში საკონტრაქტო სამსახურზე წასვლა გადაწყვიტა. ჩაირიცხა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში. შემდეგ სამედიცინო დანაყოფში მოხვდა, ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა ბოლოს ომი დაიწყო და მისი ბატალიონი ცხინვალში შევიდა.“ ზინა ჭაღალიძე, დაღუპულის დედა: „ოჯახში ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო, ძალიან უყვარდა თავისი და-ძმაც. თენგიზს ტყუპისცალი ჰყავს, ჩემი ქალიშვილი, განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ მასთან ჰქონდა. მახსოვს, როდესაც პირველი ხელფასი აიღო და სამხედრო ნაწილიდან სახლში დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა, დედა, რა გაჩუქოო, მკითხა. მესიამოვნა მისგან ასეთი თბილი ჟესტი. ყველაფერი ჩვენთვის უნდოდა. ნეტავ ასეთი შვილი ყველა დედას ჰყავდეს“. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კაპრალმა, თენგიზ ჭაღალიძემ, თანამებრძოლებთან ერთად, სამედიცინო მომზადების სპეციალური კურსები გაიარა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიისთვის ემზადებოდა, თუმცა, მეოთხე ბრიგადის მედიკოსებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება რუსეთის წინააღმდეგ ომში მოუწიათ. მიუხედავად მოწინააღმდეგის ავიაციის გამუდმებული შეტევებისა, ქართველმა მედიკოსებმა ფრონტის წინა ხაზზე არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს და მოახერხეს მათი დროული ევაკუაცია. შოთა ჭაღალიძე, მამა: „სახლიდან ბოლოს 28 ივლისს გავიდა, დილით მოწყენილი იყო, გაცილებისას თითქოს გვერდზე გადიოდა. ვკითხე, შვილო რა გჭირს-მეთქი, მიპასუხა, მამა, ვნერვიულობ, არ მინდა რომ ბრიგადაში დამაგვიანდეს და ამისთვის საყვედური მივიღოო. არასდროს არ მიუღია საყვედური ჯარში. არასდროს აგვიანებდა სამსახურში, ერჩივნა სახლიდან ადრე წასულიყო და დროულად ყოფილიყო სამხედრო ნაწილში. აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ერაყში წასასვლელად ემზადებოდნენ, ამისთვის მომზადების სპეციალური კურსი გაიარეს. სამედიცინო მომზადების კურსის დასკვნითი ეტაპი უნდა ჰქონოდათ, თუმცა შვიდში ომი დაიწყო. მისი ბატალიონი ცხინვალის მიმართულებით წავიდა. ბიჭებმა თავგანწირვით იომეს და უკანაც განდევნეს მოწინააღმდეგე, მაგრამ შემდეგ რუსეთმა ავიაციით დაბომბა მათი პოზიციები. თენგიზი მედიკოსი იყო და, როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს, ბევრი დაჭრილისთვის აღმოუჩენია პირველადი სამედიცინო დახმარება. ცხინვალიდან რომ გამოდიოდნენ ოსური პოზიციებიდან ცეცხლი გახსნეს, ტყვია თურმე ხელში მოხვდა თენგიზს, საკმაოდ სერიოზული ჭრილობა მიუღია მკლავში, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარება საკუთარ თავს თვითონ გაუწია. მისი მეგობრები, ექიმები მისულან და უთქვამთ, წამო, გაგიყვანთ აქედან და გორის ჰოსპიტალში უკეთესად მოგხედავენო, მაგრამ თენგიზს უთქვამს, ეს რა სალაპარაკოა, ბიჭებს ჩემზე გაცილებით სერიოზული ჭრილობები აქვთ და ისინი გაიყვანეთო. მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ცხინვალის შემოგარენში, ხეხილის ბაღში განლაგდნენ. დაჭრილ კაპრალს აქაც შესთავაზეს საცეცხლე ზონიდან გაყვანა, მაგრამ ოცი წლის ჯარისკაცმა, მასზე გაცილებით უფროს და გამოცდილ თანამებრძოლებს კვლავ უარით უპასუხა. საკმაოდ მძიმე ჭრილობით, თენგიზ ჭაღალიძე, დაჭრილი თანამებრძოლთა დახმარებასაც ახერხებდა და საკუთარ თავსაც პატრონობდა. ზინა ჭაღალიძე, დაღუპულის დედა: „სანამ დაიღუპებოდა მანამდე რამდენიმე ჯარისკაცისთვის ჭრილობა შეუხვევია. ჩემი ნათესავის შვილი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. უკან დახევისას ერთად ყოფილან. თენგიზისთვის უთქვამს, იარაღი დაუტოვე ბიჭებს, ისინი წამოიღებენ, წამო გაგიყვან გორის ჰოსპიტალში, იქ უსაფრთხოდ იქნები, ჭრილობას კარგად დაგიმუშავებენ და ცოტა ხანში თავსაც უკეთ იგრძნობო. გაუბრაზდა თურმე, გაგიჟდი, ქვეყანას ახლა აქ ვჭირდებით, ჯარისკაცები ვართ, ჩვენი დანიშნულება ჩვენი მიწის დაცვაა, აქედან ამ ნაკაწრის გამო გამოვიდე და ბიჭები დავტოვოო?! არავის დაუჯერა და ბოლომდე მისი თანამებრძოლების გვერდით იდგა .“ რამდენიმე წუთში კი ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი მოწინააღმდეგის მოიერიშეებმა დაბომბეს. 9 აგვისტოს, დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის ცხედარი იმავე ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც დაიღუპა… რამდენიმე დღეში ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებდნენ. ოკუპანტებმა ქართულ მოსახლეობას დაღუპული მეომრების ცხედრების გამოტანის უფლებაც კი არ მისცეს. 26 აგვისტოს დაღუპული ბიჭების ცხედრები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დაღუპული ჯარისკაცის მამა შვილის ოცნებებს იხსენებს და თავად იმ ადგილას ჩასვლაზე ოცნებობს, სადაც კაპრალმა ჭაღალიძემ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა. „ბევრი გეგმები ჰქონდა. ბევრი ოცნებები. უნდოდა სახლი აეშენებინა და ყველას ერთად, ბედნიერად გვეცხოვრა. ძალიან მინდა იმ ადგილზე ჩავიდე, სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, თუმცა ახლა იქ რუსული საოკუპაციო ჯარები დგას და ეს შეუძლებელია. მინდა საკუთარი თვალით ვნახო ის ადგილი, სადაც ჩვენი ბიჭები რუსულმა ჭურვებმა იმსხვერპლა და იქ დავუნთო სანთელი მათ ხსოვნას. ისტორია იტყვის თავის სიტყვას. შემდეგი თაობები მაგალითს აიღებენ მათგან და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გაერთიანდება. ძნელია შვილის დაღუპვა, ძნელია, როცა ის შენს გვერდით აღარ არის, თუმცა მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი საქართველოს გმირია.“

loading…

პოპულარული

ახალი სკანდალი მოზარდების მკვლელობის საქმეზე და მირზა სუბელიანის მუქარა ხელისუფლებას - "ორი ჩანაწერი უნდა და ოცნება აღარ იქნებით“ (ვიდეო)
"ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით... ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე...ცი... ვანოს თემა, მინდოდა ეს ტრ...ში შემეტენა?!" - მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერი
"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ციხიდან - რატომ არ ითხოვს ყოფილი პრემიერი შეწყალებას პრეზიდენტისგან და რას ამბობს ის "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფაზე (ვიდეო)
დაწერე კომენტარი