ომის გმირები: ზურაბ აბრამაშვილი

ზურაბ აბრამიშვილი კაპრალი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1987 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

ის გმირია – დაიღუპა მამულისთვის.

ზურა ვარიანელია… იაკობის სოფლიდან. ზურა ამაყობდა, რომ ღმერთკაცის სოფლიდან იყო. ბავშვობაში ჰქონდა ტირის თოფი და ჩიტებზე სანადიროდ დადიოდა, ერთთავად ლიახვზე იყო საბანაოდ, მერე დავაჟკაცდა და როცა ლიახვის ხეობას მტერი შეესია, უკვე სამშობლოს ჯარისკაცი, თავის ტყვიამფრქვევით ნადირობდა მტერზე… ბრძოლით გაიარა ცხრა სოფელი ცხინვალამდე. მტრისგან 14 წლის წინათ წართმეული ცხინვალის დაბრუნებით გამარჯვებაც დაიგემოვნა. ბოლოს ხეთაგუროვში იყო ჩასაფრებული, თანამებრძოლებთან ერთად, როცა ტყვია- წამალი შემოელიათ. ზურა ტყვია-წამლის მოსატანად გავარდა იქვე ახლოს, ზემოთ, ნაძვებთან და ის-ის იყო, უნდა წამოეღო, რომ პირველი საავიაციო დაბომბვა დაიწყო… 21 წლის ჭაბუკს, ზურაბ აბრამაშვილს რუსული ბომბის ნამსხვრევმა წაართვა სიცოცხლე… და აზიარა უკვდავებას…

„წყნარი, დინჯი, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ყველა უყვარდა, უთანხმოება არავისთან ჰქონია…“ – მძიმედ, სვენებ-სვენებით იწყებს გმირ ვაჟზე თხრობას მამა, გიორგი აბრამაშვილი. ისევ მრავლისმთქმელი, სევდით ნაფერი პაუზა… თხრობას გმირის ერთადერთი ძმა აგრძელებს: „ „ზურასგან არაფერი ზედმეტი არ გაგვიგია, პირიქით, ყველა კმაყოფილი იყო, ყველა მასთან მეგობრობდა და ყველას უყვარდა. ერთთავად მეგობრებთან იყო. ცელქი და ხიფათის მაძიებელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ თუ რამეს აკეთებდა, რაღაც მაინც უნდა სტკენოდა, ან ხელი, ან ფეხი… ერთხელ დედამ ქვაბით წყალი აადუღა, კიბეზე ჩამოდგა, ზურა პატარა იყო, 9 თუ 10 წლის, წყლის გადადგმა მოინდომა, არ იცოდა, ცხელი რომ იყო, მოკიდა ქვაბს ხელი და მთელ ტანზე გადაისხა, დაიფუფქა…“

მამა: „ამ შემთხვევის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, კიბიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ეს ძვალი ზუსტად იმავე ადგილას მეორედაც გაიტეხა, როცა ჭიდაობაზე შევიყვანეთ. 13 წლის იყო. იძულებული გახდა, ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა. რთული ბავშვი არ იყო. ხალისით გაატარა ბავშვობა. მეტ-ნაკლებად სწავლობდა, ისე, რომ არც მასწავლებლები იყვნენ უკმაყოფილო და არც ჩვენ. არ იყო მომთხოვნი, პრეტენზიული, რაც ჰქონდა, იმას სჯერდებოდა. არ მახსოვს, ეთქვას, ეს მიყიდეთ, ის მიყიდეთ… ის კი არა, რამე ახალს რომ ვყიდულობდით, ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს, და მის მეგობარს არ ჰქონდა, იმას ჩუქნიდა და თვითონ ისევ ძველებს იცვამდა. ჯარშიც ასე იყო, ვუყიდდით რამე ახალს, გავატანდით, მოვიდოდა და ისევ ძველები ეცვა, ბიჭებს ჩუქნიდა…“

ძმა: „ერთთავად მდინარეზე იყო და თუ მოძებნა გვინდოდა, ვიცოდით, სადაც უნდა გვეძებნა – ლიახვზე. თევზაობაც უყვარდა, თევზაობაზე მეტად – ჩიტებზე ნადირობა. სულ ტირის თოფით დადიოდა. ნადირობა უყვარდა, თორემ ჭამაზე დიდად არ იკლავდა თავს. სოფელში მუშაობა არ ეზარებოდა, პირიქით, უყვარდა, ჯარიდან ბევრჯერ დაღლილი მოსულა, მაგრამ მაინც მხარში ამოგვდგომია, საქმე გაგვიკეთებია…“

მამა: „მარტო ერთი თქმა უნდოდა: ზურა, დღეს ეს უნდა გავაკეთოთ, მეორედ თქმა საჭირო აღარ იყო…“ ძმა: „ყოველთვის ამაყობდა, რომ ვარიანიდან იყო, იაკობ გოგებაშვილის მშობლიური სოფლიდან, ამისთანა ღმერთკაცი გვყავდა, მთელ საქართველოს დედა ენა გვასწავლაო. სულ იმას ამბობდა, რომ ვარიანის გარდა, ვერსად ვერ იცხოვრებდა. მართლაც, ერთი ღამეც კი უჭირდა სხვაგან დარჩენა…“ სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური რომ მოიხადა, კონტრაქტით დარჩენა გადაწყვიტა. დედაც უშლიდა, მამაც, ძმაც, მაინც დარჩა. მამა: „რომ ვუშლიდი, მითხრა, ყველანი ვრჩებით კონტრაქტით და მე გამონაკლისი არ ვიქნებიო. სადაც ჩემი მეგობრები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო. რაღა უნდა მეთქვა?“ ჯარში დარჩენას აპირებდა, ძმას ეუბნებოდა თურმე, ეს ოთხი წელი რომ გავა და კონტრაქტს ვადა გაუვა, კიდევ უნდა დავრჩეო. ის სამშობლოს უვადო ჯარისკაცად დარჩა.

მალე ომი დაიწყო. ომის დაწყებამდე სამი დღით გამოუშვიათ შინ, თან თავისი ძმაკაცი ჯარისკაცები მიუყვანია სახლში. უქეიფიათ. ძმამ 2 აგვისტოს ჩააცილა გორამდე. დედას დღემდე ხინჯად აქვს გულზე ზურას ბოლო 123 სიტყვები. დედა-შვილი რაღაცაზე შეკამათებულან. ზურას რაღაც სიტყვა სწყენია. სწყენია, მაგრამ მარტო ის უთქვამს, წავალ და აღარ მოვალო… ოჯახს მას მერე არ ულაპარაკია ზურასთან, რაც ქვეყანაში სიტუაცია აირია, ტელეფონი სულ გამორთული ჰქონდა. ძმა: „ვაზიანიდან რომ გამოვიდა ჯარი და აქეთ დაიძრა, მაშინ ჩაურთავს ცოტა ხნით ტელეფონი და ჩემთან დაურეკავს. მაინცდამაინც მაშინ მქონდა ტელეფონი გამორთული. მერე ჩემს ძმაკაცთან დარეკა, მანდეთ მოვდივართო. დანარეკი რომ ვნახე, ვრეკავდი, ვრეკავდი, მაგრამ სულ გამორთული ჰქონდა…“

ბრძოლით გაიარა 9 სოფელი. იბრძოლა ცხინვალში. ბოლოს ხეთაგუროვში იყვნენ ჩასაფრებული. ძმა: „თანამებრძოლებისგან ვიცი, ჩასაფრებაში ვიყავით, დაბლა გაშლილები, ერთად 9 ბიჭი ვიყავით, ტყვია-წამალი შემოგველია, ვერავინ ვერ მივდიოდით, დაზაფრულები ვიყავით, გავიგეთ, რომ ავიაცია მოდიოდა. ჩვენი ტყვია- წამალი ზემოთ, ნაძვებთან იყო, ზურამ გვითხრა: ბიჭებო, რისი გეშინიათო, და გავარდა ტყვია-წამალზე, თან ორი ბიჭი გაიყოლა… როგორც მიყვებიან, მარტო მაშინ კი არა, ყველგან პირველი გარბოდა, სადაც საჭირო იყო. ასმეთაურმაც მითხრა, ისეთ რაღაცებს აკეთებდა, პირღია მტოვებდაო. უშიშარი იყო, ყველგან პირველი გარბოდა, ძახილით: „წავედით, წავედითო“… ნაძვებთან ტყვია- წამალზე რომ ავიდა, განგაში ატეხილა, ჰაერი მოვიდა, დაწექით, დაწექითო. დაწოლილან და რაღაც გასკდა. ტყვია-წამლის წამოღება ვეღარ მოასწრეს, სამივე ბიჭი დაიღუპა, ქვემოთ დარჩენილი ექვსი ბიჭიდან ორი დაიჭრა, გადარჩნენ. ვისაც ტყვია-წამალი ებარა, ის ბიჭი ვნახე შემდეგ, გურჯაანელი ბიჭია. ის მომიყვა, ტყვია-წამალი რომ უნდა წამოეღო, მაშინ დაიწყო დაბომბვა და ზურა საძილე არტერიაში დაიჭრა. ვცდილობდი, მეშველა, მაგრამ მეც დავიჭერი და მერე აღარაფერი მახსოვსო. მერე ტყვედაც ჰყავდათ ის ბიჭი…“

მამა: „9 აგვისტოს გორის ჰოსპიტალში ჩავედი, დაჭრილებში ვეძებდი ჩემს შვილს, ვერც მკვდრებში ვნახე, ვერც ცოცხლებში. ვარიანში რომ ავედი, ვნახე, რომ ცხინვალიდან უკან დახეული ჯარი ჩემს ბაღში იდგა. გავსებული იყო ბაღი ჯარისკაცებით. მეორე დილით, გათენდა თუ არა, ბაღში ჩავედი, ვკითხე: ბიჭებო, რომელი ბრიგადიდან ხართ-მეთქი. მეოთხე ბრიგადიდან, 42-ე ბატალიონიდანო. ზურა აბრამაშვილს არ იცნობთ-მეთქი? თქვენ ვინ ხართო. ვიფიქრე, რომ ვუთხრა, მამა ვარ, სიმართლე არ დამიმალონ-მეთქი და ჩემი შვილი მეზობლად გამოვაცხადე. დაიღუპაო… უცებ გავითიშე. ახალციხელი ბიჭი იყო, ზურას ძმაკაცი, უცებ ვერ მიცნო, იმან მითხრა. მელაპარაკებოდა ის ბიჭი, მაგრამ არ მესმოდა, რას მელაპარაკებოდა. იქვე მანქანა იდგა, ავეყუდე და ვაიმე, შვილო-მეთქი. ეს რომ გაიგეს, ბიჭები მომცვივდნენ: დაიცა, ძია, იქნება ტყუილიაო, რაღა ტყუილი უნდა ყოფილიყო, მისი ბატალიონის ბიჭებმა მითხრეს, ზურა 8 აგვისტოს, დილით, დაიღუპა, როცა ტყვია-წამალზე ავიდაო…“

ძმა: „ბევრი რაღაც გვითხრეს… 26 აგვისტოს გადმოსვენებულ 42 ბიჭს შორის იყო, მუხათგვერდში იყო დაკრძალული. მამა: „სამშობლოს მოსიყვარულე ბიჭი იყო და სამშობლოსთვის დაიღუპა…“ მამამ არ იცის, იყო თუ არა შეყვარებული მისი ვაჟი. ძმამ იცის, რომ ერთი გოგო მოსწონდა…

წყარო: http://august2008.org

loading…

პოპულარული

"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი