ომის გმირები: ზურაბ ბალაშვილი

ზურაბ ბალაშვილი კაპრალი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 1981 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

სოფელ ნიქოზზე მიტანილი საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა ზურაბ ბალაშვილი, რუსულმა ბომბდამშენებმა ნიქოზს 9 აგვისტოს შეუტიეს. ზურა იქ იყო, თავის ბატალიონთან ერთად. სიკვდილის წინ მეგობრებისთვის უთხოვია, ოჯახს მიმიხედეთო. 4 თვის იყო ლიკა, მამამ რომ დატოვა და თავისი თავდადებით გმირის ქალიშვილის სტატუსი მიანიჭა. კაპრალი ზურაბ ბალაშვილი 21-ე ბატალიონში მსახურობდა. 17 დეკემბერს 28 წლის გახდებოდა… ბალაშვილი ირინა, ზურას მეუღლე: `სანამ ომი დაიწყებოდა, წინა პერიოდში, ერთი კვირით სახლში იყო ჩამოსული. იმ ერთ კვირაში სულ იმას გაიძახოდა, მე თუ რამე დამემართა, თქვენ თავს მიხედეთო… სახლიდან 2 აგვისტოს გავიდა. როცა გადიოდა უკან მობრუნდა და ყველას სათითაოდ გამოგვემშვიდობა… ცრემლიანი თვალებით წავიდა… თითქოს გრძნობდა რაღაცას. კონტრაქტს ერთ წელში ამთავრებდა. ერაყშიც ნამყოფი იყო… ბოლოს 6 აგვისტოს ველაპარაკე, მითხრა – ბავშვს მიხედე და თავსაც გაუფრთხილდიო. მერე ჩემს ძმას დაურეკა, დაბადების დღე მიულოცა, უთქვამს: ერთი წლისთავი შეგვისრულდა, რაც მე და შენი და დავქორწინდით, შენს დაბადების დღეზეო… სახლშიც დაურეკავს და უთქვამს, ირინას არ გააგებინოთ, რომ ომში ვარო… ამ დროს უკვე ზემო ნიქოზში ყოფილა. არადა გვატყუებდა, არსად არ გავსულვარო. რომ დაიღუპა მერე გავიგეთ, რომ ომში იყო. 9 აგვისტოს დაღუპულა. ნიქოზში, საჰაერო დაბომბვა რომ მომხდარა, კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვედრია… არტერია ჰქონია გადაჭრილი… მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, ვინც მასთან ერთად იყვნენ ბოლო წუთამდე, უთქვამს ბიჭებისთვის ცოლ-შვილს მიმიხედეთ ბიჭებოო… მარტო ზურა დაიღუპა, მისი ბატალიონიდან ყველანი ცოცხლები არიან~. ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდა… უნდოდა ხუთი შვილი გვყოლოდა. ძალიან უყვარდა ბავშვები… ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველაფრის გაკეთება მოასწრო. ხელი მოვაწერეთ, 9 თებერვალს გადავიხადეთ ქორწილი… 9 აპრილს, ზურას გარდაცვლილი მამიდის დაბადების დღეზე, გოგონა შეგვეძინა და მისი სახელი ლიკა დავარქვით. უბედნიერესი ადამიანი იყო, როცა ლიკა გაჩნდა. არ გამოუშვეს ჯარიდან და სურათები გავუგზავნეთ. სამ დღეში მოვიდა… ყველაფერს გვპირდებოდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანები თქვენ იქნებითო… მეუბნებოდა, ნახე, როგორ უნდა გაცხოვროთო… ბავშვი ოთხი თვის იყო, მამა რომ დაეღუპა… მაშინ მოვნათლეთ ჩვენი შვილი. არადა ზურას უნდოდა დიდი ნათლობა გადაეხადა… ახლა სურათებით იცნობს მამას, საფლავზე ხშირად დამყავს. იცის, რომ მამა წასულია და ტკბილეული უნდა მოუტანოს. დღეს ლიკა მამას, მამაჩემს და ჩემ ძმას ეძახის… საშინელებაა მის გარეშე ცხოვრება. მთელი 5 თვე აზრზე ვერ მოვდიოდი. ყოველდღე სასწრაფო იდგა ჩვენს კარებთან. ალბათ, ადამიანი ეგუება ყველაფერს, შვილის გამო… ფეხზე უნდა დავდგე და გავზარდო. ჩემი გულიდან არასდროს არ წაიშლება ზურა…~ ზურა ბალაშვილი 1981 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. ოჯახში მეორე შვილი იყო. ზუსტად ერთი წელი იცხოვრა მეუღლესთან ერთად, ქორწინებიდან ერთი წლის თავზე დაიღუპა… არაფერი დარჩა ოჯახს სანუგეშო, გარდა იმისა, რომ იციან ზურა სამშობლოს შეეწირა და დღეს უკვდავყოფილი გმირების რიგებშია. პატარა ლიკა მამას მაინც ელოდება…

წყარო: http://august2008.org

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
დაწერე კომენტარი