ომის გმირები: ზურაბ ბეგიაშილი

ზურაბ ბეგიაშილი უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1980 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

მარტო ჩემი ბიჭი კი არ მოკლეს, ჩვენც მოგვკლეს, ის შვილებიც და მთელი შთამომავლობაც, რომელიც ჩემს შვილს უნდა ჰყოლოდა“, – ამბობს სამხედრო ექიმის, ზურა ბეგიაშვილის დედა… შვილის დაღუპვის შემდეგ მან ვეღარ შეძლო პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელება, მამამ ინსულტი მიიღო ორგზის – ჯერ აგვისტოში, შემდეგ დეკემბერში, როცა მისი ვაჟი მუხათგვერდიდან მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს. შვილის სიკვდილი… ასეთი სიმწარისთვის ზურას დედას ოსი და რუსი დედებიც არ ემეტება… ზურას ბუნება ჰყვარებია, საერთოდ, სოფლად რომ ვინმე ესტუმრებოდა, მშობლიური კუმისის ლამაზ ადგილებს ათვალიერებინებდა, ჩანჩქერს, სოფლის ეკლესიას, თვითონაც რომ სადმე უცხო სოფელში ჩავიდოდა, შთაბეჭდილებების მოყოლას იმ სოფლის სილამაზით იწყებდა… ნელი ბეგიაშვილი, ზურას დედა: „მთვარეც შეეძლო ლამაზად დაენახა. მახსოვს, ერთხელ მეძახდა: დედა, დედა, გამოდი, ნახე, რა ლამაზი მთვარეაო… მართლაც, ისეთი მრგვალი, დიდი, ბადრი მთვარე იყო… ხის ტოტებში შეეძლო შეემჩნია სილამაზე, მეტყოდა: ნახე, რა ლამაზიაო. ეჰ… ყველაფერი უყვარდა, ხატავდა, პატარა მოთხრობებს წერდა. ერთხელ, ზურას მასწავლებელმა მითხრა, ზურას რამდენი ტყუილი ჰყვარებიაო. შევიცხადე, ვაიმე, რატომ-მეთქი? რატომ და რომ ვიტყვი: აბა, ზღაპარს ვინ მოყვება-მეთქი, ადგება და ერთ ზღაპარს მეორეს მიაყოლებს, მეორეს მესამეს მიაბამს და ამ ზღაპრის გმირებს ერთმანეთთან აკავშირებსო. რომ ვეუბნები, მასე როდის იყო-მეთქი, რატომ არ შეიძლება, რომ ასე იყოსო? – პასუხობდა თურმე. თვითონ თხზავდა, კომბლეს დააკავშირებდა ნაცარქექიასთან… კირკიმალა იყო, უკირკიტებდა ყველაფერს, სულ „რატორატო“ ეკერა პირზე. შენ „რატომელა“ ხარ-მეთქი, ვეუბნებოდი. ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერს შლიდა, ზოგს აწყობდა, ზოგს – ვერა, მერე უკვე კონსტრუქტორებს ვყიდულობდი, დაჯდებოდა და თამაშობდა, ძალიან უყვარდა მათი დაშლა–აწყობა. მართლა „ღიმილის ბიჭი“ იყო, ყველა იხსენებს, როგორი მისალმება იცოდაო… სამსახურში მანქანით დადიოდა და სოფლიდან რომ გავიდოდა, ქალაქისკენ მიმავალს არავის დატოვებდა, ქალაქიდანაც, როცა მოდიოდა, სოფლისკენ მომავალს არავის დატოვებდა… ეჰ, ამას ვასწავლიდი, ასეთი უნდა იყო-მეთქი. მე მეგონა, ერთი ყურიდან მეორეში უშვებდა ჩემს დარიგებებს, მაგრამ თურმე ბევრ რამეს იმახსოვრებდა… საოცრად მოსიყვარულე და გულისხმიერი იყო. მახსოვს, კუჭის წყლული მაწუხებდა, ზურა მეოთხე კლასში იყო, ნათესავი გვესტუმრა, ჰკითხა: აბა, ზურა, რა უნდა გამოხვიდეო, კუჭების ექიმი უნდა გამოვიდეო. ნათესავი ჩაეკითხა, რატომო, იმიტომ, რომ დედიკოს კუჭი სტკივაო…“ ზურა მართლაც ექიმი გამოვიდა. ეს არჩევანი უფროსი დის არჩევანმაც განაპირობა – დამ სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, ზურაც სამედიცინო ინსტიტუტის კოლეჯში შეიყვანეს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამკურნალო ფაკულტეტის მეორე კურსზე ჩაირიცხა, მესამე კურსიდან სამხედრო სამედიცინოზე გადავიდა. ნელი ბეგიაშვილი: „მოსწონდა სამხედრო საქმე… მოსწონდა დატვირთული სამუშაო. ზურამაც ვაზიანში, მეოთხე ბრიგადის ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. ძალიან კარგი კოლექტივი იყო, კარგადაც მიიღეს, ხალისით მიდიოდა, უყვარდა თავისი საქმე. ლაზარეთის მთავარი ექიმიც ძალიან კარგი ადამიანია, გრიშა ტურძელაძე. რომ ხედავდა, პატარა ბიჭი იყო, მონდომებული, ახლო ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ, მეოთხე ბრიგადიდან სამხედრო აკადემიაში, ოფიცრების კურსებზე გაგზავნეს, დაჩქარებული წესით დაამთავრა და ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. მაგრამ მერე ისევ ახალი ბრძანება გამოსცეს და ვისაც რეზიდენტურა არ ჰქონდა გავლილი, გაათავისუფლეს. დარჩა უმუშევარი. არადა არ შეეძლო უსაქმოდ ყოფნა. ინსტიტუტში სწავლის დროს, არდადეგებზეც ხან სად მუშაობდა, ხან – სად, ფულის ხარჯვაც იცოდა და თვითონვე უნდოდა ეშოვნა ეს სახარჯო ფული. ცოტა ხანს მარნეულის კლინიკაში იყო რეზიდენტად, ვერ გაჩერდა, ასეთი წყნარი საქმე არ მინდა, ბოლნისის საავიაციო ნაწილში წავიდა სამუშაოდ, იქაურობა ძალიან მოსწონდა, პატარა ნაწილია, ერთი ოჯახივით ვართო, ისევ შეიცვალა ბრძანება და დაბრუნდა ისევ თავის მეოთხე ბრიგადაში. 6 აგვისტოს შემდეგ ჩემი შვილი აღარც მინახავს… ზურამ 7 აგვისტოს დამირეკა და მითხრა – დედა, რაღაც ისეთი საქმე გამოჩნდა სამსახურში, ეტყობა, რამდენიმე დღე ვერ გნახავო“. მერე მეგობრებმა მითხრეს, თქვენ რომ ელაპარაკეთ, ჩვენ უკვე ცხინვალში ვიყავით და არ გითხრათო. ზურას დედამ ტელევიზორი ჩართო და თავზარი დაეცა. დაიწყო შვილთან რეკვა. ზურას უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ვერც მის მეგობრებს დაუკავშირდა ვერანაირად. იმ დღეს ვერაფერი გაარკვია, შემდეგ დღეებში ზურას მეგობრებს ძლივს დაუკავშირდა, ცხინვალში ყოფნის ფაქტს ისინიც უმალავდნენ, გორში ვართო, მერე მოვდივართო, ზურას ამბავს დაზუსტებით ვერავინ ეუბნებოდა. ნელი ბეგიაშვილი: „ბოლოს ვინც ნახა, ყველა ამბობს, რომ 8 აგვისტოს დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. ერთერთი გამოყვანის დროს, თვითონაც დაიჭრა ფეხში მსუბუქად და ისევ ცხინვალში შებრუნდა დაჭრილების გამოსაყვანად. ბიჭებს ეუბნებოდა, არაფერია, ბიჭებს მივხედავო. 8 აგვისტოს დაბომბვის მერეც, 9 აგვისტოსაც ბევრს ესმოდა ზურას ხმა რაციით. 105 შემდეგ, ვიღაც ოსს დაურეკავს მთავარი ექიმისთვის, ქართულად უთქვამს: ზურა ბეგიაშვილს თუ იცნობთო. მთავარ ექიმს უკითხავს, სად გყავთ ზურაო, იმ ოსს არ უპასუხია, პირდაპირ გინებაზე გადასულა. ცხადია, რომ ზურას ტელეფონი ჩაუვარდათ ოსებს ხელში და, ალბათ, ზურა ბოლოს ვისაც ურეკავდა, იმათთან დაიწყეს რეკვა… რომ არ გამოჩნდა, ყველგან ვეძებდით. სოზარ სუბართან მითხრეს, ცხინვალის პოლიციაში ტყვედ ჰყავთ და ჩვენ ვმუშაობთ ახლა ტყვეების გადმოყვანაზეო. თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ტყვედ არისო. 16 სექტემბერს დამირეკეს თავდაცვიდან, ზურა რუსების გამოგზავნილ სიაშიაო. ფაქტია, რომ ჩემი შვილი ტყვედ იყო ჩავარდნილი, შემდეგ დახვრიტეს… სიზმარში რომ ვხედავ, გაღვიძება აღარ მინდა…“

წყარო: http://august2008.org

პოპულარული

თხის რქის პერიოდი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური ინფორმაცია
ივანიშვილის შეტევა პატრიარქზე - "ოცნების" დეპუტატმა უმრავლესობა სკანდალური განცხადებით დატოვა
დაწერე კომენტარი