ომის გმირები: ზაზა ბოჭოიძე

ზაზა ბოჭოიძე – რეზერვისტი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 1978 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭის ოჯახი საინგილოში გადადიოდა. საზღვარზე საბუთების წარდგენისას უფროსმა ვაჟმა რიხით დაიძახა: „მე გმირი მამის შვილი ვარ!“ ბიჭუნა ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. იცის, რომ მამამისი გმირია. უნდა, რომ ჯარისკაცი გამოვიდეს და მამასავით გმირი გახდეს… მამამისი – ზაზა ბოჭოიძე მანავში დაიბადა 1978 წელს. სკოლაში კარგად სწავლობდა, მეოთხე კლასიდან ჭიდაობაზე დადიოდა. დედა, ნინო ბოჭოიძე: „სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ჩემი მეუღლე რუსეთში იყო, თბილისში შვილის შენახვა მარტომ ვერ შევძელი და ამიტომ მარნეულში დაამთავრა უნივერსიტეტი. მესამე კურსზე იყო, როდესაც სასამართლოში დაიწყო მუშაობა მოსამართლის თანაშემწედ. შემდეგ 2 წელი ადვოკატად მუშაობდა. საბანკო საქმის მიმართ ჰქონდა ინტერესი. გაიარა კიდეც კომპიუტერისა და საბანკო საქმის კურსები წარმატებით. ეზოში რომ შემოვიდა, ვკითხე: დედა, როგორ ჩააბარე- მეთქი. ასი კითხვიდან ასივეს სწორად ვუპასუხეო… ზაზას გარდაცვალებიდან ერთ კვირაში დაგვირეკეს, სამსახურით ვაკმაყოფილებთ, თბილისში ჩამოვიდესო… როცა რეზერვში გამოიძახეს, წასვლას ვუშლიდი, მაგრამ მაინც წავიდა. ამ ამბის შემდეგ, სკოლის მასწავლებლებმა მისი საკონტროლო წერის რვეული მაჩვენეს და წამაკითხეს მისი დაწერილი თემა, როგორი უნდა იყოს თავისი ქვეყნის პატრიოტი… გული მკვდარი მაქვს, მაგრამ ამაყი და ბედნიერი ვარ – ჩემმა ერთადერთმა ბიჭმა გმირულად გაწირა თავი სამშობლოსთვის. არ მინდა, სხვა დედამ ის განიცადოს, რასაც მე განვიცდი, ჩემი შვილი იყოს უკანასკნელი ასეთ ამბავში. მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და არ გამწარდეს არც ერთი დედა…“ ზაზა თავისი ნათლულის გამოსაყვანად მივიდა საბავშვო ბაღში და იქ გაიცნო მომავალი მეუღლე – თეა. მეუღლე: „მე 25 წლის ვიყავი, ზაზა – 26-ის. 6 მაისს, ჩემი დაბადების დღეს, ამიხსნა სიყვარული, სამსახურში მოვიდა ვარდებით. 23 ნოემბერს დავინიშნეთ… 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად, 2 ბიჭი შეგვეძინა, პატარა სამი თვის იყო, ზაზა რომ დაიღუპა. ახლა უკვე ორი წლისაა, უფროსი – ოთხი წლის. პატარა ძალიან ჰგავს მამას… ძალიან თბილი და მოსიყვარულე გახდა, მეორე რომ შეგვეძინა, ცდილობდა, უფრო მეტი შემოეტანა ოჯახში, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა, ყველა გამოცდაზე გადიოდა. ჯარში უნდოდა სამსახურის დაწყება. როცა რეზერვისტად წავიდა, სროლებში პირველი ადგილი აიღო, სერტიფიკატიც ჰქონდა…“ რეზერვისტ ზაზა ბოჭოიძეს 6 აგვისტოს მიუვიდა გამოძახება. 7 აგვისტოს დილას უნდა წასულიყო. ბიჭებს უნდა გაევლოთ მისთვის. მამა ძალიან ნერვიულობდა, მთელი ღამე არ სძინებია თურმე. დილით, როცა რეზერვში მიმავალმა ბიჭებმა დაუძახეს, ზაზას ვერ გაუგონია და არც მამას გაუღვიძებია – ეგებ ვერ გაიგოს და არ წავიდესო… ნახევარ საათში გაუღვიძია, მოუკითხავს, ბიჭებმა დაუძახეს თუ არა, მამას ისევ დაუმალავს… ზაზა წასულა. მეუღლე: „რომ გადიოდა, ყველას დაგვემშვიდობა, ყველა დაგვკოცნა და წავიდა. ვაზიანში დაეწია ბიჭებს. ტელეფონით ვუკავშირდებოდი, ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, დაძაბული სიტუაციაა, ცოტა ხანს აღარ დამირეკო, თვითონ დაგირეკავო. შემდეგ მესიჯებით ვეკონტაქტებოდი. იმ ღამით სამ საათამდე ვემესიჯებოდი, ამის შემდეგ ჩვენი კონტაქტი შეწყდა, პასუხს აღარ მცემდა მესიჯებზე… ვემუდარებოდი, მოეწერა… არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა იყო, ძალიან ცუდად გავხდი… შემდეგ მხოლოდ მის ძმაკაცებს ვეკონტაქტებოდი. ჩემი დედამთილიც არ იყო შინ, საინგილოში იყო წასული…“ დედა: „ჩემმა რძალმა დამირეკა, ზაზა წავიდაო… ტელევიზიით გავიგე, რომ რეზერვისტებიც გამოიძახეს. მე როცა ველაპარაკე, მითხრა: დედა, გორს გავცდითო. გავამხნევე და ვუთხარი: ნუ გეშინია, არაფერი არ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, უკან დაბრუნდი-მეთქი. გავამხნევე და ვუთხარი, შენს ცოლ-შვილთან მივდივარ-მეთქი. მთხოვა, ცოლ-შვილს მიმიხედეო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები…“ მეუღლე: „აქეთ მამხნევებდა და მეუბნებოდა, ნუ გეშინიაო. როცა ვაზიანი ააფეთქეს, მაშინ გამოღწევა მოახერხეს… მერე, როცა ვეკითხებოდი, როდის მოხვალ- მეთქი, მეუბნებოდა: მოვალ, კიო? ეტყობა, გრძნობდა რაღაცას… ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ… ბომბი ჩამოვარდა და დაიღუპა“. დედა: „მეზობლები მოვიდნენ ამბის შესატყობინებლად, მაგრამ თეას ვერ ეუბნებოდნენ, ბოლოს ისევ მე მითხრეს: ნინო, შენ მაგარი ქალი ხარ, შენ გეტყვით, ზაზა დაჭრილიაო. ჩემმა რძალმა რომ გაიგო, ცუდად გახდა… მე ვამხნევებდი, ადექი, დაჭრილია, უნდა ვუშველოთ-მეთქი. მე უბედურს მეგონა, რომ თბილისში გადმოიყვანდნენ და უშველიდნენ…“ დედა და ცოლი შინ მოტყუებით წაიყვანეს. ყველამ იცოდა, მხოლოდ მათ უმალავდნენ ზაზას დაღუპვას. შინ რომ მიუსვენეს, მაშინღა მიხვდნენ დედა და ცოლი, რომ ზაზა ამქვეყნად აღარ იყო… დედა: „მას მერე ჯანმრთელობა შემერყა, ნერვიულობისგან წელს ქვემოთ მოვწყდი… მამამისი კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, შვილი რომ მკვდარი ნახა. მთელი გზა ზაზასთან ჩახუტებული მოდიოდა… მას სამშობლო ძალიან უყვარდა, არ მიატოვებდა თავის ქვეყანას. რომც სცოდნოდა, რაც მოუვიდოდა, უკან მაინც არ დაიხევდა… მე საკუთარ თავს არ ვჩივი, ჩემი რძალი მებრალება, მთელი ცხოვრება მარტომ უნდა ზარდოს შვილები. ორი ბიჭის გაზრდა იოლი არაა… იმ დღეს ატირებული მოვიდა სამსახურიდან: რაც მოვდივართ, პატარა მთელი გზა ტირის, მამა მინდაო…“

loading…
გააკეთე კომენტარი!