ომის გმირები: დიმიტრი ჯაილოვი

დიმიტრი_ჯაილოვი

მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, დიმიტრის დაჭრილი რეზერვისტები საავადმყოფოში მიჰყავდა. ორი გზა გააკეთა და გაიყვანა კიდეც დაჭრილი ბიჭები სამშვიდობოს, მესამედ რომ გამოდიოდა, პატარა ძმამ სთხოვა, დროებით თავი შეეკავებინა, ყველაფერი იბომბებოდა, მიწა დუღდა. დიმიტრიმ იუარა, დაჭრილ ბიჭებს ვერ მივატოვებო. ძმას დაემშვიდობა, გზატკეცილზე გამოვიდა და… ძმის თვალწინ აფეთქდა… ძმა მივარდა, კარი გამოაღო. უფროსი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა… ამ შემზარავი ფაქტის შემსწრე გიორგი ჯაილოვმა სულიერ ტრავმას ვერ გაუძლო და სერიოზულად დაავადებული გამოარიდეს სამხედრო სამსახურს… ეს არის დედის თვალწინ დატრიალებული სამი შვილის ტრაგედია. 11 წლის იყო დიმიტრი ჯაილოვი-უმცროსი, 10 წლის ძმა მის თვალწინ რომ დაიხრჩო წყალში… დედა, ციალა ჯაილოვა, მაშინ 26 წლის იყო… ცხოვრება გაგრძელდა, შვილმკვდარმა დედამ მესამე ვაჟი შვა… დიმიტრი და მის ხელში გაზრდილი, 14 წლით უმცროსი ძმა – გიორგი, სენაკის ბაზაზე მსახურობდნენ. დიმიტრი კავშირგაბმულობის ასეულში მუშაობდა მძღოლად. დიმიტრი ჯაილოვი 1971 წლის 10 მარტს დაიბადა ქუთაისში. 15 წლის ციალა ჯაილოვასთვის ის პირველი ვაჟი იყო. დედა გაიხსენებს, რომ დიმიტრი თავიდანვე ჭკვიანი და წყნარი ბავშვი ყოფილა, მაგრამ მას მერე, რაც ძმა მის თვალწინ დაიხრჩო, კიდევ უფრო გულჩათხრობილი გამხდარა. სწავლობდა ქუთაისის 34-ე საშუალო სკოლაში, მასწავლებლები მუდამ კარგად ახასიათებდნენ. 2 წელი მსახურობდა ლიპეცკში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 2004 წელს საკონტრაქტო სამსახური დაიწყო. 23 წლის იყო დიმიტრი, რომ დაოჯახდა. ზემო ნიქოზში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს – ეკა მჭედლიძეს. 2000 წელს პირველი შვილი შეეძინათ – ვაჟი. ციალა ჯაილოვა: „სულ ჯარზე ელაპარაკებოდა ბავშვს, უნდოდა, რომ ბიჭი სამხედრო მოსამსახურე გამოსულიყო. ახლა ის 10 წლისაა. მეორე გოგონა შეეძინა 2001-ში და მესამე – ბიჭი, 2004-ში…“ დიმიტრი უკვე სამი შვილის მამა იყო, კონტრაქტი რომ გააფორმა. პირველი ხელფასი მთლად საჩუქრებში დაუხარჯავს. შრომობდა, ხარობდა შვილებით და არ დასცალდა… ციალა ჯაილოვა, დედა: „სიტუაცია რომ დაიძაბა, შინ იყო. ძალიან დაუმძიმდა ხასიათი. ვკითხე, რატომ ხარ-მეთქი ასე შეფიქრიანებული. სამი ბავშვი რთული გასაზრდელიაო. შინიდან ბოლოს 1 აგვისტოს წავიდა, განგაშია გამოცხადებული და ერთი კვირა ვერ გნახავთ, ტელეფონით დაგიკავშირდებითო. გიორგიც იქ იყო… ხშირად ვესაუბრებოდი ბიჭებს ტელეფონით, სულ მამშვიდებდნენ. 8 აგვისტოს დღის მანძილზე რამდენჯერმე ვესაუბრე…“ სენაკის ბაზა დაიბომბა… დედა ღამის 2-ის ნახევარზე ურეკავდა შვილებს. დიმიტრი უკვე აღარ პასუხობდა… მეორე შვილს, გიორგის დაელაპარაკა… დედა: „გიორგიმ მითხრა, ალბათ, სძინავსო… არადა უკვე გარდაცვლილი ყოფილა დიმიტრი და მე მიმალავდა…“ თავზარდაცემული ჯარისკაცი მწარე სიმართლეს უმალავდა დედას, მაგრამ დილით სხვა გზა არ იყო… დედასთან დარეკა… დედა: „მთხოვა, მეზობელი დამალაპარაკეო. მისთვის უთქვამს, რაც მოხდა… თავიდან მიმალავდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, უკვე მოასვენებდნენ ცხედარს“. გმირის ცხედარი მამისა და უმცროსი ძმის გვერდით დაკრძალეს… გმირის უფროსი ვაჟი ჯარისკაცობას აპირებს – მამაჩემივით ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო… მართლაც მწარეა ხვედრი, რომელიც გმირის დედას ერგო… მას გმირი ვაჟი ხშირად ესიზმრება… „პირჯვარს გადაგვწერს და მეუბნება, დედა, აბა, შენ იცი, გამიზარდე ბავშვები…“

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი