ომის გმირები: დევი ჩადუნელი

დევი_ჩადუნელი

ასე ადვილად არ მოვკვდები, ხომ იცით, დევი ვარო, უთქვამს ბიჭებისთვის და მათ ხელში დაულევია სული. 9 აგვისტოს დაეცა დევი ცხინვალში, ტაძრის კედელთან… მძიმედ დაჭრილი მეომრებს სთხოვდა, დამტოვეთ და წადითო… არ დატოვეს მტრის ხელში. ჩადუნელი დალი, და: სახლიდან ბოლოს 5 ივლისს წავიდა ვაზიანში. ეზოს კარს რომ მოსცილდა, უკან სამჯერ მოიხედა. 5 აგვისტოს ველაპარაკე ჯერ ომი არ იყო დაწყებული და მითხრა: ვაზიანში ვარო. ამერიკელები არიან და წვრთნებს გავდივართო, ერაყში მიდიოდა. მოიკითხა ყველა. დედასაც დაურეკა, მაგრამ უფრო ხშირი ურთიერთობა ჩემთან ჰქონდა. ერაყში გამგზავრების წინ გორის ჰოსპიტალში შემოწმებაზე წაიყვანეს, მაგრამ რუსები შემოიჭრნენ და ეს ბიჭები პირველ ხაზზე გაუშვეს ცხინვალში. ტელევიზორს ვიყავით მიჯაჭvულები და ისე ვიგებდით ამბავს, სხვანაირად ვერ ვუკავშირდებოდით. ჩვენი სოფლიდან 12 ბიჭი იყო წასული ომში. მთელი სოფელი გარეთ იყო და ყველა ნერვიულობდა. 8 აგვისტოს, როდესაც ცხინვალში იყო ჩემი ძმის ბატალიონი, დამიკავშირდა, გამეხარდა და ვკითხე რა ხდებოდა, ღიმილით მითხრა, რომ „არაფერია ნუ გეშინია, ჩვენი ჯარი იცი რა მაგრად მოიქცა? რუსები გავაქციეთო.“ ჩვენ რომ არ გვენერვიულა გვითხრა, რომ ახლა გორში ვართ ცხინვალიდან გამოგვიყვანესო. ტელეფონში მესმოდა სროლის ხმა. მატყუებდა, რომ ეს ხმები ცხინვალიდან მოდისო. 9 აგვისტოს არ მახსოვს ზუსტად ადგილი, რომელ ტერიტორიაზე შევიდნენ, ჩემი ძმის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ბატალიონი, რადგან გამოცდილი იყო და ერაყში ნამყოფი, მას ჩააბარეს. ერთი მხარიდან მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, მასთან ერთად სვანი ბიჭი ყოფილა, ჩემს ძმას უთქვამს, რომ შენ გადადი და მე დაგიცავო, ეს ბიჭი გადასულა, ამ დროს რუსებმა ჩამოაგდეს ჭურვი. მთელი მარჯვენა მხარე აღარ ჰქონდა ჩემს ძმას. იქვე დაეცა ტაძრის კედლის გვერდით. ის ბიჭი ეძახდა თურმე – დევი, დევი სად ხარ, წამოდიო და ჩემს ძმას ხელი აუწევია, უთქვამს, რომ წადით ბიჭებო, დამტოვეთო, ამ ბიჭებს არ მიუტოვებიათ. შემდეგ ყვებოდნენ ჩემი ძმის მეგობრები, ბიჭებს ამხნევებდა, თურმე. გზადაგზა თუ დაჭრილი ან მიცვალებული ხვდებოდა, სამშვიდობოს გამოჰყავდაო და უკან ბრუნდებოდა სხვების დასახმარებლადო. როდესაც დაიჭრა მასთან ერთად სვანი ბიჭი იყო, რომელმაც არ მიატოვა, წამოიყვანა. ისეთ ადგილას იყვნენ სადაც სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა. პიკაპის სამხედრო მანქანით შევიდა ჩემი ძმის მეგობარი და გამოიყვანეს. სისხლისგან იცლებოდა და მანქანით რომ მოჰყავდათ, თურმე ამბობდა, ჰაერი აღარ არის, რა ხდებაო? ხედავდა რომ ჩვენ ასე განვიცდიდით, გვეუბნებოდა, ნუ ნერვიულობთ, მე ასე ადვილად არ მოვკვდები, დევი ვარო. 9 აგვისტოს დაიჭრა და იმავე საღამოს გარდაიცვალა… 10 აგვისტოს მოვასვენეთ. ერთი კვირის შემდეგ დავკრძალეთ, სოფელში. ვერ შევუსრულეთ ბოლო თხოვნა, რომ ახალდაბაში მიგვესვენებინა ჯერ და მერე თავის სახლში. 1981 წლის 3 ივლისს დაიბადა ახალდაბაში. იქ სწავლობდა მეხუთე კლასამდე. შემდეგ საცხოვრებლად გადმოვედით დედულში, ადიგენში და სკოლაც აქ დაამთავრა. 18 წლის ასაკში გამოიძახეს სავალდებულო ჯარში, ეს იყო 1999 წლის 18 ნოემბერი. სავალდებულო ჯარი ახალციხეში მოიხადა, სადაზვერვო ბრიგადაში. კაპრალი იყო წოდებით. ჩემი ძმა ამბობდა, ჯარმა იმდენი რამე მომცა, რომ მთელ ცხოვრებას გამყვებაო. ერთხელ სახლში ვიყავით ყველანი და გვითხრა – კონტრაქტზე უნდა წავიდეო. დედაჩემი ძალიან შეწუხდა, ერთი ბიჭი ჰყავდა და წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა ვთვლიდით, რომ რასაც თვითონ გადაწყვეტდა ის უნდა გაეკეთებინა. მამაჩემმა უთხრა, რომ თუ გინდა ეს საქმე წადი და ღმერთმა ხელი მოგიმართოსო. წინააღმდეგობა უფრო დედისგან იყო. მამისგან და ბაბუისგან უფრო კაცური თანადგომა ჰქონდა. კონტრაქტზე წავიდა. ბათუმის ბრიგადიდან ერაყში მიავლინეს. კაპრალი იყო წოდებით. ექვსი თუ შვიდი თვე იყო ერაყში. ერაყიდან როდესაც მიმესიჯებდა აღფრთოვანებით ყვებოდა იმ ხალხის ცხოვრებას. ძალიან მოსწონდა მათი დისციპლინა, ამერიკელებთან ერთად იყო. ხალხზე ყვებოდა, რომ ძალიან გაჭირვებულები არიანო, წყლის დეფიციტია და ჩვენ წყალს რომ გვაძლევენ ვინახავთ და ბავშვებს ვუნაწილებთო. ხელი ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა მოწერილი. 2008 წელს დაიღუპა, დეკემბერში უმთავრდებოდა კონტრაქტი. ამბობდა, კონტრაქტს ალბათ, კიდევ გავაგრძელებო, კარიერა უნდოდა გაეკეთებინა ჯარის ცხოვრებით და უფრო მეტისთვის მიეღწია.“

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი