ომის გმირები: არტემ ბალახაშვილი

არტემ ბალახაშვილი  კაპრალი, მხედრული მამაცობის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1986 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

თერთმეტ აგვისტოს, ბროწლეთში, ცხინვალთან ახლოს, მას ბოლო ბრძოლა ჰქონდა მტერთან. კაპრალი ბალახაშვილი ცხინვალში იყო, ფრონტის წინა ხაზზე, ქვეითთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ყოფილა. 5 დღე სიკვდილის პირისპირ იდგა, არ მარცხდებოდა. 11 აგვისტოს კი რუსის მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. გურამ ბალახაშვილი, მამა: „6 აგვისტომდე შვებულებაში, ერთი კვირა, სახლში იყო. 6 აგვისტოს ღამეს გამოიძახეს. მშვიდად იყო. ღამის 1 საათზე გააღვიძეს. ვერაფრით ვერ წავიდოდა სოფლიდან ამ შუა ღამისას და დაურეკა კაპიტანს. ხვალ დილის 11 საათზე მანდ ვიქნებიო და დათანხმდნენ. 7-ში შუა დღეს უკვე ცხინვალში წინა ხაზზე იყო – ქვეითი, წოდებით კაპრალი. 11- ში დილას მელაპარაკა და მომატყუა კარალეთში ვართო და ცხინვალთან ახლოს, ბროწლეთში, ღამით კასეტური ბომბით დაიღუპა. ოცეულებად იყვნენ დაყოფილები, გამოსულები იყვნენ უკვე ფაქტობრივად და ფანერით დაფარულ შენობას შეეფარნენ. ჟილეტი გახვრეტილი იყო უკანა მხრიდან `ასკოლკით~, გულში ჰქონდა გაჩერებული. ადგილზევე დაიღუპა. ძალიან უშიშარი იყო და არაფრის ეშინოდა. როგორც კაპიტნები ყვებიან. პრეზიდენტმა შვიდეულში მეოთხე კაცად დაასახელა კიდეც. 14 აგვისტოს ჩავაღწიეთ გორში, გორის ჰოსპიტალში იყო და წამოვიყვანეთ. ის დღე არასდროს დამავიწყდება, ისევე, როგორც მისი დაბადება. 1986 წლის 30 ივნისს გვეყოლა. მეორე შვილი იყო. პირველი გოგო მყავს. ერთადერთი გვარის გამგრძელებელი მყავდა. ადიგენიდან ვართ, სოფელ უდეში გაიზარდა. გოგოზე 3 წლით უფროსი იყო. მამაჩემის სახელი დავარქვით. 2004- ში ახალციხის უნივერსიტეტში, ეკოლოგიის საფუძვლებზე ჩააბარა. 2008 წლის მაისში დაამთავრა. უნივერსიტეტი იცავდა და ამიტომ სავალდებულო არ შეხებია. პირდაპირ საკონტრაქტოზე წავიდა. წინააღმდეგობაც გავუწიეთ. ადრეც უნდოდა, მაგრამ არ გავუშვით და მეორედ ვეღარ შევაკავეთ. 10 თვე იყო გასული, რომ გარდაიცვალა. ქუთაისის მესამე ბრიგადაში, 31–ე ბატალიონში მსახურობდა. 7 აგვისტოდან სულ წინა ხაზზე იყო. შეყვარებული ახალდაბიდან ჰყავდა. მასზე პატარა იყო. 24 საათი ტელეფონზე საუბრობდნენ-ხოლმე. ის გოგო სკოლას რომ დაამთავრებდა, ბანკეტის შემდეგ უნდა დაენიშნა და წამოეყვანა. ერთი ნატვრაც ჰქონდა, მანქანა უნდოდა, მაგრამ აღარ დასცალდა. ფეხბურთში მისი სახელობის ტურნირს ვატარებთ. ალიკას ვეძახდი და „ალიკას“ სახელობის ტურნირია. ასე გვინდა უკვდავვყოთ მისი სახელი. “

წყარო: http://august2008.org

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი