ომის გმირები: ავთანდილ ქამაშიძე

ავთანდილ_ქამაშიძე

სოფელ შინდისს მტრის ჯარი და მძიმე ტექნიკა მიადგა. რუსული საოკუპაციო ჯარი ოსურ ბანდფორმირებებთან და იამადაევის ჩეჩნურ ბატალიონთან ერთად ებრძოდა ქართველ სამხედროებს. ძალები არათანაბარი იყო, ქართველი ჯარისკაცები მაინც უწევდნენ წინააღმდეგობას ოკუპანტებს. იმ დროს, როდესაც შინდისის 12 გმირი მტრის მასირებულ ცეცხლს ცეცხლითვე პასუხობდა, მესამე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის რვა მებრძოლი სოფელში მდებარე ერთ-ერთ შენობაში აპირებდა გამაგრებას. რამდენიმე წუთში შენობა რუსულმა მოიერიშემ დაბომბა. საავიაციო ჭურვმა 23-ე ბატალიონის კაპრალი, 20 წლის ავთანდილ ქამაშიძე და მისი თანამებრძოლები იმსხვერპლა. ავთანდილ ქამაშიძე ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში 1987 წლის 25 ნოემბერს დაიბადა. ის ოჯახში მესამე შვილი იყო. ნანული ქამაშიძე, დედა: „ავთო საკმაოდ ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგად სწავლობდა და სკოლაშიც ყველა მასწავლებელს უყვარდა. სამხედრო საქმე აინტერესებდა, უნდოდა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გაევლო. 16 წლის იყო, როდესაც ქობულეთის კომისარიატში მივიდა და პირადად სთხოვა კომისარს ჯარში წამიყვანეთო. იმ დროს ქობულეთის გაწვევის სამსახურის უფროსი კომისარი ნაცარიშვილი იყო. უთქვამს, შვილო შენ ჯერ პატარა ხარ, ჯარში წასვლას კიდევ ორი წელი გიკლია, როცა მოვა შენი დრო მაშინ გაგიშვებთო. სახლში ნაწყენი მოვიდა, უნდოდა, რომ მეგობრებთან ერთად ემსახურა. ზუსტად 18 წლის რომ გახდა, სავალდებულო ჯარში წავიდა.“ სამხედრო სავალდებულო სამსახური ავთანდილ ქამაშიძემ ქუთაისში მოიხადა. სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი ოთხწლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი და სამსახური რეგულარულ ქართულ არმიაში გააგრძელა. კაპრალ ქამაშიძეს სამხედრო კარიერის მოწყობა სურდა. საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლიდან მალევე, ის იმ ჯარისკაცთა სიაში მოხვდა, ვისაც ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ნანული ქამაშიძე, დედა: „ავთოს ძალიან უყვარდა საკუთარი სამსახური, ერთი წუთითაც არ დაუგვიანია ჯარში. მეუბნებოდა, დედა ჯარისკაცი რა ჯარისკაცია თუ სამსახურში დაიგვიანაო. 2007 წელს სამშვიდობო მისიით ერაყში წავიდა. ძალიან უხაროდა იქ წასვლა. იქიდან ხშირად რეკავდა. ენატრებოდა აქაურობა… ჩვენს ამბავს რომ გაიგებდა, მერე სოფლის შესახებ მეკითხებოდა, თითოეული მეზობლის ამბავს მოიკითხავდა. ზუსტად ათი თვე იყო ერაყში. ამ პერიოდში ჩემი მეუღლე ავადმყოფობდა, ექიმმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვა და მკურნალობის კურსს გადიოდა. ძალიან გვიჭირდა, ფულიც არ გვქონდა. ავთანდილს ვუმალავდით მამის ამბავს, ჯარში იყო, იარაღი ეჭირა ხელში და არ მინდოდა რომ ენერვიულა. მამის დაღუპვა მისთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო. სასაფლაოზე იჯდა და ტიროდა. ჩვენც გვისაყვედურა, რატომ არ მითხარით, დროზე წამოვიდოდი და ცოცხალს მაინც ვნახავდიო.“ ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ავთანდილ ქამაშიძე ხუცუბანში, საკუთარ ოჯახში ჩავიდა. შვიდ აგვისტოს მამის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდებოდა. ამ დროს კი ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს სეპარატისტთა პოზიციებიდან ესროდნენ. 6 აგვისტოს, ღამის სამ საათზე ქამაშიძეს თანამებრძოლებმა დაურეკეს და განგაშის შესახებ შეატყობინეს. ნანული ქამაშიძე, დედა: „7 აგვისტოს მამამისის წლისთავი იყო, 6 აგვისტოს ჩამოვიდა. სახლს ვაშენებთ აქვე, თვითონ დაიწყო მშენებლობა და მისი ფულით უნდოდა რომ დაესრულებინა. რომ ჩამოვიდა მითხრა, – დედა სიზმარი ვნახე, ვითომ ჩვენი ახალი სახლი ისეთი დაშლილი იყო, თითოეული აგური ნაცრად იყო ქცეულიო. 6 აგვისტოს ღამის სამ საათზე დაურეკეს მობილურზე. მამის წლისთავზე ვერ დარჩა, მაშინვე ადგა, ჩაიცვა და წავიდა სახლიდან. მითხრა დედა განგაშია და რომ არ გამოვცხადდე მისაყვედურებენო. წასვლამდე მობილური ძმას დაუტოვა, ამირან, გაჩუქებ ამ ტელეფონს, შენი იყოსო. ძმას ძალიან ემოციურად გამოემშვიდობა, ამირან, ოჯახს მიხედეო – უთხრა. “ ამის შემდგომ კაპრალი ქამაშიძე ოჯახის წევრებს აღარ დაკავშირებია. ბრძოლის ველიდან ბოლოს სიძეს დაურეკა. ჯონი თურმანიძე, სიძე: „ როდესაც დარეკა, გახარებული იყო, ბიჭო, პოზიციური ბრძოლები მოვიგეთ, მტერს უკან დავახევინეთ, რამდენიმე დღეც და მორჩება ყველაფერი, სახლში დავბრუნდებიო. ცხინვალი თურმე მაგ დროისთვის თითქმის გაწმენდილი ჰქონდათ ჩვენებს და ჯავის მიმართულებით აპირებდნენ წასვლას. ჯარს კარგი განწყობა ჰქონდა. ბიჭები დადიოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას, ოსებს, პროდუქტს ურიგებდნენ, დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. ავთომ მითხრა აღარ ისვრიან, ჩვენ უკვე ხალხში დავდივართ და პროდუქტებს ვურიგებთო. როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს, ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსები ბომბავდნენ ტერიტორიას, იქვე ერთ-ერთ შენობაში 8 ბიჭი შესულა, ყველანი ახალგაზრდები. სწორედ ამ დროს თვითმფრინავმა შენობის თავზე ჭურვები ჩამოყარა.“ ნანული ქამაშიძე, დედა: „როგორც ბიჭებმა მითხრეს, დაბომბვისას 5 ბიჭი ადგილზევე დაღუპულა. ვინც დაიჭრა ტკივილისგან ყვიროდნენ. რუსების სისასტიკეზე ბევრს ყვებიან, დაღუპული ბიჭების გამოყვანის საშუალებასაც არ აძლევდნენ ხალხს. გვამებს წვავდნენ. ნანული ქამაშიძე, დედა: „ავთომ ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, უყვარდა ერთი გოგო, ეთერი, რომელსაც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აუხსნა სიყვარული. ის ქუთაისში ცხოვრობს, თუმცა დღემდე ხშირად დადის სასაფლაოზე. ჩემთვის თითქმის უცხო ადამიანი ზის ჩემი შვილის საფლავთან და ტირის, გლოვობს თავის სიყვარულს, რომელიც არ დასცალდა“. კაპრალი ქამაშიძის კიდევ ერთი ოცნება ავღანეთის სამშვიდობო მისია იყო. ხშირად უთქვამს ახლობლებისთვის, აუცილებლად უნდა ვიმსახურო ავღანეთშიო. მისი გარდაცვალების შემდეგ ქამაშიძეების ოჯახს ერთი წევრი შეემატა, ძმის, ამირანის შვილს, გმირი ბიძის სახელი, ავთანდილი დაარქვეს. ნანული ქამაშიძე დედა: „მისი დაღუპვის შემდეგ ჩვენს ოჯახში მეორე, პატარა ავთანდილ ქამაშიძე იზრდება. ჩემს შვილიშვილს სახელი ბიძის პატივსაცემად დავარქვით. არავინ თქვას, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. ძალიან ძნელია მის გარეშე ცხოვრება, თუმცა სამშობლო, ალბათ არის ის, რისთვისაც ღირს თავის გაწირვა. ჩემი შვილი გმირია და მას მთელი საქართველო იმ ღირსეულ ადამიანთა გვერდით იხსენიებს, ვინც თავი შესწირა ჩვენს ქვეყანას. ძალიან მიმძიმს, თუმცა ვამაყობ ჩემი შვილით, მე გმირი გავუზარდე საქართველოს! “

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი