
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
„2018 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.
37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს და ოკუპურებული წინაგარას მიმართულებით იძულებით გადაიყვანეს.