ნიტა ლომიძე: ,,არჩევანი უნდა გავაკეთო ბროდვეისა და ჰოლივუდს შორის”

nita lomidze

მოზარდი გოგონა, ნიტა ლომიძე, თავისი შესაძლებლობებით ფართო საზოგადოებამ პირველად გაიცნო პროექტიდან ,,შენ შეგიძლია ცეკვა”. თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნა მას დაბადებიდან თან სდევს, რადგან პოპულარული წყვილის, ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილისა და ტელეწამყვანისა და რეჟისორის, ნიკა ლომიძის, შვილია.

ერთი წლის წინ ნიტამ ამერიკაში პრესტიჟული სასაწავლო ჯილდო მოიპოვა. ის კალიფორნიაში კერძო სკოლა-აკადემიაში – აიდილვაილდის არტაკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია მიენიჭა და პირველი წელიც საუკეთესო შედეგებით დაასრულა.

ბუნებრივია, კორონავირუსმა მასაც შეუშალა ხელი და თბილისში დროზე ადრე დაბრუნდა. აგვისტოს ბოლოს უბრუნდება ამერიკას, სადაც მას დატვირთული სწავლის რეჟიმით მოუწევს ცხოვრება. მანამდე კი ნიტამ განვლილ ერთი წელზე ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

– ნიტა, როგორი იყო ამერიკაში ცხოვრებისა და სწავლის ერთი წელი?

– ამერიკაში 7 თვე გამომივიდა ყოფნა. თავიდან ძალიან მეშინოდა იქ წასვლა, მეგონა, გამიჭირდებოდა ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი ინგლისურის ცოდნის გამო ვერ მოვახერხებდი სრულყოფილად კომუნიკაციას.

პირველივე ეტაპზე გავიცანი ბრაზილიელი გოგონა, რომელიც ჩემი მეზობელი იყო ოთახში. მან პირველი სირთულეები გადამალახვინა, რადგან ღიმილით შემხვდა, ჩამეხუტა და ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდა. მალე შევიძინე იქაური მეგობრები, რომლებმაც გამხსნეს და ინგლისურად ლაპარაკის კომპლექსი დამაძლევინეს.

– ალბათ დატვირთული რეჟიმი გქონდა.

 კი, დილის 9-ის ნახევრიდან მეწყებოდა სკოლა. როცა ვამთავრებდი, პირდაპირ ცეკვაზე მივდიოდი, სადაც ღამის 10 საათამდეც კი ვრჩებოდი. ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, სულ მოსწრებაზე ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი ერთი საათი არასდროს მქონია.

შაბათ-კვირას თუ ვახერხებდი, რომ ცოტა გართობაზე მეფიქრა. სკოლასთან ახლოს მდებარე ქალაქში მივდიოდით საყიდებლებზე, კინოში. ამ ორ დღეში ფორმიდან რომ არ ამოვვარდნილიყავი, დილაობით ვვარჯიშობდი.

– ნერვიულობდნენ შენი მშობლები, როცა მათგან შორს იყავი?

– ალბათ როცა მიშვებდნენ, მაშინ. ამერიკიდან კონტაქტის დროს ძალიან მშვიდად მაჩვენებდნენ თავს. ორივეს აქვს კარგი უნარი, რომ ჩემთან თავი შეიკავონ. ზუსტად ვიცი, თბილისში სანამ დავბრუნდი, სულ ნერვიულობდნენ, მაგრამ არ მაგრძნობინებდნენ, მეც რომ არ მენერვიულა.

მშობლებიც და მთელი ჩემი სანათესაოც ალბათ ახლა ძალიან ამაყობს ჩემით, რადგან ეს სასწავლო წელი მართლა საუკეთესო შედეგებით დავასრულე.

– დედამ, როგორც ცნობილმა ქორეოგრაფმა, რა შეფასება მისცა ოკეანის გაღმა ნასწავლ ცეკვებს?

– რაც ჩამოვედი, ბუნებრივია, ჩემს ოთახში სულ ვვარჯიშობ, მაგრამ ამ დროს ოთახში არავის ვუშვებ. ერთ დღესაც დედა ოთახში შემოვუშვი და მისი თანდასწრებით დავიწყე ვარჯიში. მაშინ მივიღე შეფასება, ძალიან განვითარებული ხარო. დედას ასეთი საქებარი სიტყვები არასდროს უთქვამს ჩემთვის. მისგან ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე და დავრწმუნდი, რომ ტყუილად არ წავსულვარ სასწავლებლად ამერიკაში.

– საბოლოოდ რა არის შენი მიზანი, რა მიმართულებით გინდა, გააგრძელო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა?

– სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი წელი დამრჩა. არჩევანი უნდა გავაკეთო ცეკვასა და მსახიობობას შორის, ანუ ბროდვეისა და ჰოლივუდს შორის. იმედი მაქვს, ამ წელს უკეთ გავერკვევი და სწორ არჩევანს გავაკეთებ.

დაწერე კომენტარი