ნიკა მელია კახა კალაძის განცხადებაზე – ვინმეში ეჭვი ეპარება, რომ ნარკომომხმარებელია?! რა თქმა უნდა, ნარკოტესტის გავლის პრობლემა არავის აქვს

ნიკა მელია

მთავარი ტესტი, რომელიც ბატონმა კალაძემ უნდა გაიაროს 2 ოქტომბრის დემოკრატიული ტესტია, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად ის მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

როგორც მელია აღნიშნავს, 2 ოქტომბრის ტესტის შემდეგ შეუძლიათ ნებისმიერი, მათ შორის „აიქიუ“ ტესტიც გაიარონ.

„ვინმეში ეჭვი ეპარება, რომ ვინმე ნარკომომხმარებელია?! რა თქმა უნდა, ტესტის გავლის პრობლემა არავის აქვს. მთავარი ტესტი, რაც უნდა გაიაროს ბატონმა კალაძემ „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ჩემი აზრით, არის 2 ოქტომბრის დემოკრატიული ტესტი. ამის შემდეგ, რომელი ტესტიც უნდა, ის ტესტი გავიაროთ, მათ შორის, დემოკრატიული, ნარკოტესტი და „აიქიუ“ ტესტი. ერთად სიამოვნებით გავიაროთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. კალაძის ინფორმაციით, თავად ტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს. მისი განმარტებით, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას კანონმდებლობა ავალდებულებს, შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ არ ეხება ეს მერობის კანდიდატებსაც.

რეკლამა

დაწერე კომენტარი