
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც ადგილობრივები „პანკისობა 2018″-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებდნენ, მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბავშვებს მანქანით დაეჯახა.
ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ. შეუძლოდ გახდა ქალიც, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო.
შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა, აქციის მონაწილეებმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს, რათა პანკისობის დღესასწაულზე მანქანები არ შეეშვათ. ავტომანქანის მძღოლმა მემორიალის ტერიტორიაზე შესვლა სცადა.
პანკისში, ამფითეატრის შენობასთან, სადაც „პანკისობა 2018″ უნდა გამართულიყო შეკრებილებს დაშლისკენ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა.
როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განაცხადა, ამ ადგილზე „პანკისობა 2018″-ის გამართვა ადგილობრივებთან შეთანხმებული იყო და რომ სცოდნოდათ, ასეთ რეაქციას გამოიწვევდა, ღონისძიებებისთვის სხვა ადგილს შეარჩევდნენ.