მოძღვარი მყავს და მის საქმეს ალბათ, ალბათ კი არა, არ განვიხილავ – მოსამართლეობის კანდიდატმა ქადაგიძემ ღმერთს მადლობა ორჯერ გადაუხადა

„პალატის თავმჯდომარე იყო ბატონი მიხეილი, ამიტომ, სისტემატურად მიწევდა მასთან მუშაობა,“ – ეს განცხადება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ გააკეთა.

იუსტიციის საბჭოში ნინო ქადაგიძესთან გასაუბრება ამ წუთებში მიმდინარეობს. ის ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან ხმაურიან სიაში, რომელმაც პარლამენტის უმრავლესობა განხეთქილებამდე მიიყვანა.

ქადაგიძე 10 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, 2012 წლიდან კი სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კითხვებიც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება, რადგან ამ დროს უზენაეს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძეც მუშაობდა.

ნინო ქადაგიძემ არამოსამართლე წევრთა კითხვაზე, უწევდა თუ არა მიხეილ ჩინჩალაძესთან მუშაობა,  უპასუხა, რომ ჩინჩალაძესთან სისტემატური საქმიანი კომუნიკაცია ჰქონდა.

„პალატის თავმჯდომარე იყო ბატონი მიხეილი, ამიტომ, სისტემატურად მიწევდა მასთან მუშაობა. მე, ბუნებრივია, დავიწყე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე… მინისტრი გახლდათ თედო ნინიძე, მე ვარ ღმერთის ძალიან დიდი მადლიერი, რომ მასთან მომიწია მუშაობა,“ – განაცხადა ქადაგიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროფესიული საქმიანობის შეფასების დროს, ქადაგიძემ ორჯერ გადაუხადა ღმერთს მადლობა, რის შემდეგაც საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, რამდენად მორწმუნე იყო. ამას გარდა, არამოსამართლე წევრებმა ჰკითხეს, მოახდენდა თუ არა გავლენას მის გადაწყვეტილებაზე მოძღვრის თხოვნა, რომ რომელიმე საქმის განხილვა დაეჩქარებინა.

„მოძღვარი ნამდვილად მყავს, ვაღიარებ და ვადასტურებ და მის საქმეს ალბათ, ალბათ კი არა, არ განვიხილავ… ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წერს განცხადებას და ითხოვს, რომ ცოტა დავუჩქარო, ვუჩქარებ პროცესს, ეს მიდგომა მაქვს ზოგადად,“ – ამბობს ქადაგიძე.

ქადაგიძესთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლაშა ქოჩიაშვილს გაესაუბრებიან. ის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, 9%-იანი წლის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საქმის მოსამართლეა.  

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი