მეუფე შიოს, შესაძლოა, მოსაყდრის სტატუსი ჩამოართვან

შიო მუჯირი

თეოლოგები ვარაუდობენ, რომ ხვალ დაგეგმილი სინოდის  სხდომა საკმაოდ მწვავე და ხმაურიანი იქნება. არ არის გამორიცხული მთვდელმთავრებმა პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სტატუსი ჩამოართვან, ან იურიდიულად განმარტონ. არსებული ინფორმაციით, მოსაყდრის საკითხი განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა იქნება. – წერს „პირველი რადიო“

„მის გადაწყვეტილებაში არის შეფარული თუ ნაკლებად შეფარული კრიტიკა, რომ საპატრიარქოში გადაწყვეტილების მიღება ხდება არა სინოდის კრების საფუძველზე, არამედ უფრო ცალმხრივად ად ერთპიროვნულად. შესაძლოა, ეს საკითხი და უკრაინის საკითხიც აქ ხაზგასმულია, რომ სასურველია, რომ მსჯელობა იყოს,“- აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სკანდალური განცხადებები გაავრცელა. გთავაზობთ ამონარიდს:

„რით არის გამოწვეული ხალხში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესიაში საქმე რთულად არის? ან რა საფუძველი აქვს საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვაობას ამ თემის ირგვლივ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე საკითხს გამოვყოფთ:

1. ადამიანები არ (ან ცუდად) იცნობენ კანონიკურ სამართალს და ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას; ნაკლებად აცნობიერებენ წმიდა სინოდის როლს და მნიშვნელობას ეკლესიის ცხოვრებაში.

2. არაერთი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში ე.წ. ციანიდის საქმემ და ეს კითხვები პასუხგაუცემელია დღემდე.

3. მას შემდეგ, რაც დასახელებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ეკლესია აღმოჩნდა უჩვეულო მოლოდინის რეჟიმში; ამის ლოგიკური გაგრძელებაა კულუარული თუ მედია სივრცეში გამართული საუბრები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, როგორია სინოდში ძალთა გადანაწილება და ა.შ. რაც ცოცხალი პატრიარქის პირობებში, ერთი მხრივ, დიდ უხერხულობას ქმნის, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ერთგვარი კანონზომიერი გამოძახილი დაწყებული პროცესისა, მით უფრო, რომ განუზომლად დიდია საკითხის სულიერი და პოლიტიკური მნიშვნელობა.

ზემოთ აღნიშნული და რიგი სხვა საკითხებისა, ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და იწვევს გარკვეულ წუხილსაც. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ეკლესია, მრევლი მუდმივად იმყოფება ერთგვარ სტრესულ მდგომარეობაში, გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში. ხალხში მუდმივი ინტერესია იმის შესახებ, თუ როდის შეიკრიბება წმიდა სინოდი. ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს, მრავალ მიზეზთა გამო, დიდი ინტერესით და ყურადღებით აკვირდება თვით სახელმწიფოც.

სამწუხაროდ, მოარული ხმებით პერიოდულად ვრცელდება ხოლმე აზრი, თითქოს, სინოდში მდგომარეობა ისეა დაძაბული, რომ ეკლესია შეიძლება განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

წმიდა სინოდის წევრთა შორის რიგ საკითხებზე მართლაც არსებობს ურთიერთგანსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა თემატურ საკითხში, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია და ამისთვისაც იკრიბებიან მღვდელმთავრები, რომ იმსჯელონ ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე, ერთმანეთის პოზიციები დაუახლოვონ და შეაჯერონ; მაგრამ ამის საპირისპიროდ, სავსებით არაჯანსაღ მოვლენასთან გვაქვს ხოლმე საქმე, როდესაც მავანნი მზად არიან ეკლესიის და/ან პატრიარქის პერსონალურ მტრად შერაცხონ ხოლმე ადამიანი, თუ მას აქვს ეკლესიაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრისადმი განსხვავებული ხედვა ან პოზიცია; ასეთ შემთხვევაში აღარ დაგიდევენ არც ქრისტიანულ ეთიკას, არც კანონიკური სამართლის ნორმებს, არც სუბორდინაციას. ასეთი მიდგომები და, მით უფრო, ქმედებები პირწმიდად არის ავტორიტარული რეჯიმისთვის დამახასიათებელი მენტალობის მანიშნებელი.

ასე რომ, შიშები, ე.წ. განხეთქილების საფრთხესთან დაკავშირებით, გახლავთ უსაფუძვლო, არ ასახავს სინამდვილეს და წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს.

ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეთაგან არის მცდელობები, ქართველ ერზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი სულიერი მექანიზმები მოიპოვონ, რათა ეკლესიაში მოვლენები ისეთნაირად განვითარდეს, რომ მისი გაკონტროლება შესაძლებელი იყოს მათი მხრიდან, ვის მიზანსაც წარმოადგენს თავისი გავლენების შენარჩუნება საქართველოზე.

თუ ეს მოახერხეს, ნამდვილად აღარ დასჭირდებათ მათი რეკომენდაციებით დანიშნული მინისტრები (როგორც ეს XX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იყო!), რადგან, ასეთ შემთხვევაში, სულიერი ზემოქმედების იმ მექანიზმებით და საშუალებებით, რომლებიც ადამიანის გონებას, მის რწმენას უკავშირდება, ნებისმიერ ვითარებაში შეძლებენ ნებისმიერი მთავრობის შეცვლას.

აქ ჩვენ ძალიან გვჭირდება სულიერი სიფხიზლე და დიდი გონიერება.

აღნიშნულის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოს სტუმრობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათთვის სასურველი მიზნობრივი გავლენები მოახდინონ საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე,

ნუთუ სერიოზულად ფიქრობს ვინმე, რომ საქართველოს ეკლესია ერისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დადგენილებებს ოდესმე მიღებს სინოდის წევრთა საფუძვლიანი მსჯელობების გარეშე?!

ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის სინოდალური მართვის პრინციპებზე, მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებზე?!

არავინ უნდა მოხიბლოს მსგავსმა ილუზიებმა!!!

მსგავსი მცდელობები შეიძლება შეფასდეს, როგორც კონფრონტაციის დანერგვისკენ მიმართული ქმედებები, რაც ნამდვილად არ განეკუთვნება სულიერი ძმობის კატეგორიას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილებები მიიღებოდა მსოფლიო ეკლესიის მამათა ერთობით.“

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ბრწყინავდა - პირველი ლედის ფოტოები პარიზიდან
"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
"ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქეთი დოლიძე 9 აპრილზე მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება
ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილიდან
დაწერე კომენტარი