“მკაცრი ვიყავი” _ რას ნანობს 99 წლის ოზურგეთელი პედაგოგი

“არაფერს ვნანობ, მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა _ მკაცრი ვიყავი, პედაგოგობის დროს და ახლა ეს არ მომწონს. ძალიან მიყვარს და მიყვარდა ჩემი საქმე. ყველანაირად ვცდილობდი, ბავშვებისთვის მესწავლებინა წერა და კითხვა” _ ეს სიტყვები 99 წლის ბენია აბუთაძეს ეკუთვნის.

ბენია აბუთაძე სოფელ შემოქმედში (გონების კარის) ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ვერა გორგოშიძესთან ერთად. ორივე მათგანი სოფლის საამაყო ადამიანები არიან.

“97 წლის არის დედაჩემი და 99 წლის კი მამაჩემი. ორივე დამსახურებული პედაგოგი იყო და მათი ცხოვრების გზა უკავშირდება ბავშვებისთვის განათლების მიღებას და აღზრდას. ძალიან მძიმე წლებში მოუწიათ სკოლაში მუშაობა, არაერთი ომის მომსწრე იყვნენ და ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის მიუხედავად, მოსწავლეებთან შეხვედრის დროს  ცდილობდნენ – ასე ახასიათებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მისი შვილი რუსუდან აბუთაძე, რომელიც ახლა დედ-მამას უვლის და მათთან ერთად ცხოვრობს.

ჩვენი სტუმრობის დროს ბატონი ბენია და ქალბატონი ვერა შეუძლოდ იყვნენ. მათ შესახებ “გურია ნიუსთან” მათმა შვილებმა რუსუდანმა და ქეთევანმა ისაუბრეს.

“მამაჩემი დაიბადა 1920 წელს. 20 წლის იყო, როდესაც პედაგოგად დაიწყო მუშაობა. იხსენებს, რომ 17 წლის მოსწავლეები მყავდა და წერა-კითხვას ვასწავლიდიო. 60 წლის რომ გახდა, გვითხრა ოჯახის წევრებს ძალიან მიმძიმს და ვეღარ წავალ სკოლაშიო. 40 წელი იმუშავა დაწყებით კლასებში, იყო სოფელ კვირიკეთის და შემდეგ გომის სკოლაში. ცოტა ხნით სოფელ შემოქმედის საბჭოს თავმჯდომარედ იმუშავა, დიდხანს ვერ  გაუძლო იქ მუშაობას. იყო ბრძანება, რომ ხალხისგან გადასახადები ამოეღოთ. ხალხს კი ძალიან უჭირდა და ვერ შეეგუა ამ ფაქტს. კიდევაც დაემუქრნენ კომუნისტები, რომ მოხსნიდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან თვითონ წამოვიდა და გააგრძელა პედაგოგობა. რაიკომის მდივანს პირდაპირ უთხრა, ხალხს არ აქვს საშუალება და ვერ შევასრულებ თქვენს ბრძანებასო. როდესაც დანიშნეს საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინ უთხრეს, თქვენნაირი პატიოსანი კაცი გვინდაო, მაგრამ შემდეგ მიხვდა მამაჩემი, იმ დავალებებს ვერ შეასრულებდა, რაც მათ უნდოდათ”.

ქეთევან აბუთაძე: დედაჩემი სოფელ შემოქმედის სკოლაში ასწავლიდა, ერთი პერიოდი პარალელურად საქმეთა მმართველიც იყო. საოცარი თბილი, ყურადღებიანი და მშრომელი მშობლები გვყავს.

65 წლის იყო დედაჩემი სკოლაში მუშაობას რომ დაანება თავი. ძალიან უყვარდა და უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა.

როგორც მამაჩემმა თქვა, მკაცრი იყო, მაგრამ მისი სიმკაცრე უფრო მეტად გამოიხატებოდა იმის გამო, რომ ბავშვებს უფრო მეტად ესწავლათ და მიეღოთ საუკეთესო განათლება.

ახლა კი ხშირად ამბობს, რომ მკაცრი არ უნდა ვყოფილიყავიო. რატომღაც ეს სიტყვები ამოჩემებული აქვს.

ძალიან მშრომელები იყვნენ ორივე მათგანი, ჩაის პლანტაციებში მუშაობდნენ დამატებით, ჩვენც დავდიოდით და მთელი ოჯახი ვმუშაობდით”, _ გვითხრა ქალბატონმა ქეთევანმა.

ვერა გორგოშიძემ და ბენია აბუთაძემ ერთმანეთი კურორტ გომისმთაზე პენსიორთა ბანაკში გაიცნეს.

„მთაში გავიცანი ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი. ბანაკში ვიყავით, ბავშვებს ვახლდით. 31 წლის ვიყავი, რომ დავქორწინდით და იმის მერე ერთად ვართ.

ორი შვილი _ რუსუდანი და ქეთევანი, ოთხი შვილიშვილი და ექვსი შვილის შვილიშვილი გვყავს”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ბენია აბუთაძემ.

რუსუდან აბუთაძე: “მახსოვს პირველ კლასში წავედი, მაშინ მასწავლებელი მეგონა ზებუნებრივი არსება, დედაჩემი და მამაჩემი არ მასწავლიდნენ. მშობლები კი მყავდნენ პედაგოგები, მაგრამ მაინც ასეთი გრძნობა მქონდა, თუმცა, მარტო მე არ ვფიქრობდი ასე.

ძალიან მწირი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ მაინც არ წუწუნებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა ბევრი ბავშვისთვის ესწავლებინათ წერა-კითხვა.

მამაჩემს ომში წასვლა უნდოდა, კიდევაც წავიდა, მაგრამ პედაგოგი რადგან იყო, უკან გამოუშვეს და დააბრუნეს სოფელში”.

წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალბატონ ვერას და ბატონ ბენიას სამადლობელი სიგელები გადასცეს საჩუქრებთან ერთად. ასევე, ბენია აბუთაძე ღირსების ორდენი აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილის  პრეზიდენტობის დროს. ორივე მათგანი 1942 წლის ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები არიან.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
რა უთხრა ადვოკატს 4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედამ
დაწერე კომენტარი