მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. ადვოკატის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარის სამი ან ოთხი მოწმე დაიკითხება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დღემდე დაკითხული 28 მოწმიდან არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა. თოდუას განცხადებით, კონკრეტული მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდების მხარე შეეცადა, შეესრულებინა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დავალება, რომ თითქოს კონფლიქტისას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაც ადვოკატის შეფასებით, ლეგენდაა. მისი თქმით, ამ ეპიზოდზე დაკითხული ექვსი მოწმიდან სამმა უარყო აღნიშნული ფაქტი, ხოლო დანარჩენმა სამმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

„მიმდინარეობს ბრალდების მოწმეთა მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარე დღესაც 3-4 მოწმეს წარადგენს და დაკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებით, დაახლოებით 28 მოწმეა დაკითხული და შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ დღემდე დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებს შერაცხული ბრალის რაიმე ინფორმაციასაც კი. ბრალდება, ფაქტობრივად გამოკვეთილია, რომ ეცადა შეესრულებინა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დავალება იმის თაობაზე, რომ შეექმნა ლეგენდა, თითქოს ხორავას ქუჩაზე კონფლიქტისას კალანდიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი. ამ ეპიზოდის მადასტურებელმა მოწმეებმა გარკვეული ტრენინგები გაიარეს გენერალურ პროკურატურაში და დაცვის კითხვებზე ბევრმა მათგანმა ვერ უპასუხა, ხოლო დასახელებული ექვსი მოწმიდან სამმა საერთოდ უარყო, დანარჩენმა სამმა მოწმემ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, რითაც პროკურატურა ეცადა შეექმნა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კალანდიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი კონფლიქტისას“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დაწერე კომენტარი