„მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან…როგორ ახერხებთ, მეგობრებო?“ – რა კითხვა აქვს გვარამიას ოპოზიციურ არხებთან

ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გვარამია ოპოზიციური არხების წარმომადგენლებს კითხვით მიმართავს. ის აღნიშნავს, რომ ვერ ხვდება თუ როგორ ახერხებენ მისი კოლეგები შაქარაშვილის მეგობრების ან მის საქმესთან დაკავშირებული ადვოკატების ჩაწერას. გვარამია ხაზს უსვამს იმასაც, რომ „მთავარი არხის“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ოპოზიციური ტელემედიების.

„მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან, როგორ ახერხებდნენ ყოლოდათ რესპონდენტებად მაგალითად პანდემიის სამთავრობო ექიმები, ან ახლა შაქარაშვილის საქმეზე ნებისმიერი ადვოკატი ან სხვა ფიგურანტი? აი ისინი, მთავარ არხზე მოსვლა რომ აკრძალული აქვთ, ცხადია, მთავრობის მიერ და ფეხს ვერ შემოადგმევინებ ვერას გზით.

როგორ ახერხებთ, კოლეგებო? ქებათა ქება თქვენს ნიჭსა და პროფესიულ უნარებს! ჩვენ, მაგალითად, შაქარაშვილის მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანაგუნდელებთან შეხებაც კი აკრძალული გვაქვს, არა და, (ჯანდაბას, ჩემ სუბიექტურობას დავაბრალოთ), საქმე ჩვენ ამოვწიეთ, ჩვენ გავხსენით ლამის და დღე და ღამეს ვასწორებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ.

შედეგი: აგრესია ოჯახის, ხელისუფლების, ადვოკატების, რა ვიცი კიდე, ბებიების, ბაბუების, მეზობლების, არსებულების თუ არარსებულების მხრიდან…

ps გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სატელევიზიო აუდიტორია ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური ტელევიზიის აუდიტორიების ჯამს, ხოლო ინტერნეტ აუდიტორია – სამჯერ. ასე რომ, რაციონალური ახსნა ზემოთ მოყვანილს ვერ ექნება. უფრო ნიჭის და უნარების ნაკლებობას ვვარაუდობ ჩვენ მხარეს. ან იქნებ რამე ჯადო ან შელოცვაა და არ ვიცი?“ – წერს გვარამია.

დაწერე კომენტარი