
ყველა მიმდინარეობა, რაც კი იუდაიზმში საუკუნეების განმავლობაში დღევანდლამდე შექმნილა, წმიდა წიგნებიდან იღებს სათავეს. წყარო ყველასთვის ერთია, ოღონდ მათი ინტერპრეტაციაა განსხვავებული. იუდაიზმის ქმნადობა განუწყვეტელი პროცესია და თავის წიაღში ხშირად ითავსებს ერთმანეთის საპირისპირო იდეებსა და ტენდენციებს. მას ახასიათებს მაქსიმალიზმი, მთელი მოძღვრების დაყვანა ერთ რომელიმე დებულებაზე, რომელიც სკოლის ემბლემად იქცევა. ჩვ. წ. III საუკუნის ბრძენი თალმუდში იუდაიზმის არსს გამოხატავს წინასწარმეტყველ აბაკუმის სიტყვებით: „მართალი კაცი თავისი რწმენით იცოცხლებს“ (2: 4), ხოლო მეორე ბრძენი მოძღვარი – ჰილელი – მთელ რჯულს ასე განსაზღვრავს: „რაც შენთვის საძულველია, ნუ გაუკეთებ შენს თვისტომს“. არსებობს კიდევ სხვა განსაზღვრებანი, მაგრამ არც ერთი მათგანი რელიგიურ დოგმად არ ქცეულა. შუა საუკუნეებში ევროპელი იუდაისტები ცდილობდნენ, ერთი მხრივ, ფილოსოფიური, მეორე მხრივ, მისტიკური დასაბუთება მიეცათ იუდაიზმისთვის. ასე წარმოიშვა ფილოსოფიური სისტემები (შლომო იბნ გაბიროლი, იეჰუდა ჰალევი, მოშე მაიმონიდი) და კაბალა.
ორთოდოქსული მიმდინარეობა თავის თავს თვლის იუდაიზმის არსის (როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი თუ საოჯახო ყოფის მასაზრდოებელი იდეის) ერთადერთ მატარებლად. იგი ყალიბდებოდა შუა საუკუნეთა და ახალი დროის მიჯნაზე და საბოლოო სახე XIX სის პირველ ნახევარში მიიღო. ორთოდოქსული მიმდინარეობა დაუპირისპირდა რეფორმატორულ მოძრაობას, როგორც შეურიგებელი მოწინააღმდეგე სეკულარიზაციისა და ემანსიპაციისა ებრაელობის ცხოვრებაში. ეს მიმდინარეობა „საეროთაგან“ (ხილონიმ) განსხვავებით თავის თავს ასე მოიხსენიებს: „ღვთის მოსავნი“ (ადუკიმ) და „რელიგიურნი“ (დათიმ). ის ეწინააღმდეგებოდა ებრაელთათვის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების გაფართოებას და, აქედან გამომდინარე, საერთოდ, არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ებრაულ განმანათლებლობას (ჰასქალა), რაც მათი აზრით შეუთავსებელია ებრაელობის, როგორც ღვთის რჩეული ხალხის, თავად არსებობასთან. მათი აზრით, გეტოს გაუქმება გამოიწვევდა ებრაელთა სწრაფ ასიმილაციას და, საბოლოოდ, დაემუქრებოდა იუდაიზმს, როგორც მოძღვრებასა და ცხოვრების წესს. ამიტომაც მათი მესვეურნი იქამდეც მიდიოდნენ, რომ ადგილობრივი სახელმწიფო ენის შესწავლასა და გამოყენებაზეც კი უარს ამბობდნენ.
კონსერვატორები ცდილობდნენ მოეხდინათ სინთეზი ტრადიციისა რეფორმებთან, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ჰალახის პრინციპებსა და იუდაიზმის სულისკვეთებას, ანუ რეფორმები არ უნდა შეხებოდა რელიგიის ფუძემდებლურ პრინციპებს და შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ებრაული ენის ლიტურგიული სტატუსი, დაცული ყოფილიყო წმიდა-არაწმიდას კატეგორია და შაბათის სიწმიდე. ამ მიმდინარეობის მესვეურთა რწმენით, იუდაიზმი ცოცხალი და დინამიკური ორგანიზმია, რომელსაც აქვს უნარი გარესამყაროში მიმდინარე ცვლილებებისადმი შეგუებისა და ტრანსფორმაციისა ისე, რომ არ დაკარგოს თავისი მარადიული და უცვლელი არსი.
რეფორმისტული იდეების ცალკეული გამოვლინებები ახალ დროს ეკუთვნის. გააზრებული იქნა, რომ ებრაულ რელიგიაში ბევრი რამ არის ადამიანური წარმოშობის, რომ ადამიანებმა თავიანთი ნებით ბევრი დამატება შეიტანეს ღვთის გამოცხადებაში. ამიტომ აუცილებელია რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალის მისადაგება დროების სულთან, ებრაელობის, როგორც სახელმწიფოს მოქალაქეთა სტატუსის შეცვლა. პირველი ნაბიჯი რეფორმისკენ ამსტერდამში გადაიდგა, სადაც განხორციელდა ლიტურგიის რეფორმა: ამოღებული იქნა ყავლგასული ლოცვები და შემოღებული იქნა ქადაგება ჰოლანდიურ ენაზე. მაგრამ რეფორმიზმის ცენტრი მაინც გერმანია შეიქნა. ჯერ კიდევ მოშე მენდელსონი (1729-1786) აუცილებლად მიიჩნევდა ებრაელთაგან გერმანული ენის შესწავლასა და გერმანულ საზოგადოებასთან ებრაელობის ინტეგრაციას. იუდაისტური რეფორმაცია, ამრიგად, ემანსიპაციისა და განმანათლებლობის (ჰასკალა) იდეებს ეფუძნებოდა. გერმანიის ზოგიერთ სინაგოგაში გერმანულად იკითხებოდა ქადაგებები და იგალობებოდა საგალობლები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთ სინაგოგაში ლოცვანიდან ამოიღეს ფრაზები მესიის მოლოდინზე, ებრაელი ხალხის ღვთივრჩეულობაზე, სიონზე დაბრუნებაზე, ანუ ყველაფერი, რასაც ნაციონალური და არა ზოგადსაკაცობრიო ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ორთოდოქსთა მხრიდან წინააღმდეგობისა, რეფორმისტული მოძრაობა მეტნაკლები რადიკალიზმით გავრცელდა ავსტრიის, უნგრეთის, საფრანგეთის, დანიის, ინგლისის ქალაქებში. ბრიტანეთში რეფორმისტები უფრო შორს წავიდნენ: აღიარებდნენ რა თანახს (ბიბლიას), როგორც ღვთის სიტყვას, უარყოფდნენ თალმუდს, როგორც ადამიანურ შემოქმედებას.
ხასიდიზმი. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოშობილმა თავისებურმა მისტიკურმა რეფორმისტულმა მოძრაობამ ხასიდობამ (ებრ. ხასიდუთ) ისრაელში გადაინაცვლა და დღესდღეობით ეზოთერული სახით განაგრძობს არსებობას. თავდაპირველად იგი მდაბიო, წერაკითხვის სრულიად უცოდინარი ხალხის რეაქცია იყო თალმუდის წიგნური რელიგიისა და სიბრძნისადმი. მისი დამაარსებელი ისრაელ ბენ ელიეზერი (1700-1760) თუმცა არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ ის ამბობდა, რომ შესაძლებელია მათ გარეშეც აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტნაკლებად ყველა ადამიანში მოიძევება. „უფალმა სიწმიდის ნაპერწკლები ჩადო ბუნების ყოველ ნივთში, ორგანულშიც და არაორგანულშიც. მას სურს, რომ ადამიანმა გამოაკვესოს ეს ნაპერწკლები თავისი წმიდა საქმეებით და მათ წყარომდე აიყვანოს ისინი“, – ხასიდობის დამაარსებლის ამ ფრაზებმა გამოხატეს ხასიდობის მთელი არსი. და კიდევ: „რასაც მე მივაღწიე, ლოცვით მივაღწიე და არა თალმუდის შესწავლით“. ხასიდობამ ადამიანის პიროვნების განუმეორებლობას დასდო ფასი. თითოეული ადამიანის უნიკალობა და სიღრმე აღმოაჩინა ხასიდურმა მისტიკამ უბრალო ხალხში. თუ თალმუდი, როგორც კედელი, იცავდა იუდევლობის თავისთავადობასა და განსაკუთრებულობას, რომ იგი ხალხებში არ გათქვეფილიყო, ხასიდობას უნდა დაეცვა თითოეული პიროვნების თავისთავადობა და უნიკალობა. ხასიდობა მოუწოდებდა ადამიანს, შეეცნო თავისი თავი, რათა სრულყოფილად გამოევლინებინა საკუთარი შესაძლებლობები ღვთის სამსახურში. ხასიდმა თავისი ინდივიდუალური გზა უნდა მონახოს ღვთისკენ. ხასიდი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე არა მხოლოდ საკუთარი პიროვნებისთვის, არამედ ყოველი არსებისთვის, მთელი ნივთიერი სამყაროსთვის. ის შუამავალია გამჩენსა და გაჩენილს შორის, რომელიც მან კვლავ ღმერთამდე უნდა აიყვანოს. ნივთიერ სამყაროში გაფანტული „ღვთიური ნაპერწკლები“ ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს და აიყვანოს ქვედა საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურებზე, ვიდრე საბოლოოდ არ მიაღწევს ღმერთს, ვიდრე არ მიიღწევა სრული ერთიანობა შემოქმედსა და ქმნილებას შორის. თითოეული ხასიდი თავისი მოქმედებით, ღვთისადმი სრულყოფილი მსახურებით აახლოებს მესიის მოსვლის ჟამს. პიროვნული ხსნა ებრაელი ხალხის და, შესაძლოა, მთელი კაცობრიობის ხსნისკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.