მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს – მელიას სიტყვა EPP-ს ყრილობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს მიმართა, რომ საქართველოს კარი გაუღოს.

cyc

მელიას თქმით,  უახლოესი დღეები, კვირები და თვეები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში და მის მიღმა ევროპის კონტინენტის ბედს შეცვლის.

„და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი. 2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რა შეცდომაა! რა სიცრუეა! საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ.

რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? დაბოლოს, ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას? რეალიზმის, ზოგჯერ კი გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე. უკრაინა და ახლა ისევ საქართველოც“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ქართული სახელმწიფო საკუთარ თავზე შეყვარებულმა გაზპრომის ოლიგარქმა მიიტაცა  და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს.

„ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ციხეში. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი.

დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს – პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტსაბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად; საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახან დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან წარმოადგენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ საკუთარ ხელისუფლებას ვერ ხედავენ უკრაინისა და უკრაინელებისადმი მიმართულ საყოველთაო ტალღაში.

მელია თავს დამნაშავედ მიიჩნევს იმაშიც, რომ მისი თქმით, უარს აცხადებს დაინახოს, თუ როგორ ეშვება ქვეყანა პუტინის მიერ დაპირებული ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, მე და სხვებმა ამ დარბაზში კარგად ვიცით რუსული ბატონობის ფასი. არც იმედი, არც მომავალი, არც სიცოცხლე. ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება. ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ გზა გრძელი და რთული იქნება, მაგრამ ის ერთად გასავლელია.

„დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას! გმადლობთ ყურადღებისთვის“, – განაცხადა მელიამ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი