„მე არ ვთვლი, რომ ნიკა გვარამია მე მლანძღავს“ – რას აცხადებს თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი ნიკა გვარამიასა და რუსთავი 2-ში დარჩენაზე

ნინი კუპრაძე

თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძე „რუსთავი 2“-ზე „დარჩენილთა“ სიაშია. ნინი არხის გასართობი შოუების ფროდაქშენში მუშაობს. ახლა კი მაყურებელი დილის გადაცემის (შაბათ-კვირის) კულტურის ბლოკის ჟურნალისტადაც იხილავს. ცოტა არ იყოს პარადოქსულად ჩანს, ძველი „რუსთავი 2“-ის და „კურიერის“ სახის – თამარ ბაღაშვილის შვილი რომ იმ არხზე დარჩა, რომელსაც „მთავარ არხზე“ გადასული ძველი გუნდი ნეგატიური კონტექსტით მოიხსენიებს. ამ თემაზე პირველი კომენტარი ბაღაშვილმა „პრაიმტაიმთან“ გუშინ გააკეთა.

თამარ ბაღაშვილი: – ჩემი შვილი პოლიტიკური ჟურნალისტი არ ყოფილა. ის „რუსთავი 2“-ზე ფროდაქშენშია და არა – საინფორმაციო სამსახურში. მე არხი იმიტომ დავტოვე, რომ საინფორმაციო პოლიტიკა იცვლება. ნინი „რუსთავი 2“-ში გაზრდილია, სხვა სფეროა და მუშაობს იქ. მას ჯანსაღი, სწორი სამოქალაქო პოზიცია აქვს და არ სჭირდება ჩემი დარიგებები. თუ რაღაც სასწაული მოხდა, არასოდეს არაა წამოსვლა გვიან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნინიმ ტურიზმის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. „რუსთავი 2“-ზე ორი წლის წინ მივიდა და ჯერ არხის ვებგვერდი ჩაიბარა, შემდეგ კი გასართობ შოუებში – „მხოლოდ ქართული“, „მასტერკლასი“ – გადაინაცვლა. „პრაიმტაიმთან“ თავისი პოზიცია მანაც დააფიქსირა.

ნინი კუპრაძე: – მე „მთავარი არხისგან“ საინფორმაციო გამოშვებაში მუშაობის შემოთავაზება არ მიმიღია. თავს საინფორმაციოს ჟურნალისტად არ ვთვლი. მირჩევნია კულტურაზე ვიმუშაო.

– „კურიერს“ კულტურის ბლოკი აღარ აქვს?

– იქ ჯერ არ არის კულტურის სფერო. ამ ეტაპზე არ ვიცი, რა ხდება. მე დილაში ახლა გადმოვედი, მანამდე მხოლოდ ფროდაქშენში ვიყავი. ამიერიდან დილის გადაცემის პარალელურად მე ვაგრძელებ ფროდაქშენში მუშაობას. 

– დედას არ ჰქონია შენთან საუბარი, რომ არ სურს „რუსთავი 2“-ზე დარჩე, შენი იქ ყოფნით დისკომფორტი აქვს ან რამე მსგავსი?

– არა. მსგავსი საუბარი არ გვქონია. ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. დიდი გოგო ვარ და გადაწყვეტილებას მე ვიღებ. არ მგონია, რომ ახლა სხვა „რუსთავი 2“-ზე ვმუშაობ. თუ რაიმე შემეხება და ჩემთვის სხვა „რუსთავი 2“-ზე აღმოვჩნდები, გადაწყვეტილების მიღება გვიანი არასდროსაა. 

– სხვა „რუსთავი 2“-ში რა იგულისხმე?

– თუ ოდესმე საინფორმაციო გამოშვებაში გადავალ და იქ მე შემეხება არხის პოლიტიკა. 

– ნიკა გვარამიას, ბუნებრივია, კარგად იცნობ. ის სოციალურ ქსელში დიდი ინტენსივობით პოსტავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას მათი მისამართით, ვინც „რუსთავი 2“-ზე დარჩა. რამდენად იღებ და იზიარებ მის ამ პოზიციას?

– ნიკასთან დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. მე არ ვთვლი, რომ ნიკა გვარამია მე მლანძღავს, იმ ნეგატივს ჩემ თავზე არ ვიღებ. 

– მოკლედ, დედის გუნდის ნაწილად თავს არ მიიჩნევ.

– მე არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს მათთან, ვინც გადავიდა და მათთანაც, ვინც – დარჩა. მთავარია, განხეთქილების და დაპირისპირების გარეშე ვაკეთოთ ყველამ ჩვენი საქმე. ის ლანძღვა, რაც „რუსთავი 2“-ის მიმართ პოლიტიკის ჭრილშია, მე ჩემს თავზე არ ვიღებ. მე არ ვარ პოლიტიკის და საინფორმაციოს ჟურნალისტი. 

პრაიმტაიმი


პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი