ეკა ბესელია: ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, რომელშიც მეტი ქალი იქნება

ეკა ბესელია

პლენალურ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა. მისივე თქმით, როცა საუბარია საარჩევნო სიის ყოველ ოთხ ადამიანში ერთი განსხვავებული სქესის ადამიანზე, აქ საუბარია განსხვავებული სქესის ადამიანზე და არ არის საუბარი მხოლოდ ქალზე, შეიძლება იყოს კაციც.

„ვინც ამ ტერმინებს ვიყენებთ და განმარტებებს ვაკეთებთ, იქნებ სწორად იყოს განმარტებული. იქ, სავალდებულო კვოტირებაზე არ წერია, რომ განსხვავებულ სქესში მხოლოდ ქალი იგულისხმება. ქალთა სიას თუ წარმოადგენს რომელიმე პარტია მაგალითად და ყველა ქალი იქნება, იქ განსხვავებული სქესი ანუ უნდა იყოს კაცი, კაციც უნდა ეწეროს. თანაბრობაზე და თანასწორობაზეა ხაზგასმა აქ. ამიტომ ძალიან ღირებულია ეს და შეურაცხმყოფელი ისაა, რომ საარჩევნო სიის შედგენის დროს ყველა პარტიას იშვიათი გამონაკლისის, მაგალითად ამ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ავიწყდებათ ქალი კანდიდატები.

მე პირადად ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. სხვა პარტიებისთვის მინდა იყოს ეს სავალდებულო, როცა „ავიწყდებათ“ ქალი კანდიდატები, არა კი არ ავიწყდებათ, ძალიან კარგად ახსოვთ, მაგრამ იმდენად ბევრი ხელოვნური ბარიერია, შედეგად კი მივიღებთ 2028 წლამდეც ქალების დაბალი მაჩვენებლით პარლამენტს“, – აღნიშნა ბესელიამ.

დაწერე კომენტარი