“მეექვსე კლასში ვიყავი, ჩემი ბათინკები თოვლმა იმსხვერპლა და სკოლაში ,,კალოშებით” დავდიოდი,როცა უიმედობა შეგიპყრობთ, გამიხსენეთ მე” ბარბარე სამხარაძე

ბარბარე

„როცა ოთახში მარტო იქნებით და უიმედობა შეგიპყრობთ, ამასთანავე ცხოვრებაზე ხელის ჩასაქნევად მოემზადებით, გამიხსენეთ მე, ერთი სოფლელი გოგო რომელმაც სავარცხელით და ჯოხებით დაიწყო სიმღერა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელის ერთ-ერთ სამოტივაციო ჯგუფში პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე წერს.

„მე ბევრისთვის ცნობილი და ალბათ უფრო ბევრისთვის უცნობი ბარბარა სამხარაძე ვარ, 20 წლის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი #მეშევძელი -ები მაქვს.

1) მახსოვს მეექვსე კლასში ვიყავი და თოვლი იყო, ჩემი ბათინკები თოვლმა იმსხვერპლა და სკოლაში ,,კალოშებით” დავდიოდი, ზედ ,,გამაშები” მქონდა გადმოწეული და ყოველ წუთს ვიპრიალებდი, რომ არ დამჩნეოდა რაც მეცვა. ერთხელ მკითხეს:,, -კალოშები გაცვიაო?” მეც რა უნდა მეპასუხა, არათქო… მაშინ #შევძელი პირველად მომეტყუებია, ისე რომ ჩემი თავი არ დამეზარალებია.

2) სკოლაში სიარულის დროს არასდროს მცმია ,,ახალი” ტანსაცმელი, დედა სულ მეორადებში ყიდულობდა, ნუ დღესაც ვყიდულობ მაგრამ დღეს ,,ტრენდი” გახდა, მაშინ გაჭირვების იყო.

პირველი ფოტოც ძალიან იშვიათია, რადგან ყველაზე ცოტა სკოლაში გადაღებული ფოტოები მომეპოვება, არ ვიცი რატომ მაგრამ ასეა.

ხოდა ,,ნიჭიერის” სცენაზეც მეორადი ტანსაცმლით გავედი, ასევე ვიყავი პირველი ,, ჭარბ წონიანი” (ეს სიტყვა მეზიზღებააა) ახალგაზრდა, ვინც დიდ სცენაზე დადგა და წარმატებას მიაღწია ! ვიმღერე და ვიგრძენი, რაღაც შევცვალე, რაღაც ძალიან დიდი

#შევძელი.

3) მაშინ როცა ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ჩემს ჩაცმულობას განიკითხავდნენ: ,,- იმით, რომ გახვედი, დედაშენმა უკეთესი ვერ გიყიდა?“.

ნუ რა გაეწყობა, ვერ მიყიდა, მაგრამ მე ხომ ვიყავი ბედნიერი იმით რაც ჩემს გარშემო ხდებოდა.

ეს ბედნიერებაც დიდხანს არ შემრჩა.

4) სამძიმრებიდან და დასაფლავებებიდან მივდიოდი გადაღებებზე და რეპეტიციებზე, ვმღეროდი და ვცეკვავდი მაშინ როცა ჩემი შინაგანი სამყარო ნადგურდებოდა. და ნამდვილად, #შევძელი ეს არავის ეგრძნო.

15 წლის გამოუცდელი სოფლელი ბავშვი, ვიდექი სცენაზე და პროფესიონალურად ვნიღბავდი ჩემს ტკივილს.

5) ,,ნიჭიერში” გამარჯვების შემდეგ, ისევ დავბრუნდი სოფელში და #შევძელი სწავლის გაგრძელება. ჩემს კარიერაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გაჩერება და დასვენება ვაიძულე, პიროვნული განვითარების მიზნით

6) სკოლა დავასრულე და კოლეჯში ჩავაბარე, სადაც ჩემი აზრების და შეხედულებების გამო გავაფორმე კონტაქტი და გავხდი, პიარ მენეჯერი. ჩემი ხელფასით კი სწავლის ფული იქვითებოდა.

7) შარშან მარტში, პანდემიის დროს გადავწყვიტე რაღაც მექნა, რაღაც ახალი. ავდექი და სიმღერა დავწერე და ყურსასმენებით ჩავწერე (Ocean Side) ამას მოჰყვა რამოდენიმე, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებით მიყვარს.

8) ზაფხულში სოფელში წავედი, დიდი ფიქრის შემდეგ დავიწყე ჩემი Youtube გადაცემა ,,სოფლის დღიურები“ სადაც სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებთან მქონდა ინტერვიუ.

ყველაფერს მე ვაკეთებდი, გადაღებიდან დაწყებული, მონტაჟით დასრულებული, თანაც ტელეფონით.

არ უნდა დამავიწყდეს, სანთლის შუქით ვეძებდი სპონსორებს, ვისაც გავაზიარებდი და ჩემს რესპონდენტებს რამეს აჩუქებდნენ

ბევრი კი გამოვიდა და უფრო ბევრი მოსაყოლი დამრჩა მაგრამ, ბოლოს ასე დავასრულებ:

როცა ოთახში მარტო იქნებით და უიმედობა შეგიპყრობთ, ამასთანავე ცხოვრებაზე ხელის ჩასაქნევად მოემზადებით, გამიხსენეთ მე, ერთი სოფლელი გოგო რომელმაც სავარცხელით და ჯოხებით დაიწყო სიმღერა. სცენაც მხოლოდ ერთ გადაჭრილ მორს შეადგენდა ხოლო, ამბიციებს ერთ პატარა ფურცელზე ტევდა.

მე თუ შევძელი, შენ უფრო მეტს შეძლებ !“, – წერს ბარბარე სამხარაძე.

დაწერე კომენტარი