მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სავარაუდო მსხვერპლს, თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს.

„დღის დასასრულს, ამდენი გაუგებრობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ – ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის,“ – წერს მარიამ კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

10 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

დაწერე კომენტარი