15 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

 

წმიდა მოწამე მამაი

წმიდა მოწამე მამაი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინეს ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი დილეგშივე გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა რუფინემ, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო, უჟამოდ შვა ძე, ღმერთს შეავედრა იგი და მეუღლის გვერდით აღმოხდა სული. ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ამიამ, რომელმაც სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო ამის შესახებ, მიწას მიაბარა წმიდა ცხედრები, მათი ახალშობილი ყრმა კი თან წაიყვანა. ხუთი წლის ასაკში დედობილმა იგი წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარა _ „ფრიად სურვილითა სწავლისაჲთა მან მრავალთა თანამოჰასაკეთა სძლო სწავლულებითა“.

იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. „ადვილ წარსატყუენველ ჰგონებდა მათ ვერაგი იგი სიჩოჲსათჳს ჰასაკთა მათთაჲსა“. ბავშვები, „ვითარცა ჭეშმარიტად ყრმანი“, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამაი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღვთისთვის შეეწირათ „მსხუერპლი, სიტყჳერი და სულიერი“. როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამაის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ: წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და უშიშრად ამხილა უსულო კერპების თაყვანისმცემელთა უგუნურება. გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს; მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.
წმიდა მოწამე მამაი
ორმოცი დღე მამაიმ უჭმელ-უსმელად გაატარა, შემდეგ ღვთისგან სასწაულებრივ კვერთხი ებოძა რომელიც ზეგარდმო ბრძანების თანახმად მიწას დაჰკრა და მისი წიაღიდან წმიდა სახარება ამოვიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და აქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით.

მალე წმიდა აღმსარებელს ბუნების ძალებზე საკვირველი ხელმწიფება მიენიჭა: უდაბნოში მკვიდრი მხეცები მის სამკვიდრებელთან იკრიბებოდნენ და სახარების კითხვას უსმენდნენ. ნეტარი ქურციკებისა და ირმების რძით იკვებებოდა, მოყვასთა გასაჭირსაც არ ივიწყებდა და ამ რძისგან დამზადებულ ყველს გლახაკებს ურიგებდა.

მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ უვნებელი დარჩა, მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ მათ კრძალვით თაყვანისსცეს და ამბორს-უყვეს… ეს სასწაულები „ქვისაცა მოლბობად კმა-იყვნეს“, მაგრამ მმართველი კიდევ უფრო გაფიცხდა და ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით. წმიდანის აღსასრულის წინ „ჴმაჲ ზეგარდამო მოიწია, რომელი მოუწოდდა მოღუაწესა საყოფელთა მიმართ მკჳდრ წარუვალთა“.

მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი მისი მიცვალების ადგილზევე დაკრძალეს.

 

ღირსი იოანე IV მმარხველი

ღირსი იოანე IV მმარხველი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (582-595), ბავშვობიდანვე საოცარ ლტოლვას გრძნობდა მონაზვნობისკენ. კეთილმსახური ცხოვრებისთვის იგი დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე ხანში კი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსადაც დაადგინეს. მღვდელმთავრობის წლების მანძილზე წმიდანს არ დაუგდია ცხოვრების ის წესი, რომელიც ყველაზე ასკეტი მეუდაბნოე მამებისთვის იყო დამახასიათებელი, ამიტომაც ეწოდა „მმარხველი“.
ღირსი იოანე IV მმარხველი
წმიდა მამა საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითით ასწავლიდა მორწმუნეებს ვნებების მოთოკვასა და თავის ფლობას. როცა კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სულთმოფენობის დღესასწაულის მიმწუხრზე დოღის ცქერით დამტკბარიყვნენ და ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებდა დღესასწაულის აღქმას, ნეტარი მღვდელმთავარი მუხლებზე დაეცა და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს მისი სამწყსოს ეს უსჯულო განზრახვა განექარვებინა. და, აი, როგორც კი კონსტანტინოპოლელებმა ასპარეზზე თავი მოიყარეს, უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ატყდა ჭექა-ქუხილი, ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა და სანახაობაც ჩაიშალა. წმიდა იოანეს ისე უყვარდა გლახაკები, რომ უშურველად ურიგებდა მათ ყველაფერს, რაც გააჩნდა და, როცა მიიცვალა, ძველი სამოსლის გარდა არაფერი დარჩენია. ნეტარმა მამამ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი.

წმიდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე

წმიდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე ნიკომიდიაში აწამეს ქრისტესთვის იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ისინი იყვნენ ალექსანდრიელები, რომელთაც ქრისტე მაცხოვარი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, პეტრეს (ხს. 25 ნოემბერს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ირწმუნეს. წმიდანები ოჯახებით ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. დიოკლეტიანე თავდაპირველად ცდილობდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფაზე დაეყოლიებინა აღმსარებლები, მაგრამ მათი შეურყევლობა რომ იხილა, ბრძანა, ყველასთვის თავები მოეკვეთათ, სხეულები კი ხრამში გადაეყარათ. უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები მრავალი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი საღვთო გამოცხადებით.

წმიდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი