14 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

დაწყება ინდიქტიონისა

დაწყება ინდიქტიონისა – ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).

312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.
დაწყება ინდიქტიონისა
შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.

ღირსი სვიმეონ მესვეტე

ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა „ჰრქუა კმაყოფაჲ სიღრმისაჲ და მიერითგან ამცნო შენებაჲ“. ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ცხონებისთვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო.
ღირსი სვიმეონ მესვეტე
ხილვის შემდეგ უფლის რჩეული წამოდგა, მახლობლად მდებარე მონასტერს მიაშურა და შვიდი დღე ჭიშკართან მდგომი, მშიერ-მწყურვალი ცრემლებით ითხოვდა მიღებას. კვირის თავზე იგი საძმოში ჩარიცხეს. თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით ყველა ძმას გადააჭარბა. ის იმდენად მკაცრად ეპყრობოდა საკუთარ თავს, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვები, უფრო სუსტები, მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ და წმიდანს სავანის დატოვება უბრძანა. ახოვანმა მოსაგრემ ბევრი იხეტიალა უდაბნოსა და მთებში, ბოლოს კი ერთი ამომშრალი ჭის ფსკერზე დამკვიდრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა ჩვენებით იხილა ანგელოზები, რომლებმაც მას სვიმეონის სავანეში დაბრუნება უბრძანეს. წინამძღვარმაც ძმებთან ერთად მოძებნა სიკვდილის პირას მისული მამა და მონასტერში მიიყვანა, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. უფლის რჩეულმა დაბა ტალანისის მახლობლად მდებარე ვიწრო გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც სამი წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში. ერთხელ მან გადაწყვიტა, მთელი დიდმარხვის მანძილზე არანაირი საჭმელი და სასმელი არ მიეღო. ღვთის შეწევნით შეასრულა კიდეც განზრახვა და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს წმიდა ორმეოცს ასე ატარებდა. ამასთან, ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი – იჯდა. სამი წლის შემდეგ წმიდა სვიმეონმა მთის წვერზე დაიწყო მოსაგრეობა. აქ მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, თან ყველას კურთხევის მისაღებად წმიდანთან შეხება სურდა. ასეთმა თაყვანისცემამ და შფოთმა მეტად დაამძიმა ნეტარი და სათავე დაუდო მანამდე არნახულ ღვაწლს: ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი – ოცდათექვსმეტ წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.

სვიმეონის ამგვარი ჯერ არ გაგონილი ღვაწლის შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა შეიტყვეს და გამოცდის მიზნით სვიმეონთან მოციქულები გაგზავნეს, „რაჲთა შეჰრისხნენ მას უცხოჲსა მისთჳს მოგონებისა და ასწაონ სლვად გზასა განტკეცილსა, რომელი წარუვლიეს სხუათა წმიდათა პირველ მისსა“; თან წარგზავნილები დაარიგეს, რომ თუ სვიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებინათ, რადგან მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ მისი მოღვაწების ახალი სახე ღვთისგან იყო. როცა მოციქულები მივიდნენ წმიდანთან და მამათა კრებულის გადაწყვეტილება ამცნეს, მან მაშინვე ჩამოსვლა დააპირა. ეს რომ იხილეს, მივლინებულებმა შეაჩერეს იგი, მამათა ნება განუცხადეს და „ჰლოცვიდეს მას სამარადისოდ და შეუცვალებელად დგომად სვეტსა მას ზედა“.

ბოროტი გამუდმებით ცდილობდა, შეერყია წმიდანის სიმტკიცე, მაგრამ ნეტარი უფლის შემწეობით ყოველთვის სძლევდა საცდურებს. ერთხელ ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ცეცხლოვან ცხენებშებმულ ეტლში ეჩვენა სვიმეონს და ამცნო, შენი წმიდა ცხოვრება იმდენად სათნოეყო უფალს, რომ ზეცაში შენს ცოცხლად ასატაცებლად გამომგზავნაო. უფლის რჩეული ცდუნდა და მარჯვენა ფეხი გადადგა ეტლზე დასადგმელად, თან პირჯვარი გადაისახა, მაშინ დემონი გაქრა. სვიმეონი მიხვდა, რომ ყველაფერი მტრის ხრიკები იყო.

ღირსმა სვიმეონმა ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.

ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.

მართალი ისუ

მართალი ისუ, ძე ნავესი ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა, ბოლოს, გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ბრძანებით „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როცა მტერი საბოლოოდ დამარცხდა. ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს. ქრისტეს შობამდე). სიკვდილის წინ მან ებრაელებს მოსეს სჯულის ერთგულება დაუბარა. ამ მოვლენათა შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, ისუ ნავეს წიგნში (თავები: 3, 5, 7, 10).

მართალი ისუ

წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი

წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი – ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი _ 309 წელს) მახვილებით განგმირეს.

წმიდა კალისტა

წმიდა მოწამენი: ორმოცი ქალწულნი და ამონა დიაკონი

წმიდა მოწამენი: ორმოცი ქალწულნი და ამონა დიაკონი, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს, IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ მოწამეობრივად მაკედონიის ქალაქ ადრიანოპოლში. მმართველმა ბაბდუსმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალთან გაგზავნა ჰერაკლიაში. ქრისტეს ტარიგებმა აქაც ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით წმიდა ამონასა და მასთან ერთად რვა ქალწულს თავები მოჰკვეთეს, ათი დაწვეს, დანარჩენები კი მახვილებით განგმირეს.

ორმოცი ქალწულნი და ამონა დიაკონი

სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს. იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) მეფობაში, ხატთაყვანისმცემელთა დევნისას, მიასინეს სავანის (სომხეთში, ქ. მელიტინის მახლობლად) კუთვნილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთისმბრძოლებმა აზურის ტბაში ჩააგდეს. ასზე მეტი წლის შემდეგ, როცა კვლავ იზეიმა მართლმადიდებლობამ, ხატი სრულიად დაუზიანებლად ამოტივტივდა ტბის ზედაპირზე. ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს 864 წლის 1 სექტემბერს მომხდარ ამ სასწაულს.

სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი